თუშიშვილი და სულამანიძე ფინალში დამარცხდნენ, ბექაურმა ბრინჯაო მოიპოვა – საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 7 მედლით დაასრულა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ტატამზე საქართველოს ნაკრების სახელით ექვსი ძიუდოისტი წარსდგა, მათგან ფინალურ ბლოკში გურამ თუშიშვილს (+100 კილოგრამი), ილია სულამანიძეს (-100 კილოგრამი) და ლაშა ბექაურს (-90 კილოგრამი) ვიხილეთ.
ილია სულამანიძე ფინალში მატვეი კანიკოვსკისთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინალ ტასოევთან დამარცხდა.
სამწუხაროდ, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ელჯან ჰაჯიევთან დამარცხდა, თუმცა რეპეშაჟში ფრანგი ლორის ტასირი დაამარცხა, ლაშამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ მურად ფატიევსაც აჯობა და ბრინჯაოს მედალს
დასჯერდა.
საქართველოს ნაკრებმა ხორვატიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჯამში 7 მედალი მოიპოვა.
ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები დღეს დასრულდება, გუნდური ასპარეზობები კი ხვალ, 28 აპრილს ჩატარდება.