გიორგი სიორიძე - „ქართული ოცნების“ ე.წ. ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ სინამდვილეში არის შირმა იმისთვის, რათა დაწინაურებულმა „კლანმა“ შეჭამოს სხვა „კლანები“
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი სიორიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ შირმაა, რათა დაწინაურებულმა კლანმა სხვა კლანები შეჭამოს. ეს განცხადება მან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ პროკურატურის მიեր გამოძიების დაწყებას უკავშირა.

„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ე.წ. ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ სინამდვილეში არის შირმა იმისთვის, რათა დაწინაურებულმა „კლანმა“ შეჭამოს სხვა „კლანები“, - ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას.
როგორც სიორიძემ აღნიშნა, მოტივი „კლანების“ ერთმანეთზე დაპირისპირება და „ბიძინა ივანიშვილის კარზე დაწინაურებაა“.
„ქართულმა ოცნებამ“ კორუფცია სტანდარტად დაამკვიდრა ქვეყანაში და მას, მანამდე არნახული მასშტაბი შესძინა. სისტემურ კორუფციაში, რომელიც გულისხმობს უკანონოდ ტენდერებში მონაწილეობას, ტენდერების თავის თავზე მორგებას, ბიუჯეტიდან ფულის მოპარვას და ასევე უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, ჩართული არის სახელისუფლებო აპარატის პრაქტიკულად ყველა რგოლი, დაწყებული უმაღლესი თანამდებობის პირებიდან, დასრულებული ყველაზე დაბალი რანგის საჯარო მოხელეებით.
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ე.წ. ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ სინამდვილეში არის შირმა იმისთვის, რათა დაწინაურებულმა „კლანმა“ შეჭამოს სხვა „კლანები“ . ეს იმას არ ნიშნავს, კონკრეტულ ბრალდებულ, თუ მსჯავრდებულ პირებს კორუფციაში არ აქვთ ხელი გასვრილი, უბრალოდ, მიზანი და მოტივი არის ერთი - „კლანებმა“ ერთმანეთზე იძიონ შური და დაწინაურდნენ ბიძინა ივანიშვილის კარზე“, - განაცხადა სიორიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო. პროკურატურის ცნობით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.