ირაკლი კაკაბაძე: ხაინდრავა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის სიბინძურის, მორალური დეგრადაციის, მაკიაველიზმის და უზნეობის სიმბოლოდ იქცა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ახლად ახერხებს იმას, რომ მომავალ თაობას შუა თითი გამოუყოს და უსირცხვილოდ დედა შეაგინოს

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე: 
საქართველოს მფრინავი ყვარყვარე
და პროპაგანდოზა
ჩვენ, დღეს საქართველოში ბევრი ზნეობრივი პრობლემა გვაქვს. ზოგადად, უფრო მატერიალისტები გავხდით და დაგვავიწყდა ეთიკა. ზოგადად, უამრავი ღატაკი გვყავს და ძალიან ცოტა მდიდარი ძარცვავს ქვეყანას. ზოგადად, მარტივად ვიტანთ უსამართლობას და თავისუფლება ბიოპოლიტიკის მონობაზე გადავცვალეთ. ზოგადად ჩვენ ეთიკური მაგალითები ცოტაღა დაგვრჩა, ისევე როგორც ვაჭარი ვილი ლომანის ოჯახს არტურ მილერის ‘კომივოიაჟერის სიკვდილიდან'. კიდევ უამრავი პრობლემა გვაქვს. პირდაპირ რომ ვთქვათ, არ გვილხინს.
მე პოლიტიკოსი არ ვარ და ბოლო 36 წელია არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი. ამიტომაც ახლა ვილაპარაკებ ჩვენს ზნეობრივ პრობლემაზე – იმ ერთ-ერთ მთავარ სიმსვინეზე, რომელიც ჩვენ გვჭირს, როგორც ერს.
ამ სიმსივნეს პირობითად ჰქვია გოგა ხაინდრავა. თუმცა, ცხადია ეს ერთი პრიოვნებით არ შემოიფარგლება. ყვრაყვარიზმი საქართველოში დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ხაინდრავიზმი ნამდვილად 21 საუკუნის პირმშოა. ეს არის ყველა არაეთიკურ ძალაუფლებასთან კომპრომისზე კი არა, პირდაპირ თანამშრომლობაზე წასვლა – და ეს არის საკუთარი მატერიალური კეთილდღეობის მიღწევის მიზნით ყველაფრის გაკეთება: ყველა ხელისუფალთან პირფერობიდან დაწყებული და საკუთარი ქვეყნის ლეგიტიმური და სახალხოდ არჩეული პრეზიდენტის მკვლელობით დამთავრებული. აი, ეს არის გოგა ხაინდრავა – ქართული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ფრთიანი გმირი.
ეს პირი ჯერ კიდევ საბჭოთა სისტემის ელიტის წევრი იყო – ძალიან კარგ ოჯახში აღზდილი, თუმცა მისი ოჯახის დანარჩენ წევრებთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლებად ღირებული. საბჭოთა კონფორმიზმის წლების შემდეგ ხაინდრავა იწყებს მეგობრობას გია ჭანტურიასთან და კამერით შემოდის ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. თუმცა, უკვე 1990 წელს ის აშკარად იჭერს კგბ-ს მიერ მართული ზვიად გამსახურდიას ‘ოპოზიციის' მხარეს და მყისვე იწყებს ანტი-ქართული პროპაგანდის გავრცელებას მთელს მსოფლიოში. ქართველებს აბრალებს ოსების მოკვლას მაშინ, როდესაც საქმე პირიქითაა, საქართველოს პრეზიდენტს ბრალს სდებს დიქტატურაში და საბოლოოდ აქტიურ მონაწილეობას იღებს სამხედრო ხუნტის მიერ ძალაუფლების მიტაცების საქმეში. ცხადია, ხაინდრავა არასდროს იტყვის თანამდებობაზე და გავლენაზე უარს – მაგრამ ზვიად გამსახურდიამ ის ახლოსაც არ მიუშვა. ამაზე გაბოროტებული ‘კგბ-ს ოპერატორი' არათუ აქტიურ ანტი-ქართულ მოღვაწეობას იწყებს, არამედ 1992 წლის 6 იანვარს პირდაპირი მნიშვნელობით ტყვიას ესვრის საქართველოს მეორე პრეზიდენტის მანქანას, რომელიც ჯაბა იოსელიანის და ეროვნული მთავრობის შეთანხმების მიხედვით გარანტირებული უნდა ჰქონოდა უსაფრთხო გასვლა საქართველოდან. ამაზე თვით ჯაბა იოსელიანი წერს და მოწმეც ბევრია. ამის შემდეგ ქართული ეროვნული ცნობიერების ეს მატასტაზი იწყებს მუშაობას არალეგიტიმური სამხედრო ხუნტის და მისი ახლადმოვლენილი ლიდერის, სსრკ საგარეო მინისტრის, ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში. ხუნტა, ზვიად გამსახურდიას დასამარცხებლად აფხაზეთში ომს იწყებს საკუთარივე მოსახლეობის წინააღმდეგ და ხაინდრავა აფხაზეთის მინისტრი ხდება. ამ პერიოდში ქართველების მდგომარეობა აფხაზეთში ძალიან მძიმდება და როგორც მისი ბევრი ნაცნობი ამბობს, ის მანდარინის პლანტაციებს ფლობს ამ ტრაგიკული ომის დამთავრებამდე. 1993 წლის სექტემბერში ის კუდამოძუებული გამორბის აფხაზეთიდან და ახლა უკვე ზვიად გამსახურდიას ფიზიკური განადგურების ოპერაციას უერთდება მისი მაშინდელი ბელადის ედუარდ შევარდნაძის ფრთის ქვეშ. 1992-95 წლებში ქვეყანაში მძვინვარებს საშინელი ტერორი, სადაც ზვიად გამსახურდიას მომხრეებს სასტიკად უსწორდებიან. ქართული პოლიტიკის ყვარყვარე ყველა ამ მოვლენაში ენთუზიაზმით მონაწილეობს. ის შევარდნაძის რეჟიმს 2003 წლამდე არ ღალატობს, სადაც მისი ბევრი მატერიალური ოცნების ახდენას ახერხებს. შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში იგი უერთდება ‘სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კომიტეტს' და აქტიურ მონაწილეობას იღებს ‘ვარდების რევოლუციაში'. უნდა ვაღიარო, რომ იმ დროს ამ კომიტეტში მეც ვიყავი ბევრ ჩემს მეგობართან ერთად და მასთან ერთად დგომა ახლამდელი გადმოსახედიდან დიდი შეცდომა იყო. 2004 წლის დასაწყისში გოგა ხაინდრავა უკვე მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მინისტრად გვევლინება. მას აქაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტების მოგვარებას აბარებენ. ყველამ იცის როგორ მოახერხა მან ამის გაკეთება. შემდგომ, სააკაშვილი მას აგდებს საკუთარი კაბინეტიდან და ის უმალ ოპოზიციაში გადადის. უნდა ითქვას რომ ამ ოპოზიციაში მეც ვიყავი და ესეც უნდა ითქვას რომ მის გვერდზე დგომა აქაც დიდი შეცდომა იყო ყველა ჩვენგანის მხრიდან. 2012 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ხაინდრავა უკვე ბიძინა ივანიშვილის ‘არაფორმალური ფავორიტი' ხდება – იღებს მაღალბიუჯეტიან ფილმებს და ბოლოს უკვე პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ხდება. სხვა ფავორიტებისგან განსხვავებით, ‘პოსტმოდერნის ყვარყვარეს' აქვს უნარი მუდამ იტივტივოს, საკმაო შემოსავალი ჰქონდეს და ჭკუა დაარიგოს მოსახლეობას სამთავრობო არხებიდან. გარდა ამისა, ის ახერხებს მისი გავლენის სერიოზულ გაძლიერებას. ის დგას სამთავრობო რეზიდენციების, კერძო კორპორაციების და ეკლესიების კარებთან და მუდმივად ცდილობს ყველგან ჩაჰყოს ხელი. ყველაზე საოცარი ის არის, რომ პოლიკარპე კაკაბაძის გენიალური გმირის პოსტ-ინდუსტრიულ პროტოტიპს ეს მუდმივად გამოსდის. უფრო მეტიც, ის ახერხებს ყოველთვის ყველა კონკურენტის თუ მტრის გზიდან ჩამოშორებას და ტეფლონის მსგავსად ყოველთვის ბრუნდება დიდი გავლენის სავარძელში. ეს არის ერთადერთი ადამიანი უკანასკნელ 35 წელიწადში, რომელსაც ხუნტის მოსვლის შემდეგ ყველა ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან ურთიერთობა ‘აბსოლუტურად დალაგებული' ჰქონდა.
ამ პერიოდის განმავლობაში, გოგა ხაინდრავა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის სიბინძურის, მორალური დეგრადაციის, მაკიაველიზმის და უზნეობის სიმბოლოდ იქცა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ახლად ახერხებს იმას, რომ მომავალ თაობას შუა თითი გამოუყოს და უსირცხვილოდ დედა შეაგინოს. ამაზე მას პასუხს არცერთი ხელისუფლება არ სთხოვს. უფრო მეტიც, შევარდნაძის ხუნტიდან მოყოლებული, მას ყველა ხელისუფლება აჯილდოვებს ამ უზნეობისა და ძალმომრეობისათვის, რომლის ეტალონად ის დამსახურებულად იქცა. რაშია, ამის საიდუმლო?
საქმე იმაში, რომ ხაინდრავა სიმბოლოა ჩვენი ერის სულიერი დეგრადაციისა. ის წარმოაჩენს ჩვენს მთავარ ნაკლოვანებებს დღეს. ის არ არის იდეური ფანატიკოსი, როგორებიც იყვნენ ორჯონიკიძე და სხვა ბოლშევიკები. ის არ არის კლასიკური გაგებით კარიერისტი. ის არც ბოლომდე კრიმინალია, მიუხედავად იმისა რომ ბევრი დანაშაულია აქვს ჩადენილი. ის უნიჭო ხელოვანია, მაგრამ ყველა მთავრობის კულტურის მინისტრი მის გავლენას აღიარებს. ის ‘პოსტმოდერნის ყვარყვარეა', რომელიც თან მორფინისტი ძველი ბიჭია, თან არალეგიტიმური ხელისუფლების პორტფელიანი თუ უპორტფელო მინისტრი, თან მანდარინების პლანტაციის მფლობელი კონფლიქტის პირობებში და თან ‘სვეცკი უნიჭო რეჟისორი'. ის ყველა ‘საჭირო კაცთან ძოვს' და ყველა პატიოსან ადამიანს იშორებს, გინდაც ის მისი ძმა იყოს. ის არ უყვარს თითქმის არავის, მაგრამ ყველა ანგარიშს უწევს. მის უღმერთობასა და უსინდისობაზე ლაპარაკობს ყველა, მაგრამ ის ყველა ეკლესიის კარებში დგას გამოჯგიმული. ეს ნამდვილად შესაშური ‘ტივტივის უნარია', რომლის თვით ფუშეს და ტალეირანსაც კი შეშურდებოდა. სწორედ ამიტომაა რომ მას ზოგი ‘მფრინავ ჰოლანდიელ ყაჩაღს', ზოგი ‘წვერებიან ქლეს' და ზოგიც სულ ‘ხუინდრავას' უწოდებს. მაგრამ, საბოლოო ჯამში ‘პოსტმოდერნი ყვარყვარე' პროპაგანდის შეფიცაა, რომელიც ეშმაკურად ქმნის დეზინფორმაციის ხაფანგებს და იუზიუტური ორდენის არაფარმალური ლიდერიც, რომელიც მოძველბიჭო ტიტუშკების ხელით ატერორებს ყველას, ვინც მას არ მოსწონს. და ხშირად ეს ყველანაირ მთავრობასთან შეთანხმებით, მორიგებით თუ გარიგებით ხდება.
მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ბოლო 35 წელიწადში უკვე რამოდენიმე თაობა გაიზარდა ყოველგვარი იდეალების გარეშე. ცხოვრების მთავარი მიზანი და ოცნება მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა გახდა. სანამ ხაინდრავა ‘ახალი უიდეო პროპაგანდის' არაფორმალური შეფია, კატასტროფულად მატულობს ნარკომანიით დაავადებულთა და ქვეყნიდან გაქცეულთა რაოდენობა და იკლებს ჩვენი საზოგადოების სიკეთე და სიყვარული. ხაინდრავა დღევანდელი უზნეობის სიმბოლოა – ადამიანი, რომელიც ყველაფერ ცუდს აკეთებს, კლავს საქართველოს ყველაზე ლეგიტიმურ პრეზიდენტს, ომის დროს მანდარინს ყიდის უსინდისოდ და კუდამოძუებული გამორბის, გახლართულია ყველა ტიპის კორუფციაში და კლავს ყველანაირ იდეალიზმს ყველგან, სადაც გაივლის.
მინდა ნაწილობრივ მაინც ობიექტური ვიყო, მიხედავად იმისა რომ ბოლომდე ობიექტური ადამიანები არ არსებობენ, და ვაღიარო. ხაინდრავას ყველაზე კარგი პროექტი მის აწ უკვე ხანგრძლიც ცხოვრებაში არის ის რომ მან თავის ფილმს ‘ოცნებების სასაფლაო' დაარქვა 1990-იან წლებში. დიახ, ეს ძალიან ზუსტი სათაურია. ხაინდრავა თვით არის ქართველი ერის იდეალისტური ოცნებების სასაფლაო – როდესაც ადამიანი ინდივიდუალურ და კოლექტიურ ხაინდრავას უყურებს, ის ხვდება რომ ადამიანის ყველა სუფთა და უმწიკვლო ოცნება კვდება.
დიახ, ჩვენი დროის ‘პოსტმოდერნული ყვარყვარე' და მედიის სპინ-მასტერი დღეს ქართველი ერის ‘ოცნებების სასაფლაოა'.
მაგრამ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, არ უნდა დავნებდეთ უიმედობას. არაფერია სამუდამო ამქვეყნად – მათს შორის ყველა დროის ყვარყვარეებიც.
ადრე თუ გვიან, ჩვენთანაც გაჩნდება ნიკოლოზ ბარათაშვილის ახალი ‘მერანი' და ‘მაინც ცუდად არა ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება..'
და მე მაინც რატომღაც ოპტიმისტი ვარ, მიუხედავად იმისა რომ ცხადად ვხედავ იმ ‘ოცნებების სასაფლაოს', რომელიც ხაინდრავამ ასე კარგად შეგვიქმნა.
გუშინ გალაკტიონი დამესიზმრა. ის თავისი გიჟური სახით მოვიდა ჩემთან და მითხრა ეს სიტყვები, რომელმაც დიდი იმედი ჩამისახა, რატომღაც..
როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.
მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში,
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით – ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!
იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.
ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ეხლა კი სამარეა შენი განსასვენები!
რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!
მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.
მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!