გმირთა მოედანზე დაკავებული სამი დემონსტრანტი გაათავისუფლეს

ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 2 მაისს, საღამოს, გმირთა მოედანზე, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული სამი დემონსტრანტი – ირაკლი მილაძე, გივი თუთარიშვილი და გიორგი შუკაკიძე – გაათავისუფლეს.
ტყეშელაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები გმირთა მოედანზე დააკავეს მაშინ, როდესაც „კონსტიტუციის ფარგლებში გამოხატავდნენ თავის სურვილებს, რომ გადაკეტილიყო ტრანსპორტის მოძრაობა. აქ მთავარი ის არის, რომ ადამიანთა რაოდენობა იმდენად ბევრი იყო, რომ თავისთავად გადაიკეტა გზა და ეს ხელოვნური არ ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაინც დაიწყო დაკავებები“.
ადვოკატი დაკავებულთა მიმართ ძალადობაზეც გვიყვება. „ერთ-ერთ დაკავებულს, როდესაც შევხვდი, მან აღნიშნა, რომ გოგა მემანიშვილმა [საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე] პირადად დააკავა, იძალადა და აგინა. ეს ადამიანი ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობს თავს. ეს ყველაფერი არის სისხლის სამართლის დანაშაული – არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობა. ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩადის დანაშაულს მინდა ვუთხრა, რომ მათ დანაშაულს არც ერთი დღე აქვს ხანდაზმულობის ვადა და არც ორი დღე. ყველას მიაკითხავს სამართალი და კანონიერება“, – თქვა ადვოკატმა.
აქციის მონაწილეები სასამართლო პროცესის გამართვის გარეშე გაათავისუფლეს ზაჰესისა და დიღმის დროებითი დაკავების იზოლატორიდან. ლაშა ტყეშელაძე მიუთითებს დემონსტრანტების წინააღმდეგ ამოქმედებულ ახალ „სადამსჯელო მექანიზმზე“.
„[აქციის მონაწილეს] 48 საათის განმავლობაში ამყოფებენ იზოლატორში, მტკიცებულებებს არ მოიპოვებენ, დაკავების დროის (48 საათის) ამოწურვის შემდეგ, სასამართლოშიც კი არ გადაჰყავთ და იზოლატორიდან უშვებენ. ამ შემთხვევაშიც ასე იყო“, – გვითხრა ადვოკატმა.
რაც შეეხება შემთხვევებს, როდესაც სასამართლო პროცესები იმართება, ადვოკატი გვიყვება, რომ ბოლოს გაიმართა აქციაზე დაკავებულების, კახა ფირცხალავასა და კობა ავსაჯანიშვილის სასამართლო სხდომები. ტყეშელაძის თქმით, ისინი მოსამართლემ პოლიციელების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების საფუძველზე დააჯარიმა.
„პოლიციელები გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე, რომლებმაც ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს. სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს არ უნდა ემყარებოდეს. მოსამართლე გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს სხვადასხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, მაგალითად, ვიდეოჩანაწერით, რომელშიც რაიმე სახის ადმინისტრაციული დარღვევა არის დაფიქსირებული. ამ კონკრეტულ პროცესზე სხვა არცერთი მტკიცებულება არ არსებობდა საქმეში. რეალურად, დადგმული სპექტაკლიც კი ვერ ითამაშეს სწორად. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მაინც ცნო აქციის მონაწილეები სამართალდამრღვევად“, – აღნიშნა მან. კახა ფირცხალავა 2000 ლარით, ხოლო, კობა ავსაჯანიშვილი 2300-ით დააჯარიმეს.
ზოგადად, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ დემონსტრანტებზე საუბრისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ტყეშელაძემ, რომელიც დროებითი დაკავების იზოლატორში არაერთ დაკავებულს შეხვდა, გაიხსენა ძალადობის შემთხვევები.
„სულ რამდენიმე ადამიანი ვნახე იზოლატორში, რომლებმაც თქვეს, რომ მათზე ნაკლებად იძალადეს. დანარჩენ შემთხვევებში, სრულ უმრავლესობაზე იძალადა პოლიციამ. ეს ძალადობა უტოლდება წამებას. ძალადობა ხდება ორ ეტაპად: ერთი, „რობოკოპები“ „კორდონს ჩაატარებენ“, მეორე, ხუთ ადამიანს მაინც მოუყოლია ჩემთვის რომ უღებენ და ურტყამენ, აყენებენ შეურაცხყოფას. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შევიტანე საჩივარი და დღემდე რეაგირება არ მომხდარა. პროკურატურასთან ჩავატარე ბრიფინგი, განცხადებაც წარვადგინე და ამ მომენტისთვის რეაგირება არც იქიდან ყოფილა“, – განაცხადა ადვოკატმა.
როგორც რადიო თავისუფლებას -ს პრესცენტრში უთხრეს, 2 მაისის საღამოს და 3 მაისს გამთენიისას, პოლიციამ გმირთა მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 23 მოქალაქე დააკავა.
ბოლო სამი დღის განმავლობაში პოლიციამ აქციებზე ასამდე ადამიანი დააკავა:
· 30 აპრილიდან 1 მაისის ღამეს – 63;
· 1-დან 2 მაისის ღამეს – 5;
· 2-დან 2 მაისის ღამეს – 23.
3 მაისს, დაახლოებით ღამის 01:00 საათისთვის, ინციდენტი მოხდა გმირთა მოედანზე. თვითმხილველები და მათ შორის დაშავებული ორი მამაკაცი ჰყვებოდნენ, რომ მათ თავს დაესხნენ „პროვოკატორები“, რომლებიც ავტომობილებით შეცვივდნენ გმირთა მოედანზე, გადმოვიდნენ მანქანებიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბოლო წლებში გამოკვეთილი პრაქტიკის თანახმად, როგორც წესი, საპროტესტო დემონსტრაციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულების წინააღმდეგ სასამართლოში მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან, რომლებსაც არ აქვთ სამხრე კამერების ჩანაწერები.
საქმეების მასალებში ჩნდება ხოლმე სამართალდარღვევის ოქმი, დაკავების ოქმი და პოლიციელის ჩვენება – თუმცა არა სამხრე კამერების ჩანაწერები.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს პრაქტიკა პრობლემურია.
უფლებადამცველი ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ხშირად მიუთითებს, რომ „სამხრე კამერების ჩანაწერებს, როგორც ნეიტრალური მტკიცებულებებს, არსებითი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დასაცავად და სამართალდამცავთა თვითნებობის პრევენციისთვის“.
გარდა უფლებადამცველებისა, ამ პრობლემაზე საუბრობს სახელმწიფოც.
კერძოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოწვევად რჩება სრულყოფილი გამოძიების ჩატარება.
გამოძიების ჩატარებას კი სწორედ „ნეიტრალური მტკიცებულებების“, – კერძოდ, სამხრე კამერების ჩანაწერების – არარსებობა ართულებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური რეკომენდაციითაც გამოვიდა, რომ „საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მიერ უნდა გაიზარდოს სამხრე კამერების გამოყენების შემთხვევები, რათა მოქალაქის პრეტენზია/საჩივრებთან დაკავშირებით არსებობდეს ობიექტური ნეიტრალური მტკიცებულებები“.
ბოლო ასეთი შემთხვევა „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევრის, ბუკა პეტრიაშვილის დაკავება იყო 28 აპრილს.
პეტრიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „მოწმეები“ – ორი პატრულ-ინსპექტორი – მას შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდნენ. „მონებს და იდიოტებს გვეძახდაო“, – აღნიშნა მან.
თუმცა, როგორც ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, არცერთ მათგანს უშუალოდ დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია.
1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
კანონპროექტის მიღების პარალელურად, საქართველოს ურთიერთობა ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან იძაბება.

ასევე დაგაინტერესებთ