სალომე სამადაშვილი – „ქართული ოცნება“ ახლავე იწყებს ორგანიზებულ თავდასხმას დასავლურ ორგანიზაციებზე, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან – მათ ძალიან ეშინიათ

რა თქმა უნდა, მე არ მაქვს პრობლემა, რომ ჩვენი დოკუმენტები შეამოწმონ, თუმცა თვითონ კორუფცია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ნიშნავს და ოპოზიციას ძალაუფლება არ აქვს, ამიტომ მგონია, ოპოზიციის კორუფციაზე საუბარი აბსურდული , – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
ამით დეპუტატი გამოეხმაურა ანტიკორუფციული სამსახურის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მათ ოპოზიციონერი დეპუტატების დეკლარაციების შემოწმება უნდა დაიწყონ.
როგორც სალომე სამადაშვილმა გადაცემაში აღნიშნა, რუსეთსა და სხვა ავტოკრატიულ ქვეყნებში მსგავსი მეთოდები ოპონენტების შესავიწროებლად ხშირად გამოიყენება.
„აღმოჩნდა, რომ თურმე ჩემს დეკლარაციებსაც ამოწმებენ. კიდევ კარგი დროზე გავიგე, მივლინებაში ვიყავი და სწრაფად მომიწია საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. რა თქმა უნდა, მე არ მაქვს პრობლემა, რომ ჩვენი დოკუმენტები შეამოწმონ, თუმცა თვითონ კორუფცია რას ნიშნავს? კორუფცია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ნიშნავს და ოპოზიციას ძალაუფლება არ აქვს, ამიტომ მგონია, ოპოზიციის კორუფციაზე საუბარი აბსურდული. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთსა და სხვა ავტოკრატიულ ქვეყნებში მსგავსი მეთოდები ოპონენტების შესავიწროებლად ხშირად გამოიყენება. „ქართული ოცნება“ ყოველდღე რაღაც ახალს აკეთებს ისეთს, რაც გვარწმუნებს, რომ მათ მოახლოებული არჩევნების ძალიან ეშინიათ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, ის იზიარებს მოსაზრებას, რომ „უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება“, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავს შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამაც“ უნდა შეწყვიტოს საქმიანობა, რადგან მათი პოლიტიკა „რუსულ ფულზე გადის“.
როგორც „ლელოს“ დეპუტატმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ეშინია იმ დასავლური ორგანიზაციების, რომლებიც 2024 წლის არჩევნებს უნდა დააკვირდნენ.
„მე, პირველ რიგში, ვიზიარებ მოსაზრებას, რომ უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ლიკვიდაციას უნდა აცხადებდეს, რადგან მათი მთელი პოლიტიკა რუსულ ფულზე გადის. რაც შეეხება დასავლურ ფონდებს აქ მათ სხვა ნარატივი აქვთ. ცდილობდნენ „აგენტების შესახებ კანონის“ შემოტანას რისი უფლებაც ხალხმა ამათ არ მისცა და ახლა კანონის გარეშე ცდილობენ იგივე გააკეთონ. მათ ძალიან ეშინიათ სწორედ იმ ორგანიზაციების, რომლებიც საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან. „ქართული ოცნება“ ახლავე იწყებს ორგანიზებულ თავდასხმას დასავლურ ორგანიზაციებზე, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან. ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც იმ დათქმით მივიღეთ, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შემდეგ დაიწყება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ