უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, დაკავებულია უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატი

უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SBU) ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავა უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატი, ქვეყანაში აკრძალული „რეგიონების პარტიის“ ყოფილი წევრი ვლადისლავ ლუკიანოვი. უწყებას თავის ცნობაში ვინაობის დაუსახელებლად აქვს ნათქვამი, რომ დააკავა პარტიის ყოფილი წევრი.
როგორც იტყობინებიან, დაკავება ოდესის ოლქში მოხდა სასაზღვრო პუნქტის მახლობლად. ცნობის თანახმად, 60 წლის ლუკიანოვი უცხოეთში გასვლას ცდილობდა როგორც პირი, რომელიც არ ექვემდებარება ჯარში გაწვევას. ის ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის მუხლით, რომელიც გულისხმობს უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიის გამართლებას, მართლზომიერად მიჩნევას ან უარყოფას.
უკრაინის უშიშროების სამსახურის თანახმად, „რეგიონების პარტიის“ ყოფილი წევრი, რომელიც 2020 წელს იქნა არჩეული ბახმუტის ქალაქის საბჭოს დეპუტატად, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მხარესთან თანამშრომლობაზე წავიდა.
ამტკიცებენ, რომ დაკავებულმა თავის კომპანიას, ინტერნეტის პროვაიდერს, რეგისტრაცია შეუცვალა რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით. „გარდა ამისა, მან ფსბ-ს სრული წვდომა მისცა არსებულ მოწყობილობებზე, რამაც რუსეთის სპეცსამსახურებს საშუალება მისცა, ეკონტროლებინა ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურობა ინტერნეტში“, – ნათქვამია უწყების ცნობაში. SBU აცხადებს, რომ ყოფილი დეპუტატი რეგულარულად რიცხავდა ფულს რუსეთის ბიუჯეტში და რუსეთის მოქმედებებს ამართლებდა ტელეგრამის არხების ჩატებში.
როგორც იტყობინებიან, ჩხრეკისას მას ჩამოართვეს ტელეფონი და ჩანაწერები, რომლებშიც თითქოს იპოვეს მისი მოქმედებების მტკიცებულებები.

ასევე დაგაინტერესებთ