სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის კვალიფიკაციით

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელისშეშლის კვალიფიკაციით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
თბილისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის გაშუქების დროს „იმედის“ ჟურნალისტებს „მონებს“ უწოდებდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას და ცდილობდნენ პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს კამერას შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციები დაეფიქსირებინა.
ტელეარხი მიიჩნევს, რომ ეს იყო მათი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობის ხელშეშლა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც გამოძიება შესაბამისი კვალიფიკაციით დაიწყო.
სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი: ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ისჯება ჯარიმით, გამოსასწორებელი შრომით ან შინაპატიმრობით.
კანონპროექტს, რომელსაც რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები რუსულ კანონად და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელისშემშლელ გარემოებად მიიჩნევენ, „იმედი“ „გამჭვირვალობის კანონპროექტს“ უწოდებს.
„აგენტების კანონი“ ეხება საქართველოში არსებულ არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის „ტაბულას“, „პუბლიკას“, „აპრილს“, რომელთა ჟურნალისტებზეც აქციის დაშლის დროს სამართალდამცავებმა იძალადეს. ჟურნალისტებზე ძალადობის ეს შემთხვევა გაერთიანებულია ერთ დიდ საქმეში, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამართალდამცავების მხრიდან „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ კვალიფიკაციით იძიებს.
სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი: სამართალდამცავის მხრიდან ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ისჯება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით.
“აგენტების კანონი” პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა – „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ – “ხალხის ძალიდან“ და ერთმა – “ევროპელი სოციალისტებიდან“. ონლაინმედიის ჟურნალისტებს ბოლო ერთი კვირაა პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში მუშაობას უკრძალავს.
კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცება 17 აპრილს, 19 საათიდან, მოქალაქეებმა საქართველოს პარლამენტთან გააპროტესტეს. მოეწყო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენაც.
16 აპრილის აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმი დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს კონდახებით სცემეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თბილისში 16-17 აპრილს გამართულ აქციაზე 18 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ოთარ შამუგია: მადლობა მინდა გადავუხადო FAO-ს და ავსტრიის მთავრობას, კერძოდ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობას (ADC) წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის