გიორგი ვაშაძე – თუ გვინდა, რომ ხელფასი იყოს მაღალი, დასაქმება იყოს ქვეყანაში, თუ გვინდა, რომ ფასები ასე კატასტროფულად არ იზრდებოდეს, თუ გვინდა, რომ ჩვენი ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდნენ, ჩვენ გვჭირდება ცვლილებები

ვცვლით ხელისუფლებას, ვიღებთ ყველა ევროპული რეკომენდაციით რეფორმებს, ვხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, შემოგვაქვს ევროპული და ამერიკული ინვესტიციები, ბრუნდებიან ემიგრანტები საქართველოში და საქართველოს მოქალაქე ღირსეულად ცხოვრობს თავის სამშობლოში! – ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა
ვაშაძემ კითხვით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც მიმართა და მათგან მოითხოვა პასუხი იმის შესახებ, თუ რატომ არის ასეთი გაუსაძლისი მდგომარეობა ქვეყანაში და რატომ არაფერს აკეთებს მმართველი პარტია ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
„ვეკითხები ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს – რატომ არის თქვენთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანი საკითხები მნიშვნელოვანი და იმ მთავარ პრობლემას, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ არაფერს ამ მიმართულებით არ აკეთებთ. რატომ არ ზრუნავთ სამუშაო ადგილების შექმნაზე?! რატომ არაფერს საუბრობთ, რატომ არის საქართველოში ასეთი დაბალი ანაზღაურება?! რატომ არის მაგალითად ბაღის პედაგოგების ანაზღაურება 2-ჯერ, 3-ჯერ უფრო დაბალი, ვიდრე მაგალითად სომხეთში პედაგოგების ანაზღაურება იგივე?! რატომ ხდება ეს უსამართლობა?! და ამ პირობებში, რაზე გველაპარაკებით?! ისევ რუსული კანონი შემოგაქვთ, ისევ გინდათ, რომ საქართველო ევროპული განვითარების გზას აარიდოთ, რატომ ხალხნო?! რა დაგიშავათ ქართველმა ხალხმა, ბოლოსდაბოლოს?!
ჩვენ ხომ ევროკავშირი იმიტომ გვინდა, რომ ხელფასები გაიზარდოს ყველა პროფესიის წარმომადგენლისთვის, სამუშაო ადგილები შეიქმნას, ქვეყანა წინ წავიდეს, ამერიკული და ევროპული ინვესტიციები მოვიზიდოთ იმისთვის, რომ ნორმალურად ეცხოვრებოდეთ საქართველოში – საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. თქვენ რას აკეთებთ ამ დროს?! თქვენ, ,,ქართული ოცნების'' წარმომადგენლობა მდიდრდებით, ეკონომიკა მხოლოდ და მხოლოდ თქვენზე მუშაობს ფაქტობრივად და ამ ადამიანებზე ეკონომიკა არ მუშაობს.
როცა გვეუბნებით, რომ ორნიშნად გაიზარდა ეკონომიკა , ვისთვის?! თქვენთვის გაიზარდა ორნიშნადაც და სამნიშნადაც, მილიარდელები გახდით ამ ქვეყანაში. ხალხი ყოველდღიურად უფრო მძიმე ვითარებაშია და ამის მთავარი გამოხატულება არის, რომ 800 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამემამულემ თქვენი მმართველობის პირობებში დატოვა საქართველო. აი უბრალოდ შეხედეთ რეალობას რა რეალობაში ცხოვრობს მასიურად ხალხი.
numbeo.com ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ამბობს, რომ მაგალითად თბილისში ადამიანმა, რომ ოთხსულიანი ოჯახი შეინახოს 2 ადამიანს 2000-2000 ლარი მაინც უნდა ჰქონდეს შემოსავალი, რომ ბინის ქირის გარეშე ვსაუბრობთ, უბრალოდ ოჯახს გაუძღვეს და ნორმალურ პირობებში იცხოვროს. ეს არის ის რეალობა რა რეალობაშიც სამწუხაროდ საქართველო ცხოვრობს და ივანიშვილს, რომელმაც კიდევ ერთი დავალება მისცა თავისი პარტიის წარმომადგენლებს, რომ ისევ ევროპის გზას აგვაცდინოს და რუსული კანონი პრიორიტეტად გამოგვიცხადა ისევ ამ ქვეყანაში.
გეკითხებით როდემდე?! როდემდე უნდა იყოს თქვენს მიერ უგულებელყოფილი ადამიანების პრობლემა?! როდემდე უნდა იყოს ასეთ მძიმე მდგომარეობაში ქართველი ხალხი?! ხომ აუცილებელია, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს ხალხზე
და ბოლოს ვიტყვი, არაფერი ხელისუფლების ცვლილების გარდა ამას არ უშველის! ცვლილებების დრო მოვიდა ჩემო კარგებო! თუ გვინდა, რომ ხელფასი იყოს მაღალი, დასაქმება იყოს ქვეყანაში, თუ გვინდა, რომ ფასები ასე კატასტროფულად არ იზრდებოდეს, თუ გვინდა, რომ ჩვენი ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდნენ ჩვენ გვჭირდება ცვლილებები! გაუსაძლისია ამ ვითარების შენარჩუნება და პირდაპირ ვამბობ, დიახ ვცვლით ხელისუფლებას, ვიღებთ ყველა ევროპული რეკომენდაციით რეფორმებს, ვხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, შემოგვაქვს ევროპული და ამერიკული ინვესტიციები, ბრუნდებიან ემიგრანტები საქართველოში და საქართველოს მოქალაქე ღირსეულად ცხოვრობს თავის სამშობლოში! დაცლილი კი არ იქნება სახლები, არამედ სახლებში ყველგან იქნება ხალხი, იცხოვრებს ყველა თავის სახლში, ოჯახები გაერთიანდებიან, მშობლები-შვილებთან ერთად იმუშავებენ და მაქსიმალურად სწორად წავა პროცესი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ