რა წერია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციების პროექტებში

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ოთხი რეზოლუციაა დარეგისტრირებული. ოთხივე მათგანის ძირითადი თემა “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მიღების მეორე მცდელობა და მისი თანმდევი პროცესებია.
რეზოლუციებს კენჭს 25 აპრილს უყრიან. სავარაუდოა, რომ კენჭისყრამდე ევროპარლამენტარები რეზოლუციის ტექსტებს ერთმანეთთან შეათანხმებენ და კენჭისყრაზე ერთ, შემაჯამებელ ვერსიას გაიტანენ.
რეზოლუციის პროექტი #1
ამ პროექტის ავტორები ევროპის სახალხო პარტიის წევრი დეპუტატები არიან. ის მთლიანად ეხება რუსულ კანონს და იმ საფრთხეებს, რაც საქართველოში ამ კანონის მიღების შემთხვევაში გაჩნდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში. აქვეა ხაზგასმული, რომ ის საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებელი ხმების დისკრედიტაციისა და შეზღუდვის მძლავრ ინსტრუმენტს მისცემს. ასევე, საფრთხეს უქმნის პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას და შეამცირებს საზოგადოებრივი ცხოვრების რეალურ გამჭვირვალობას.
რეზოლუციის ეს პროექტი ითვალისწინებს ევროკომისიის 9 ნაბიჯის შესრულების ანგარიშის წარდგენას არა მიმდინარე წლის ბოლოს, როგორც ეს აქამდე იყო დაგეგმილი, არამედ ოქტომბრის დასაწყისში, საპარლამენტო არჩევნებამდე. შეგახსენებთ, რომ 9 ნაბიჯი ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან ერთად, 2023 წლის დეკემბერში განუსაზღვრა. სწორედ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები საქართველოსთვის.
გარდა ამისა, რეზოლუცია გულისხმობს სანქციების დაწესებას რუსული კანონის მხარდამჭერი 83-ვე დეპუტატისა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, სთვის. გარდა ამისა, რეზოლუცია მოუწოდებს კომისიას, საქართველოსთვის ყველა ფინანსური დახმარების წინაპირობად ამ კანონის გაუქმება აქციოს.
აღნიშნული რეზოლუციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით შემდეგ ბმულზე – სანქციები ივანიშვილს, 83 დეპუტატს და სხვა | ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი
რეზოლუციის პროექტი #2
“არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის ლეგიტიმური მიზანი ვერ ამართლებს ისეთ ზომებს, რომლებიც მათი საქმიანობის შეზღუდვას გულისხმობს. განსაკუთრებით, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში”, – ვკითხულობთ რეზოლუციის ტექსტში, რომლის ავტორები არიან დეპუტატები სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან: პედრო მარკესი, ტონინო პიკულა, სვენ მიქსერი და რაფაელ გლუკსმენი.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, შეასრულოს პირობა, რომელიც ხალხს 2023 წლის მარტში მისცა – არ მიიღოს რუსული კანონი. ასევე, არ მიიღოს სხვა ისეთი კანონებიც, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.
დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების” მიერ დაინიციირებული კანონპროექტი “ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”.
რეზოლუცია შეეხო რუსული კანონის საწინააღმდეგო უწყვეტ საპროტესტო აქციებსაც. ავტორები შეშფოთებას გამოთქვამენ მშვიდობიანი დემონსტრაციებისას სპეცრაზმის მიერ მოქალაქეთა მიმართ გამოყენებულ ძალისმიერ მეთოდების გამო. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ამ უფლებების დარღვევა განსაკუთრებით მიუღებელია ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში.
რეზოლუციაში წერია, რომ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ დაინიციირებული კანონპროექტი შთაგონებულია მსგავსი ტიპის რუსული კანონით.
რეზოლუციის ამ ვერსიის მიხედვით, საქართველოს უნდა წარედგინოს ევროკომისიის დადგენილი 8 პუნქტის შესრულების შუალედური ანგარიში.
რეზოლუციის პროექტი #3
საქართველოში, მმართველი პარტიის მიერ დაინიციირებული კანონპროექტი “შთაგონებულია ს უცხოელი აგენტების კანონით, რომელიც 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და დისიდენტების წინააღმდეგ”, – ვკითხულობთ ევროპარლამენტის კიდევ ერთ რეზოლუციაში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2023 წლის მარტში ფართომასშტაბიანი აქციების გამო “ქართულმა ოცნებამ” უკან დაიხია. 2024 წლის აპრილში მიმდინარე აქციების შესახებ კი წერია, რომ “ქართულმა სპეცრაზმმა ძალას გადააჭარბა – გამოიყენა წიწაკის სპრეი, სცემა და დააკავა მომიტინგეები”.
რეზოლუციის ამ პროექტის ავტორების შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ” ბოლო წლებში აიღო მზარდად არალიბერალური და ანტიდასავლური მიმართულება; რომ საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერები ავრცელებენ დეზინფორმაციას ევროკავშირის, მისი ღირებულებებისა და პოლიტიკის შესახებ;
რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს, რომ ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს ევროკომისიის მიერ დათქმული 8 პირობა, რუსული კანონი კი “აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების პროცესს”.
დოკუმენტში გაკრიტიკებულია “ქართული ოცნების” მხრიდან არა მხოლოდ რუსული, არამედ ჰომოფობიური კანონის მიღების მცდელობა და გენდერული კვოტების გაუქმება.
რეზოლუციის ავტორები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ გაათავისუფლოს ქვეყნის ექსპრეზიდენტი, და უზრუნველყოს მისი გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
რეზოლუციის ამ პროექტით, იქამდე სანამ საქართველოში არ გაუქმდება არალიბერალური კანონები, უნდა შეჩერდეს სამთავრობო პროექტებს დაფინანსება დასავლეთიდან და ყველა მომავალი ფინანსური რესურსი საქართველოში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებაზე გადანაწილდეს.
ეს დოკუმენტი, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, ითვალისწინებს ვიზალიბერალიზაციის გადახედვასაც. გარდა ამისა, ეს პროექტი ევროპის ქვეყნებში გადაადგილებას აუკრძალავს იმ ადამიანებს, ვინც ღია პროპაგანდას ეწევა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.
რეზოლუცია მოუწოდებს ევროკომისიას დროულად გამოაქვეყნოს 8 დათქმის შესრულების შუალედური ანგარიში.
დოკუმენტს, ამ დროისთვის, 14 ევროპარლამენტარი აწერს ხელს.
რეზოლუციის პროექტი #4
“[რუსული კანონის მიღება] გამოიწვევს საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობას, რომელიც არის საქართველოს დემოკრატიის ბირთვი და რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში”, – ვკითხულობთ ამ დოკუმენტში.
ავტორების ამბობენ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობა და ხაზს უსვამენ, რომ “ეს ორგანიზაციები იცავენ არა “უცხო ძალის ინტერესებს”, არამედ ყოველდღიურად ცდილობენ დაიცვან საქართველოს მოქალაქეების უფლებები”.
რეზოლუციის ტექსტში წერია, რომ საქართველოს მოქალაქეები იმედგაცრუებულები არიან, რაც გამოიხატება ბოლო პერიოდში გამართულ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებში. ამ აქციებზე სპეცრაზმის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება რეზოლუციის ამ ვერსიაშიც დაგმობილია. აქვე, დოკუმენტის ავტორების თქმით, არსებობს ცნობები, რომ ხელისუფლება ემუქრება იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც რუსულ კანონს საჯაროდ გააკრიტიკებენ.
ავტორების თქმით, რუსული სტილის კანონის მიღება არა მხოლოდ საქართველოს გამოწვევაა, არამედ გავრცელებული ტენდენციაა მთელ რეგიონში.
რუსულთან ერთად, ჰომოფობიური კანონის მიღების მცდელობას აკრიტიკებს რეზოლუციის ეს პროექტიც.
ავტორებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს ევროკომისიის 8 პუნქტის შესრულების ანგარიშის მზადება და ის გამოქვეყნდეს არაუგვიანეს ოქტომბრის დასაწყისისა.
რეზოლუციის ამ პროექტის ავტორები არიან ევროპარლამენტარები მწვანეთა პარტიიდან – მარკეტა გრეგოროვა, ვიოლა ვინ კრამონი, ჟორდი სოლე და ბრონის როპე.
23 აპრილს ევროპარლამენტში გაიმართა დებატები საქართველოს შესახებ. სესიის სახელწოდება იყო “საქართველოში უცხოელი გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღების ხელახალი მცდელობა და მისი გავლენა სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე”.
დებატებისას არაერთმა ევროპარლამენტარმა მკაცრად გააკრიტიკა “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მიღების მცდელობა. ბევრმა მათგანმა მოითხოვა სანქციების დაწესება არა მხოლოდ კანონის მხარდამჭერი დეპუტატებისა და მმართველი პარტიის “საპატიო თავმჯდომარის” ბიძინა ივანიშვილის მიმართ, არამედ იმ ცალკეული მაღალჩინოსნების მიმართაც, ვინც, მათი შეფასებით, “ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში”.

ასევე დაგაინტერესებთ