ნიკა გვარამია – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ვალია, რომელსაც აუცილებლად მოვიხდით – ევროკავშირში ვერ მოხვდები თუ რუსული რეგულაცია გაქვს

ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ვალია, რომელსაც ამ ქვეყნის და მისი მომავლის წინაშე აუცილებლად მოვიხდით – ამ კანონის მიმღები ხელისუფლება ამ ქვეყანას არ ეყოლება,- ამის შესახებ პარტია “ახალის” ლიდერმა და დამფუძნებელმა, მ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მთავარ საფრთხეს ქვეყნის ევროკავშირისგან სრულ დისტანცირებაში ხედავს.
„ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ვალია, რომელსაც ამ ქვეყნის და მისი მომავლის წინაშე აუცილებლად მოვიხდით. ეს კანონი ვერ იმუშავებს საქართველოში. მისი მიღება-არმიღება არ წყვეტს მხოლოდ იმას, რა მოხდება ამ ქვეყანაში. ამ კანონის მიმღები ხელისუფლება ამ ქვეყანას არ ეყოლება. როგორ გადაწყვეტს ხელისუფლება იმოქმედოს, ეს მისი საკითხია. ამ ქვეყნის არჩევანი ევროკავშირია. ძალიან კარგად გვითხრეს, რომ ეს კანონი და ევროკავშირი არათავსებადია. შესაბამისად, ჩვენ არჩევანს არ გავაკეთებთ რომელიმე ხელისუფლების სასარგებლოდ. არჩევანს გავაკეთებთ ჩვენი დასავლური ინტერესების სასარგებლოდ. ამ კანონში მთავარ საფრთხეს ვხედავ სრულ დისტანცირებას ევროკავშირისგან. ამას მკითხაობა არ სჭირდება, ეს აბსოლუტურად გასაგებად გვითხრეს. რაც შეეხება ევროპულ სტანდარტს, ტყუილია ის, რომ ევროპული სტანდარტიც ამგვარია, რომ იქ ხდება ამგვარი კანონების მიღება. ტყუილია! ასეთი კანონი იყო უნგრეთში და ის ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ გააუქმა და თქვა, რომ ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება. აქ არის წერტილი! ევროპული სტანდარტი არსებობს და მას ვერ დაარღვევს ვერც წევრი ქვეყანა და ვერც ასპირანტი ქვეყანა. ევროკავშირში ვერ მოხვდები თუ რუსული რეგულაცია გაქვს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ