ქეთევან ენუქიძე: ამ კადრებმა, ვფიქრობ, შოკი გამოიწვია არა ეროტიზმის, არამედ ეროტიზმის აბსოლუტური არარსებობის გამო

“ნაწნავით შესუდრულ მედეაზედ (აზრს ვინარჩუნებ, რომ მშვენიერია) გამახსენდა ჩემი ძველი ონავრობა….
“რამხელა თვალები აქვს ამ ქალს!”
ამ ცნობილი გამოთქმის ავტორის ძიებას მივყავართ კრემლში…
Не имей сто рублей, а имей двух грудей – ფაინა რანევსკაიამ ეს სიტყვები გალინა სერგეევას გაცნობის შემდეგ თქვა.
ვინ იყო ეს გალინა სერგეევა, დარწმუნებული ვარ, არ იცით, მაგრამ 1934 წლის შემდეგ მთელმა საბჭოთა კავშირმა იცოდა, რადგან ეს ქალი ქეთო ყარაულაშვილივით კრისტალურად პატიოსან საბჭოელ ქალებს ღრმა, მე ვიტყოდი, უღრმესი დეკოლტეთი მოევლინა და ვისი შური, ვისი გაკილვა და… მოკლედ, ვისი შური და ვისი გაკილვა აღარ გამოიწვია.
დეკოლტე, მოგეხსენებათ, ისეთი ფაქიზი თემაა, რომელსაც სხვა ქალში მხოლოდ მწუხარებისა და უკიდურესი სევდის გამოწვევა შეუძლია…
თუკი საქმე რამის გამოწვევაზე მიდგება.
ეს იყო უკანასკნელი უხმო ფილმი მოპასანის მიხედვით – “ფუნთუშა”, რომელიც მიხეილ რომმა გადაიღო.
გალინა სერგეევა კი იყო ფუნთუშა – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
მე ვიტყოდი, მთელი ორი ფუნთუშაც.
ამ დროში ხელისუფლება ისე ექცეოდა მოქალაქეებს, როგორც ჩვეულებრივ ლოთებს – ხან არყის ფულს აძლევდა და “იგულავეთო” (ამ სიტყვას ქართული შესატყვისი არ აქვს), ხან კი, უკვე “ნაგულავებს” და გამობრუჟუნებულს, აშიმშილებდა და მონაზვნური მოკრძალებისკენ მოუწოდებდა.
სად იძინებდნენ და სად იღვიძებდნენ, არც იდეის დონეზე ესმოდათ და არც ბუკვალური მნიშვნელობით.
პრინციპში, არც იყო საჭირო.
სული ედგათ, რაც მთავარია.
არადა, ნეპის დროს როგორი დეკოლტე აღარ იყო… დეკოლტე ოცნება!
დეკოლტე სიზმარი!
დეკოლტე – რაგინდარომსულოდაგულო!
და მარტო დეკოლტე?
1930 წელს ლეგენდარულმა რეჟისორმა დოვჟენკომ გადაიღო ფილმი “მიწა”, რომელშიც აბსოლუტურად შიშველი კალხოზნიცა აჩვენა მთელ სსრკ-ს.
საბრალოს საყვარელი ადამიანი გარდაეცვალა (ნიტო კოლჩაკთან, ნიტო დენიკინთან ბრძოლაში), ამან კი შემოიხია ტანსაცმელი და სრულ არასაბჭოურ აგონიაში დახტოდა საწოლიდან იატაკზე, საწოლიდან იატაკზე და ა. შ.
ამბობენ, რომ ეს ფილმი იყო უკანასკნელი ლურსმანი, დაჭედებული ნეპის კუბოზე.
შეხედეს რა, გაუჩნდათ კითხვა: რაში სჭირდებათ ადამიანებს შიშველი სხეულის ყურება, მით უმეტეს, აგონიაში მყოფი დედაკაცისა, თუკი მათი ერთადერთი მოწოდება კომუნიზმის მშენებლობაა?
ამ კადრებმა, ვფიქრობ, შოკი გამოიწვია არა ეროტიზმის, არამედ ეროტიზმის აბსოლუტური არარსებობის გამო.
ეროტიზმი საბჭოეთში ისედაც არ შეიძლებოდა.
შიშველი სხეული კი, ეროტიზმის გარეშე, მხოლოდ შიშს იწვევდა.
ხოდა, ამ შეშინებულებმა გადაწყვიტეს, რომ ქალს უნდა ჩაეცვა სამი ზომით დიდი კაბა, სხეულის არც ერთი ნაწილი რომ არ გამოეკვეთა და ბოლო ღილი ქვედა ტუჩთან უნდა შეეკრა.
როგორ გამოძვრა ამ სიტუაციისდან მიხეილ რომი, რთული სათქმელია, მაგრამ ზოგმა პოლიტიკით ახსნა ფუნთუშას დეკოლტეს მიმართ მიმტევებლური დამოკიდებულება.
1934 წელს გერმანიის საფრთხე იდგა სსრკ-ს წინაშე.
“ფუნთუშაში” სწორედ ეს თემა მოეწონათ.
მოლ, აი, როსკიპებიც კი იბრძვიან მტრის წინააღმდეგო!
ვინმე ახირებული იკითხავს – ეგ რა გამოვიდა, პოლიტიკისთვის შეიძლება დეკოლტე და სილამაზისთვის არაო?
რომი გიპასუხებდათ – დიახ, ბატონო. დეკოლტე, მეტწილად სწორედ პოლიტიკის თემააო.
თუმცა, არ ვიცით, პოლიტიკა როგორ უშველიდა რომს, აბელ ენუქიძე რომ არა!
ცხონებულ ბაბუაჩემს ერთი დუჟინა განცხადება დააწერინეს – კარგად მიუთითე, რომ ეს ეშმაკის ფეხი აბელ ენუქიძე და მამაშენი აბელ ენუქიძე ერთი და იგივე ტიპები არ არიანო… გააწვალეს, საწყალი…
მოკლედ, ის აბელ ენუქიძე, რომელიც ჩემი წინაპარი არ იყო, იმდენად მოიხიბლა სერგეევას “მომკალით”, რომ 20 წლის “ფუნთუშას” მაშინვე სახალხო არტისტის წოდება უბოძა.
ხელოვნების მოღვაწეები აღშფოთდნენ – ეს რა უბედურებააო?
რატომ მიეცი ამ ქალს ასეთი მნიშვნელოვანი წოდება, რა დამსახურებისთვისო?
თვალების გამოო… ვერ ხედავთ, რამხელა თვალები აქვსო?
აი, ასე დამკვიდრდა ეს საოცარი ფრაზა…
ენუქიძის ონავრობას პოლიტბიურო დუმილით შეხვდა, რადგან ყველას ჰყავდა თავისი სერგეევა, ზოგს დიდი, ზოგს ძალიან დიდი, ზოგს კი სრულიად პატარა თვალებით.
გაგებით ერთმანეთზე მოკიდებულნი, მშვენივრად ერთობოდნენ თავისუფალ დროს, ხოლო სამუშაო საათებში კიდევ უფრო მშვენივრად უნაწილებდნენ ჯილდოებს თავიანთ ფავორიტებს.
მაგრამ დეკოლტე მაინც აკრძალული იყო.
მეტიც, საბჭოთა ქალის ბიუსტი შეფუთული და, შეიძლება ითქვას, შესუდრული იყო.
დიდბიუსტიანი ქალები ერთგვარ შიშსაც კი იწვევდნენ გამოკომუნისტებულ მამაკაცებში.
დროთა განმავლობაში კი ქალები “ა ლა მორძიუკოვა” ხელისუფლების და ძალის სიმბოლოებად იქცნენ.
ქალი ბიუსტის გარეშე რაღაც არასერიოზული რამ იყო. დაახლოებით ისეთი, როგორიც ნიანგი კბილების გარეშე!
მაგალითად, ვერა ვასილიევას პირიევმა უყურა, უყურა და თანაშემწეს დაუყვირა, ერთი, წინდები მოიტანეთ და ჩაუტენეთ ამას ლიფში, რაღაც მაინც რომ დაეტყოსო…
ნუ, აი, არ გამოდიოდა წინდის გარეშე!
რიხი აკლდა თითქოს!
ასე იყო დადგენილი: თუ კომუნისტი ჩინოვნიცა წინ მიდიოდა მაღლა აწეული თავით და გაშვერილი პერშინგივით მკერდით, ეს არა ცდუნების, არამედ შეშინების ელემენტი იყო, თანდართული მასობრივი ძრწოლით.
კაცს ეგონებოდა, სადაცაა, მაგიდაზე მუშტს დაარტყამს და დაიყვირებს – ამხანაგო ივანოვ, რატომ არ მუშაობს სამხერხაო საამქრო?
დიახ, ყველა ეპოქას აქვს თავისი სიმბოლო, რომელიც ეტაპობრივად იცვლება, იხვეწება, მაგრამ მაინც: თუ ქალს დიდი თვალები აქვს, ეს ყველა ეპოქას ათანაბრებს…”  – წერს სოციალურ ქსელში “შეაჩერე კორუფცია” -ს  დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე.