პაატა დავითაია – როდესაც დღის წესრიგში დგას დიალოგის გახსნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას კატასტროფული შედეგი ექნება

მმართველი პარტია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა ინიცირებით ძალიან სახიფათო გზას დაადგა. ეს არის გამოწვევა ჩვენი საზოგადოების, რომელმაც ერთი წლის წინ მკვეთრი ნეგატიური რეაქცია გამოხატა – როდესაც დღის წესრიგში დგას დიალოგის გახსნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამ კანონის მიღებას კატასტროფული შედეგი ქვეყნისთვის ექნება, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიერ კანონის თავიდან ინიცირება, არის უგულებელყოფა იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას.
„ერთი წლის წინ ამ კანონთან დაკავშირებით ჩვენი მოქალაქეების ქუჩაში გამოსვლა, საპროტესტო აქციები და ხალხის მიერ სახელმწიფო ინტერესების დაცვა, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი გახდა, რომ ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღეთ. ყველას მინდა შევახსენო ქალბატონის კადრი ევროკავშირის დროშით, რამაც მთელ ევროპას დაანახა, სად დგას ქართველი ხალხი, რომ მისი არჩევანია ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნება.
მმართველი გუნდის მიერ კანონის თავიდან ინიცირება, არის უგულებელყოფა იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ დღისწესრიგშია დიალოგის გახსნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ამ კანონის მიღებას კატასტროფული შედეგი ქვეყნისთვის ექნება. სასამართლოში არსებული პრობლემები და კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ხელს შეუშლის დიალოგის გახსნას, რასაც მოჰყვება მკვეთრი რეაქცია ჩვენი პარტნიორების და ევროკავშირისგან და განცხადებები, რომ ქართული სახელმწიფო არ არის მზად, მასთან დიალოგი გაიხსნას, რითაც ჩვენი ქვეყანა დაზარალდება.
მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ ეს პროცესი შეაჩეროს, რომელიც დიდი ხნით უკან ჩვენს ქვეყანას დაწევს. ოპოზიციას მოვუწოდებ, ერთიანი ამ თემასთან დაკავშირებით იყოს და სახელმწიფო ინტერესის დაცვაში, რაც არის კონსტიტუციის ჩანაწერი – საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისა და ნატო-სკენ“, – აცხადებს პაატა დავითაია.

ასევე დაგაინტერესებთ