ანა წითლიძე – ივანიშვილის პარტიას არ აქვს პასუხი, თუ რატომ არის უმუშევრობა და ასეთი დაბალი ხელფასები ამ ქვეყანაში – როგორ იცხოვრებდით თქვენ, თქვენი ხელფასი 500 – 600 ლარი რომ იყოს?

ივანიშვილის პარტიას არ აქვს პასუხი, თუ რატომ არის უმუშევრობა და ასეთი დაბალი ხელფასები ამ ქვეყანაში. როგორ იცხოვრებდით თქვენ, თქვენი ხელფასი 500 – 600 ლარი რომ იყოს? ან რატომ არ ეტყობათ თქვენს მიერ მოწონებული ეკონომიკური ზრდა საქართველოს მოქალაქეებს და რატომ ეტყობათ მხოლოდ თქვენს ჯიბეებს?- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის პარტიის მთავარი მთავარი მიზანი ამ 12 წლის განმავლობაში არასდროს არ ყოფილა საქართველოს მოქალაქეების რეალურ პრობლემებზე მუშაობა.
„მინდა ნახოთ, რომ როდესაც განიხილება გენდერული თანასწორობის საკითხი სამწუხაროდ უმრავლესობის მხარე ცარიელია. არ ესწრებიან მათ შორის ის ქალები, რომლებიც გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობენ პარლამენტში.
ივანიშვილის პარტიის მთავარი მიზანი ამ 12 წლის განმავლობაში არასდროს არ ყოფილა საქართველოს მოქალაქეების რეალურ პრობლემებზე მუშაობა.
12 წლის განმავლობაში, ნაცვლად იმისა რომ ივანიშვილის პარტია საუბრობდეს და ეძებდეს გადაჭრის გზებს, ყველა იმ ეკონომიკურ პრობლემებზე, რომლებიც აწუხებთ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ქალებს, გვთავაზობს გამოგონილ თემებს, გამოგონილ პრობლემებს და გამოგონილ მტრის ხატს. დღეს საქართველოს მოქალაქეებს ნაკლებად აინტერესებთ ის საკითხები, რაზეც აქ იყო ჩხუბი და განხილვა.
საქართველოს მოქალაქეებს, ივანიშვილის პარტიისგან აინტერესებთ კითხვებზე პასუხი. რატომ ვერ ახერხებს ივანიშვილის პარტია უფასო კვების პროგრამას სკოლებში, რომელიც ჯერ კიდევ ვერ დაიწყო.
რატომ შიათ ოლიგარქი ივანიშვილის პარტიის მმართველობის პირობებში, რომელიც უფასო ელ-ენერგიას, უფასო ფულს ჰპირდებოდა საქართველოს მოქალაქეებს და ბავშვებს ამ ქვეყანაში.
პრობლემა გენდერული კვოტები კი არ არის ქალებისთვის, პრობლემა ის არის რომ 800 000- ზე მეტი საქართველოს მოქალაქე გაძვირებული ფასების, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქვეყნიდან არის წასული – მათი უმრავლესობა სწორედ ქალები არიან.
დღეს აქ უმრავლესობა იმაზე კი არ უნდა მსჯელობდეს, გენდერული კვოტები გააუქმოს თუ არ გააუქმოს, უნდა მსჯელობდეს იმაზე, როგორ უნდა გააუმჯობესოს, მათ შორის ქალების, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, იმისთვის რომ ქალებს არ უწევდეთ ქვეყნის დატოვება და ემიგრაციაში წასვლა. აქ უნდა ვსაუბრობდეთ, რომ კორუფციით გამდიდრებულ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს, არ აინტერესებთ საქართველოს მოქალაქეები.
საქართველოში უმუშევრობა არის ისეთ ზღვარზე, რომ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილს ამ ქვეყნის დატოვება უწევს. საქართველოს ხელისუფლება უნდა პასუხობდეს კითხვაზე – 12 წლის განმავლობაში, როგორ მოხდა ძვირფასო უმრავლესობის წევრებო, ისე რომ თქვენი მაღალჩინოსნები მდიდრდებიან, თქვენი ოჯახის წევრები კორუფციული გარიგებებით მილიონობით ლარს შოულობენ, საქართველოში კი არის უმუშევრობა და გაძვირებული ფასების გამო საქართველოს მოქალაქეები ვერ ახერხებენ ოჯახების რჩენას“,- აღნიშნა წითლიძემ.
მისივე თქმით, მარტოხელა დედებს საქართველოში, სახელმწიფო ვერ ეხმარება ისე რომ მათ შეეძლოთ მყარად ფეხზე დგომა და არ ეშინოდეთ საკუთარი შვილების გაზრდის.
„ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ სტუდენტებზე, განსაკუთრებით რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლასთან ერთად ვერ ახერხებენ მუშაობას, თუ ახერხებენ, მიზერული 400-500 ლარი არის ის, რაც მათ ბინის ქირის გადასახდელადაც არ ყოფნით, მეტწილად აკადემიურის აღება უწევთ.
საქართველოში დღეს პრობლემა ის კი არ არის, რაზეც ხელისუფლება აპელირებს და ამით ცდილობს მნიშვნელოვანი და მთავარი პრობლემა გადაფაროს. როდის გვიმსჯელია, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, დეცენტრალიზაციის პროცესი დასრულდეს, როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის რეგიონული განვითარება – ამასთან დაკავშირებით რა წინსვლა აქვს საქართველოს ხელისუფლებას? გისაუბრიათ ამაზე? გისაუბრიათ დეცენტრალიზაციაზე? რომ დეცენტრალიზაციის პროცესის შეჩერება რეგიონებში პირდაპირ ნიშნავს უფრო მეტ უმუშევრობას, რაც გამოიწვევს რეგიონების დაცლას. სოფლები იცლება და ადამიანებს იმის პერსპექტივა, რომ საკუთარ ქვეყანაში, რეგიონში და ქალაქში იცხოვრონ და განვითარდნენ არ აქვთ! თუ გისაუბრიათ იმაზე, რომ თქვენი დაპირებული დეცენტრალიზაცია, რომელზედაც თქვენ ასე აპელირებდით, ისევ თქვენვე შეაჩერეთ თქვენი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო. დღეს პრობლემა ის კი არ არის, რაზეც უმრავლესობა ცდილობს აყალ-მაყალი შექმნას საქართველოს პარლამენტში, პრობლემა ის არის რომ ჩვენ, თქვენი 12 წლიანი მმართველობის პერიოდში, ვერც ერთ სფეროში საქართველოს მოქალაქეებმა ვერ მიიღეს ვერცერთი ფუნდამენტური რეფორმა. განათლება – სადაც პრობლემებია.
რამდენიმე დღის წინ, მქონდა თემატური მოკვლევის პრეზენტაცია, მაგალითად ჯანდაცვის სფეროში, სადაც ვისაუბრეთ დეინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელობაზე. იმაზე როგორ უნდა მოხდეს ფსიქიკური სერვისების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო ფართოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. როგორ უნდა დაიწყოს და დასრულდეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, რომ ჯანდაცვის სფერო კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის. საქართველოს პარლამენტი, ივანიშვილის პარტიის პირობებში ვერ ახერხებს და შეგნებულად თავს არიდებს ყველა იმ მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს. ივანიშვილის პარტიას არ აქვს პასუხი, იმ ტოტალურ კორუფციაზე, რომელიც ამ ქვეყანაშია“,- აღნიშნა წითლიძემ.
მისივე თქმით, ბევრი ქალი უკიდურესი პოლარიზაციის და ხშირ შემთხვევაში თავდასხმის ობიექტია გამხდარა ხელისუფლების მხრიდან.
„მე თავიდანვე არ ვიყავი გენდერული კვოტების მომხრე და ვთვლიდი, რომ ეს არ იქნებოდა სწორი. თუმცა, მეგობრებო, პოლიტიკური ველი, მათ შორის საკუთარმა გამოცდილებამ მანახა, რომ არის აბსოლუტურად სხვანაირი. წარმოდგენა არ გაქვთ, რა პრობლემების წინაშე დგებიან ქალები, როდესაც ისინი მოდიან პოლიტიკაში, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში. რომ არა ეს გენდერული კვოტა, მათ არ ექნებოდათ შესაძლებლობა, რომ დღეს წარმოდგენილი ყოფილიყვნენ საკრებულოებსა და მუნიციპალიტეტებში. იმის გამოც კი, რომ ბევრი ქალი უკიდურესი პოლარიზაციის და ხშირ შემთხვევაში თავდასხმის ობიექტია გამხდარა ხელისუფლების მხრიდან, უფრთხის იმას რომ პოლიტიკაში იყოს აქტიური.
უნდა იცოდეთ, რომ იმ სამი რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, რომელიც ჩვენ ევროკავშირმა შესრულებულად ჩაგვითვალა, არის სწორედ გენდერული საკითხი და თქვენ ახლა, ამ გადაწყვეტილებით შეძელით და ანახეთ, რომ პატივს არ სცემთ თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. კიდევ ერთხელ ანახეთ ის, რომ თქვენი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო, მზად ხართ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დააზიანებს ამ ქვეყნის ევროპულ კურსს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ