„იყო ბოლო პერიოდში საუბარი, რომ ივანიშვილმა „ოცნებაში“ აკრძალა შიდა დემოკრატიაო…“ – რას უყვება „ალიას“ გედევან ფოფხაძე?

„იყო ბოლო პერიოდში საუბარი, რომ ივანიშვილმა „ოცნებაში“ აკრძალა შიდა დემოკრატიაო…“ – რას უყვება „ალიას“ გედევან ფოფხაძე?
ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, გედევან ფოფხაძე:
– ბიძინა ივანიშვილს, ღარიბაშვილისა და კობახიძის გადანაცვლებით, უნდა რომ ფორა მისცეს წინასაარჩევნოდ ოპოზიციას. სუსტია ოპოზიცია და არ უნდა შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვოს. ცდილობს, 80%–დან 70%–მდე ჩამოიყვანოს „ოცნება“…(იცინის) ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით და სერიოზულად კი, ცოტა ხანში „ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები იუმორისტული გადაცემების საგანი გახდება, პოლიტიკის ანალიზის საგანი აღარ იქნება, რადგან რეალურად ძალიან არასერიოზული და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია ყველაფერი, რაც იქით ხდება. ყველაფერი დახურდავდა იმაზე, რაზედაც ადრეც ვლაპარაკობდით – ივანიშვილის გარდა, „ოცნებაში“ არ არსებობს არავინ, არაფერს არ წარმოადგენს არავინ, ყველა არის ჭანჭიკი, მეორეხარისხოვანი ფიგურა, პაიკი და ვისაც საით უნდა, იქით მოისვრის, გადაადგილ–გადგმოადგილებს ტიპაჟებს. მართლა მარიონეტები არიან, რომლებიც არც არაფერს წარმოადგენენ, აზრის გამოთქმის უფლებაც არ აქვთ. ჩვენ არ გვყავს არც პრემიერი, არც სხვა მინისტრები, არც მერები, არც მოსამართლეები… არავინ, რადგან ყველა არაფერია, გვყავს მარტო ივანიშვილი. ამიტომ, ეს კაცი როგორც მოინდომებს, ისე დაილაგებს სათავისოდ სიტიაციას. არსებობს წინასაარჩევნო მოცემულობა. ამ მოცემულობაში მას მოგება კი უნდა, მაგრამ წაგებითაც არ უნდა, თავი დაიზარალოს. თუ არჩევნებს წააგებს, ამის გამო პასუხი რომ არ მოსთხოვონ, უკვე მაგაზეც ფიქრობს. მას სჭირდება ისეთი მოქნილი მოცემულობა, რომელიც იმუშავებს გამარჯვებაზე, მაგრამ თუ დამარცხდა, უნდა, რომ წავიდეს წყნარად პოლიტიკიდან, ისე,რომ მისი წრიდან არავინ დაიწყოს შეძახილები, რომ რას ჰქვია, რატომ უნდა დავთმოთ ხელისუფლებაო. აბსოლუტურად წყარად და მშვიდად უნდა გადააგოროს ეს არჩევნები, მისთვის მინიმალური ზიანის ფასად.
– ეს გასაგებია, მაგრამ რომ ყოფილიყო პრემიერი, ამას ვერ მოახერხებდა?
– ღარიბაშვილის პირობებშიც უპრობლემოდ მოახერხებდა, მაგრამ კიდევ ისეთი გზავნილია დასავლეთისთვის, რომ აი, მზად არის ყველაფრისთვის, მათ შორის, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და იმ შემთხვევაში, თუ წააგებს, უპრობლემოდ წავა. ღარიბაშვილი მაინც ისეთ მოვლენებთან იყო დაკავშირებული, რომ დასავლეთთან ურთიერთობა ძალიან დაძაბა. კობახიძე არც არავის იდეოლოგიას არ წარმოადგენს, ლიბერალებშიც მარტივად შეიძლება ჩაჯდეს. შეუძლია, დილით ანარქისტი იყოს, საღამოს მონარქისტი. არაფერი პრობლემა არ აქვს კობახიძეს მაგ კუთხით. ღარიბაშვილი უფრო ხისტი იყო, მოუქნელი, უფრო სწორად. ამით ივანიშვილს დიდად ხელს ვერ შეუშლიდა, მაგრამ კობახიძე უფრო მოქნილია, სუფთა პლასტელინი. ღარიბაშვილი, როგორც თიხა, შეიძლებოდა დამტვრეულიყო ამ ლავირების პროცესში, კობახიძე კი გაცილებით მარტივად შეძლებს ნებისმიერი სახის მანევრირებას.
– „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ამ სახელგატეხილი, გასვრილი კორუმპირებული და სხვა არაერთ დანაშაულში საფუძვლიანად ეჭვმიტანილი სამთავრობო გუნდით გავა? რამდენიმე კორუმპირებული მინისტრი მაინც შეეცვალათ ფასადურად, სუფთა ხალხი მიეყვანათ. გინდა პეტრე ყოფილა, გინდა პავლე, ეს არაფერს შესცვლიდა, მაგრამ ხალხს მაინც აჩვენებდნენ, რომ დანაშაულს უმაღლეს ეშელონებში კანონით არა, მაგრამ პოლიტიკურად ებრძვიან…
– რაში სჭირდება ეს ბიძინა ივანიშვილს? ხაზი გაუსვას იმას, რომ ვინმე მის გარეშე მოქმედებდა და არ იცოდა? გუნდში ღირებული პერსონები არიან, რომლებიც მისი ნებართვის გარეშე რაღაცას აკეთებდნენ? რეალურად, ასე ხომ არ არის. მხოლოდ პრემიერისა და ერთი მინისტრის შეცვლით, ხაზი გაუსვა კიდევ ერთხელ, რომ მის გარდა, ხელისუფლებაში არავინ არაფერს წარმოადგენს. დასავლეთსაც და ყველას უთხრა, რომ მხოლოდ ერთი სუბიექტი უნდა სცნონ– და ყველა სხვა მეორეხარისხოვანია. იყო ბოლო პერიოდში საუბარი, რომ ივანიშვილმა „ქართულ ოცნებაში“ აკრძალა შიდა დემოკრატია, განსხვავებული აზრი, ელემენტარულად, პიროვნებების ყოფნა პარტიაში. თუ „ქართულ ოცნებაში“ იყავი, თავზე ნაცარი უნდა დაგეყარა და ყოფილიყავი არარაობა. ეს ვინც უპირობოდ მიიღო, ის დარჩა „ოცნებაში“. რატომ უნდა შეცვალოს ვინმე და სხვა რატომ უნდა მოიყვანოს? მანქურთებად ადამიანების გადაქცევასაც ხომ თავისი დრო აქვს და რატომ უნდა დაახარჯოს ვიღაცას დრო და შექმნას ახალი მანქურთი, როდესაც გამზადებულები ჰყავს. არაფერის შეცვლას არც აპირებდა საარჩევნოდ და არც შეცვლის არჩევნებამდე დარჩენილ დროში. აპირებს, რომ ისევ დააფიქსიროს, რომ ერთ მხარეს არის ივანიშვილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციის სახით, რომ ოპოზიციაში სხვა არავინ არის, ისევ ძველი დრო დაბრუნდა, რომელიც 2012 წლის მერე, არც ერთ არჩევნებზე არ შეცვლილა. ისევ ამაზე, „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ დაპირისპირებაზე ააგებს საარჩევნო კამპანიას და წაგების შემთხვევაში შეეცდება გამოძვრეს ისე, რომ არ დაიზარალოს თავი.
– ვითომ დასავლეთი უფრო მიიღებს კობახიძეს? მასაც ბევრი ანტიდასავლური განცხადებები აქვს გაკეთებული, კონკრეტულ ევროპელ პოლიტიკოსებთან იყო კონფლიქტში.
– დასავლეთს აინტერესებს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. თუ „ოცნება“ ამ გზით არჩევნებს წააგებს, მაშინ ივანიშვილი გადარჩება სანქციებს. თუ ამას არ გააკეთებს და მაინც შეეცდება არჩევნების მოგებას გაყალბებითა და სხვა მანიპულაციებით, მაშინ მას ექნება სერიოზული პრობლემები. მე მაინც მგონია, რომ ივანიშვილისთვის ერთადერთი გამოსავალია არჩევნების წაგება და მშვიდობიანად წასვლა პოლიტიკური სივრციდან. უბრალოდ, სხვა გამოსავალი აღარ აქვს. მაგას თვითონაც კარგად ხვდება.
–ხელშეუხებელი დარჩება ივანიშვილის, მისი ოჯახის და ნათესავების ფული, ქონება, წავა მშვიდად პოლიტიკუდან და გვეყოლება კოალიციური მთავრობა. ასე ვარაუდობთ?
–კი, „ქართული ოცნება“ უმცირესობაში, ოპოზიციაში და პროდასავული კოალიციური მმართველობა.
–ოპოზიცია რამდენად მზად არის ამისთვის? რაიმე ხომ არ შეიცვალა ამ ბოლო ხანებში?
–არ ვიცი… ახლა ოპოზიციამ ეს რეალობა უნდა აღიქვას, გადახარშოს, უნდა მოემზადონ სიმისოდ, რომ ეს მოცემულობა იქნება. უნდა მოვრჩეთ იმაზე ლაპარაკს, ვინ ცუდია და ვინ კარგი. უბრალოდ, უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქვეყანა როგორ უნდა ვმართოთ. ოპოზიციამ საზოგადოებას უკვე უნდა შესთავაზოს პროფესიონალიზმი, კვალიფიკაცია, მზადყოფნა კონკრეტული პრობლემების გადასაწყვეტად. არ უნდა გააკეთო აქცენტი მარტო იმაზე, თუ რა ცუდია „ოცნება“ და ივანიშვილი. გასაგებია დიდი ხანია, ვიცით, რომ ორივე ცუდია. ვიცით, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები განულებულია, ერთი კაცი მართავს ქვეყანას. ეს ყველაფერი რომ დასრულდება, მერე რა იქნება? ამ კითხვას უნდა გასცეს ოპოზიციამ პასუხი, ამ რეჟიმზე უნდა გადავიდნენ. ოპოზიციის მხრიდან აღარ უნდა იყოს ლაპარაკი, რა ცუდია არსებული რეალობა. ხაზი უნდა გაესვას იმას, ვინ როგორ არის მზად, რომ ეს რეალობა შეცვალოს და ვის რა პროფესიული რესურსი აქვს ვითარების გამოსასწორებლად, მოკლე დროში, უკეთესისკენ შესაცვლელად.
– თქვენი მეგობარი შემოდის პოლიტიკაში. ცალსახად რაც განაცხადა, ის თქვა, რომ მე არ ვიქნები „ნაცმოძრაობის“ ალტერ–ეგო და არჩევნებისას, ვინც მხარს ისედაც დამიჭერს, მათ გარდა ვიმუშავენ იმ 30% ამომრჩევლის ხმების მოსაპოვებლად, რომლებიც არც ერთ არჩევნებზე არ დადიანო. როგორ ფიქრობთ, რა გამოუვა გვარამიას? აქვე ერთსაც გკითხავთ, როგორც მის მეგობარს – გნახავთ მის გვერდით, მის პარტიაში?
– არ არის გამოცხული, მაგის დიდი ალბათობა არსებობს. გამორიცხული ნამდვილად არ არის ჩემი და ნიკას ერთად ყოფნა, ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობიდან გამომდინარე. რაც შეეხება ნიკას როლს. მოძრაობის „თავისუფლება ნიკა გვარამიას“ ერთ–ერთი დამფუძნებელი ვიყავი და მაშინვე ვთქვი, საქართველოსთვის ამ რთულ პერიოდში ნიკა უნდა იყოს არა ციხეში, არამედ გარეთ.მისი რესურსი უნდა მოხმარდეს საჯარო პროცესს, სახელმწიფოს თუ პოლიტიკას. მისი კრიტიკული აზროვნება დღეს პოლიტიკაში საჭიროდ მომაჩნია. კონკრეტულად, რა როლს ითამაშებს, ძნელია მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ პოზიტირ როლს რომ ითამაშებს, მაგაზე თავს ვდებ და აქვს ამის პოტნციალი. მე ვერ ვიტყვი, რომ გადამწყვეტია ნიკას ფაქტორი ამ პროცესში. დღეს პოლიტიკაში ძალიან სუსტია ისეთი ანალიტიკის სეგმენტი, რომელიც იძლევა საშუალებას, ისეთ კითხვებს გაეცეს პასუხი, როგორ უნდა შევძლოთ წინ სიარული, ერთი ადგილი არ ვტკეპნოთ და რომ ერთმანეთთან კამათით და კინკლაობით არ უნდა იყოს პოლიტიკური სპექტრი დაკავებული, რაც სხვა, უმნიშვნელოვანესი საკითხების გადასაჭრელად დროს გაკარგვინებს. ნიკას საამისო რესურსი აქვს, მთავარ მოვლენებზე გააკეთოს აქცენტი და დრო ფუჭად არ დაკარგოს მეათეხარისხოვანზე. მისი ბოლო დროინდელი საჯარო განცხადებებიც ჩემთვის სრულად მისაღებია, მგონია, რომ ეს არის სწორი გზავნილები.

ასევე დაგაინტერესებთ