სუსი ადასტურებს, რომ ბათუმში ევაკუაცია გამოიწვია შეტყობინებამ შესაძლო აფეთქებების შესახებ

ს სავაჭრო ცენტრებიდან და სასწავლო დაწესებულებებიდან ხალხის ევაკუაციის მიზეზი იყო შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ. ეს დღეს, 22 იანვარს დილით დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა(სუს). მისი ინფორმაციით, ცრუ შეტყობინებები მიღებულია უცხოეთიდან.
სუს-ის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური ღონისძიებები გაატარეს ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზის” საფუძველზე ამბობს, რომ შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ, ქვეყნის ფარგლებს გარედან იყო. ასევე, მიზანმიმართულად მითითებული იყო საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი.
ბათუმის სხვადასხვა ობიექტიდან ევაკუაცია გუშინ, 21 იანვარს, საღამოს განხორციელდა. არაოფიციალურად გუშინვე ცნობილი იყო, რომ ევაკუაცია უკავშირდებოდა შეტყობინებებს შესაძლო აფეთქებების შესახებ. მანამდე, ზოგიერთი რუსულენოვანი ტელეგრამ-არხით გავრცელდა ცნობები, რომ ბათუმის სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებზე თავდასხმები მზადდება.
სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით დახმარებისთვის მიმართეს პარტნიორი ქვეყნების უწყებებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დილით ისიც განაცხადა, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს და 2024 წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები „გალერია თბილისში” ტერორისტული თავდასხმის შესახებ, მიღებული იყო საზღვარგარეთიდან და უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, რომლებშიც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.
სუს-ის თანახმად, ამ შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი.

ასევე დაგაინტერესებთ