ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

„ევროკავშირი საქართველოსთან მუქარის ენას ამჯობინებს“ - კალუგინი

საგარეო საქმეთა სამინისტროქართული ოცნება

რუსეთის საგარეო უწყების დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ კალუგინმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მუქარისა და ულტიმატუმების ენას ამჯობინებს. მან ასევე ისაუბრა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების ზრდაზე, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივაზე და „3+3“ რეგიონულ ფორმატზე.

„ევროკავშირი საქართველოსთან მუქარის ენას ამჯობინებს“ - კალუგინი
„ევროკავშირი საქართველოსთან მუქარის ენას ამჯობინებს“ - კალუგინირადიო თავისუფლება

უწყების დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ კალუგინმა სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მაგალითი, მისი შეფასებით, აჩვენებს, რომ ევროკავშირი „კვლავ ულტიმატუმებისა და მუქარის ენას ამჯობინებს“.

„ფაქტობრივად, ბრიუსელმა საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა, ეღიარებინა მისი უფლება, ჩარეულიყო არა მხოლოდ ქვეყნის საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკაშიც. საქართველო შეეწინააღმდეგა ასეთ ნეოკოლონიალურ მიდგომასა და მისი სუვერენიტეტის აგრესიულ შეზღუდვას“, - თქვა კალუგინმა.

რუსი დიპლომატის მტკიცებით, ევროკავშირი საქართველოს რუსეთთან „დამღუპველი კონფრონტაციისკენ“ უბიძგებს და თბილისს რეგულარულად აკრიტიკებს იმის გამო, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება.

კალუგინმა ამ კონტექსტში ევროკავშირის მიერ ქართული ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვებიც ახსენა. სავარაუდოდ, მან იგულისხმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან დაკავშირებულ ზომებს. ევროკავშირის მიერ 23 ივლისს მიღებული სანქციების 21-ე პაკეტი ითვალისწინებს ყულევში მდებარე ქარხნის დასანქცირებას, თუ ის რუსული ნავთობის გადამუშავებას გააგრძელებს. ქარხნის მფლობელ კომპანია Black Sea Petroleum-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე რუსული ნედლი ნავთობი ყაზახური და ლიბიური ნავთობით ჩაანაცვლეს.

„ინიციატივა ქართული მხარისგან უნდა მოდიოდეს“

კალუგინმა უპასუხა კითხვას რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენაზეც. მისი თქმით, ამ საკითხზე კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ შეუძლია და „ინიციატივა ქართული მხარისგან უნდა მოდიოდეს“.

ამავე დროს, რუსი დიპლომატი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები „ბუნებრივ ხასიათს ატარებს“.

კალუგინის თქმით, 2026 წლის იანვარ-ივნისში რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 20%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოში ჩასული ტურისტების დაახლოებით მეოთხედი რუსეთის მოქალაქეები არიან.

„ჩვენ ქართული ტრადიციული პროდუქციის მთავარი მომხმარებელი ვართ“, - თქვა დიპლომატმა.

კალუგინმა ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებიც შეადარა დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობას. მისი მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება 2014 წელს გააფორმა, ევროკავშირის წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში 32%-დან 21%-მდე შემცირდა.

„გეოგრაფიას ვერ შეცვლი, ის გეოპოლიტიკურ ამბიციებზე ძლიერია. ჩვენ ვიყავით და დავრჩებით საქართველოს მეზობლები“, - განაცხადა კალუგინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 17 ოქტომბერს რუსეთში პირველად გაიმართება ქართული ენის „ფედერალური დიქტანტი“ და გამოთქვა იმედი, რომ ღონისძიება ყოველწლიური გახდება.

მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლის ბოლომდე არ დააყენებდა, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ დადებითად აფასებენ თბილისის პოლიტიკას, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობებში „პრაგმატიზმისა“ და დასავლეთის ზეწოლისადმი წინააღმდეგობის გამო. მაისში თავად კალუგინმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის იზოლაციის პოლიტიკაში „საქართველოზეც წაიბორძიკა“ და თბილისში „ქვეყნისა და ხალხის ძირეულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატიზმი“ გაძლიერდა.

სოხუმი, ცხინვალი და „3+3“

ინტერვიუში კალუგინმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზეც ისაუბრა. მან კვლავ წამოჭრა საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებების გაფორმებისა და საოკუპაციო ხაზების ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხები.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სხვა, მისი შეფასებით, „ნეიტრალურ“ ადგილას გადატანის აუცილებლობაზეც.

კალუგინმა „3+3“ რეგიონული ფორმატის პოტენციალზეც ისაუბრა და გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომ საქართველოსთვის ამ ფორმატში მონაწილეობის „კარი ღია რჩება“. ინიციატივა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ასევე რუსეთს, ირანსა და თურქეთს აერთიანებს.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის პირობებში მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი შეუძლებელია.

თბილისი ასევე არ განიხილავს „3+3“ ფორმატში მონაწილეობას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამის მიზეზი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკაა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ფაქტობრივად, ბრიუსელმა საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა, ეღიარებინა მისი უფლება, ჩარეულიყო არა მხოლოდ ქვეყნის საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკაშიც. საქართველო შეეწინააღმდეგა ასეთ ნეოკოლონიალურ მიდგომასა და მისი სუვერენიტეტის აგრესიულ შეზღუდვას“
მიხაილ კალუგინი
„ინიციატივა ქართული მხარისგან უნდა მოდიოდეს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ჩვენ ქართული ტრადიციული პროდუქციის მთავარი მომხმარებელი ვართ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„კვლავ ულტიმატუმებისა და მუქარის ენას ამჯობინებს“
მიხაილ კალუგინი
„გეოგრაფიას ვერ შეცვლი, ის გეოპოლიტიკურ ამბიციებზე ძლიერია. ჩვენ ვიყავით და დავრჩებით საქართველოს მეზობლები“
მიხაილ კალუგინი
„ქვეყნისა და ხალხის ძირეულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატიზმი“
მიხაილ კალუგინი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.