ბაიდენი პალატის რესპუბლიკელ ლიდერებს შეხვდა

პრეზიდენი კონგრესის დემოკრატ და რესპუბლიკელ ლიდერებს შეხვდა. პარასკევს ღამით კონგრესის მიერ დამტკიცებული დროებითი ბიუჯეტი იწურება. მხარეები ამბობენ, რომ ბიუჯეტის გაგრძელებასთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეულია, თუმცა არ არის კონკრეტული შედეგი უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით.
“ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი”, – თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართული შეხვვედრის შემდეგ. ის კონგრესის ორ დემოკრატ და ორ რესპუბლიკელ ლიდერს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან და თანაშემწესთან ერთად შეხვვდა.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ მთავრობის დახურვა – სამთავრობო სააგენტოების დაფინანსების და ფუნქციონირების დროებით შეწყვეტა, თავიდან იქნება აცილებული. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა ლიდერმა მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ “მთავრობა დაფინანსდება”.
დაახლოებით ორი თვის წინ მაიკ ჯონსონი და დემოკრატების მიერ მართული სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი შეთანხმდნენ დროებით დაფინანსებაზე – 1.59 ტრილიონ დოლარზე, რაც 1 ოქტომბერს დაწყებული ფინანსური წლისთვის იყო საჭირო, თუმცა პალატის რესპუბლიკელებს შორის შიდა დაპირისპირების ფონზეც, ბიუჯეტის პროექტების დამტკიცება გაჭიანურდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ჩაკ შუმერმა თქვა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური შეხვედრა იყო, რომელშიც მონაწილეობა მიუღია. დემოკრატი პრეზიდენტი და კონგრესმენები ცდილობდნენ სპიკერ ჯონსონის დარწმუნებას, დააყენონ კენჭისყრაზე უკრაინის მხარდაჭერის ის პროექტი, რომელზეც სენატში მხარეები უკვე შეთანხმდნენ და დაამტკიცეს. თუმცა პალატის ლიდერები კვლავ ეწინააღმდეგებიან პაკეტის დამტკიცებას, სანამ ადმინისტრაცია, მათი თქმით, საკმარისად არ გაამკაცრებს საიმიგრაციო პოლიტიკას.
“ეს მის ხელშია. ჩვენ მას ვუთხარით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს. ეს ძალიან ემოციური [შეხვედრა] იყო”, – თქვა ჩაკ შუმერმა მაიკ ჯონსონის შესახებ.
ჯონსონმა კი თავის მხრივ შეხვედრას “გულწრფელლილ და პატიოსანი” უწოდა და თქვა, რომ მისი უმთავრესი წუხილი მექსიკასთან საზღვარზე იმიგრაციის საკითხის მოწესრიგებაა. ჯონსონი ამბობს, რომ ამ თემას პრეზიდენტთაან შეხვედრაზე რამდენჯერმე დაუბრუნდა.
ჯო ბაიდენი კი ამბობს, რომ სჯერა, მთავრობის დაფინანსების თაობაზე პარასკევამდე გადაწყვეტილება მიღებული იქნება. თუმცა პრეზიდენტის თქმითვე, უკრაინის დახმარების საკითხი ყოველდღიურად უფრო და უფრო კრიტიკული ხდება. “უმოქმედობის შედეგები მძიმეა”, – თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ