“სად ხართ? ხალხს იქ სჭირდებით! შეგიძლიათ გომელაურს დაურეკოთ!” – რას პასუხობს გრიგოლიას კითხვებს ლევან იოსელიანი

ტვ პირველის ეთერში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს, სატელეფონო ჩართვით, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პასუხობს.
ინგა გრიგოლია:
–სად ხართ ბატონო ლევან, გვეგონა, რომელიმე კორესპოდენტი აქციაზე გიპოვიდათ, ცოტა ხნის წინ, პირდაპირ ეთერში, გირეკავდათ და ვერ გიკავშირდებოდათ, სად ხართ?
ლევან იოსელიანი:
–ვარ იქ, საიდანაც ყველაზე ეფექტურად შევძლებ უფლებამოსილების განხორციელებას, აპარატთან ერთად ვაკვირდები მოვლენებს, ვიღებთ ინფორმაციას, ვაფასებთ, რომ მივცეთ ყველაფერს სწორი რეაგირება.
ინგა გრიგოლია:
–შორიდან აკვირდებით მოვლენებს, ახლა ხალხს იქ სჭირდება სახალხო დამცველის დანახვა, დამიჯერეთ ლევან, გულწრფელად გეუბნებით, ალბათ, ყველაზე მეტად, ერთ–ერთი თქვენ ხართ იმათგან, ვისი იქ დგომაც ახლა ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, ადამიანებს კანონი არ დაურღვევიათ, არბევენ და რობოკოპებით უპირისპირდებიან
ლევან იოსელიანი:
–სწორედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი შევაფასოთ ადეკვატურად, მნიშვნელოვანია სრული ინფორმაცია გვქონდეს. იქ არიან ჩვენი აპარატების თანამშრომლები, თუ საჭიროა, მეც მივალ, ამჯერად, ვარ იქ, სადაც ყველაზე ეფექტურად ვახერხებ შევაფასო მოვლენები. რაც შეეხება მთავარ ამბავს, დავინახეთ მედიასაშუალებების მიმართ ხელშეშლის ფაქტი – არ ქონდათ საშუალება გაშუქების ისე, როგორც მიაჩნდათ საჭიროდ. მოვუწოდებ ყველას, მედიას მისცენ საშუალება მუშაობის
ინგა გრიგოლია:
–მადლობა მედიის მხარდაჭერისთვის – რა მინდა შეგახსენოთ, ოპოზიციის ლიდერი, ირაკლი კუპრაძე დაკავებულია, მან დაწერა დამიჭირეს, მცემეს, სხვა ადამიანებიც არიან დაჭერილები, თქვენ მაინც თუ ფლობთ ინფორმაციას რამდენი ადამიანია დაკავებული და რა ხდება, როცა ოპოზიციის ლიდერი წერს, რომ დაიჭირეს, ცემეს – რა რეაქცია უნდა გქონდეთ ამ დროს?
ლევან იოსელიანი:
–ჩვენ უკვე რამდენიმე საათია დავიწყეთ ამ ადამიანებთან კონტაქტზე გასვლა და ვცდილობთ დადგენას, სად არიან, რომ დავიწყოთ რეაგირება. ირაკლი კუპრაძის სანახავადაც არიან წასულები აპარატის თანამშრომლები. ყველაფერზე გვექნება რეაგირება, მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ჯერჯერობით არ გვაქს ინფორმაცია, რამდენი ადამიანია დაკავებული. როგორც კი გვექნება ინფორმაცია, გავუზიარებთ საზოგადოებას. მთელი ჩვენი აპარატი ამ წუთშიც ამ საქმითაა დაკავებული
ინგა გრიგოლია:
–შს მინისტრს ხომ არ ეკონტაქტეთ? შეგიძლიათ პირადად ეკონტაქტოთ, პოლიცია, სპეცრაზმი, მთელი ძალოვანი სტრუქტურები იქ ჰყავს გამოყვანილი. ჩვენი შვილები დგანან იქ, ახალგაზრდები, რომელსაც ყოველგვარი კანონის დარღვევის გარეშე უპირისპირდებიან. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში დაეკონტაქტებით ვახტანგ გომელაურს და გვექნება საშუალება თქვენგან მაინც შევიტყოთ რატომ აკავებენ ამ ადამიანებს, სად ჰყავთ გადაყვანილი.

ასევე დაგაინტერესებთ