გიორგი ვაშაძე – საქართველოში ადამიანი ან უმუშევარია ან იმდენად დაბალი აქვს ხელფასი, რომ ის ფაქტობრივად ოჯახს ვერ არჩენს, სწორედ ამიტომ არის, რომ ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე გადის ქვეყნიდან

კაპიკები ხელფასების სახით, გაზრდილი ფასები, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო გაუსაძლისს ხდის ქვეყანაში ცხოვრებას – სწორედ ამიტომ არის, რომ ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე გადის ქვეყნიდან,- ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ მ განაცხადა.
ვაშაძემ ის პროფესიები ჩამოთვალა, სადაც ყველაზე დაბალი სახელფასო მაჩვენებელია. მისი თქმით, ეს არის ის რეალობა, რაც დღეს ქვეყანაშია და რის გამოც საქართველოს უამრავ მოქალაქეს ქვეყნის დატოვება და ემიგრაციაში წასვლა უწევს.
„დღეს საქართველოში ადამიანი ან უმუშევარია ან იმდენად დაბალი აქვს ხელფასი, რომ ის ფაქტობრივად ოჯახს ვერ არჩენს. დღეს ჩვენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან ერთად გვინდოდა წარმოგვეჩინა, თუ რა რეალობაში ცხოვრობს საქართველო. კაპიკები ხელფასების სახით, გაზრდილი ფასები, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო გაუსაძლისს ხდის ქვეყანაში ცხოვრებას და სწორედ ამიტომ არის, რომ ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე გადის ქვეყნიდან.
მე ჩამოგითვლით სხვადასხვა პროფესიებს და დაახლოებით ხელფასებს, რამდენი არის და აქ ამიტომ ვართ შეკრებილნი. მაგალითად: მაღაზიის კონსულტანტი, სადაც ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული – 600 – 800 ლარი ხელფასი, ექთანი, რომელიც ყველას გვჭირდება სამედიცინო მომსახურების დროს – 450-დან – 700 ლარამდე, არის შემთხვევა რეგიონებში, სადაც კიდევ უფრო დაბალია, მაგალითად, სოფლის ექიმებთან, ექთნების ანაზღაურება, ექიმების შემთხვევაშიც, იმიტომ, რომ რეგიონების შემთხვევაში საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასი აქვთ ექიმებს. სკოლის პედაგოგები რომელთა ანაზღაურება ვერაფრით ვერ გახდა ისეთი ღირსეული, რომ ნორმალურად აღზარდონ და ნორმალური პირობები ჰქონდეთ სკოლაში. ბაღის თანამშრომლები – კატასტროფული სიტუაციაა მთელ საქართველოში – 500 ლარია საშუალოდ ხელფასი, თბილისში ცოტა მეტი, რეგიონებში გვაქვს შემთხვევა მაგალითად: ზესტაფონში 208 ლარი აქვს ბაღში აღმზრდელს ხელფასი ან გორში სადაც 432 ლარია, ასპინძა – 270 ლარი, გურჯაანი – 138 ლარი. დამლაგებელი, ასევე ძალიან გავრცელებული დასაქმების ადგილია 300-ლარიდან – 700 ლარამდე, რეგიონებში არის შემთხვევები, როდესაც 180 ლარზე მუშაობენ ადამიანები. მიმტანი – 700 – 800 ლარი საშუალოდ. მეეზოვეები 600-800 ლარი, რეგიონებში კიდევ უფრო დაბალი. დაცვის თანამშრომლები 300-800 ლარი, ბიბლიოთეკის და ხელოვნების სკოლის თანამშრომლები, ზოგადად ხელოვანები ძალიან დაბალია მათშიც ანაზღაურება, საქართველოს ფოსტა – 600-დან 1200 ლარამდე მერყეობს ანაზღაურება, მეხანძრე – მაშველები, “გლოვოს” კურიერები, ტაქსის მძღოლები, რომლებსაც თითქოს შედარებით მეტი აქვს შემოსავალი, მაგრამ ჯარიმებით იმხელას ართმევს სახელმწიფო, რომ ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე რჩებიან – ეს არის რეალობა, რომელშიც დღეს საქართველო ცხოვრობს და თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ასე ვთქვათ, სიმბოლურად წარმოადგენთ ამ პროფესიის წარმომადგენლებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ