ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატა “ოცნების“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ითხოვს
ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა დეპუტატ ქუინი რაჟკოვსკის ინიციატივას, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი შეიტანოს.

ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატა “ოცნების“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ითხოვს.
დეპუტატ ქუინი რაჟკოვსკის (VVD) ინიციატივას, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შეიტანოს, ნიდერლანდების პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ 102 ხმით, 47-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა.
თავად მთავრობა ინიციატივის წინააღმდეგი იყო.
საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონმდებლობას და პოლიციის ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ; ეს მოვლენები ჯდება ოცნების პოლიტიკის იმ დღის წესრიგში, რომლითაც საქართველო მიდის რუსული მოდელისკენ; აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, გამოიყენონ სახელმწიფოთაშორისი საჩივრის უფლება ქართული ოცნების წინააღმდეგ; მოვუწოდებ ნიდერლანდების მთავრობას, თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად შეიტანოს საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე, - აღნიშნა დებატების დროს ქუინი რაჟკოვსკიმ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის თანახმად, ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია, სასამართლოში შეიტანოს საჩივარი სხვა სახელმწიფოს მიერ კონვენციის და მისი ოქმების სავარაუდო დარღვევის შესახებ. ამისთვის საჭირო არაა, მომჩივანი იყოს დაზარალებული.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.