ზურაბიშვილი: ელჩების წასვლა წინანდალში რთველზე, რელობას არ ცვლის - ევროინტეგრაცია შეჩერებულია
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და გაყინულია, ხოლო ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატები და ელჩების წინანდალში ვიზიტი ამ რეალობას არ ცვლის.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში დღეს დაგეგმილ დებატებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მაშინ, როცა ევროკავშირში გაფართოების შემდეგ ეტაპზე მსჯელობენ, საქართველო იმ ოთხ ქვეყანას შორის აღარ არის, რომლებისთვისაც შესაბამისი გზამკვლევი მზადდება.
მისი თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი ამჟამად „შეჩერებული და გაყინულია“, თუმცა ევროპულ გზაზე დაბრუნების შემთხვევაში საქართველოს კვლავ ექნება შესაძლებლობა, გაფართოების პროცესის ნაწილი გახდეს.
ახლა მიდის მსჯელობა თუ როგორი უნდა იყოს შემდეგი გაფართოება. სამწუხაროა ის, რომ ჩვენ იმ ოთხი ქვეყნის რიგებში აღარ ვართ გათვლილი, რომლებისთვისაც მზადდება ის გზამკვლევი, მაგრამ საინტერესოა, რომ ეს გაფართოების თემა ისევ აქტუალურია, ძალია ახლოს არის და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თუ შევძლებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ხელახლა დავაყენით იმ გზაზე, სადაც არის ჩვენი ადგილი, ჩვენ ადგილი იქ ასევე იქნება გათვალისწინებული. დღეს. დღეს არ არის, დღეს შეჩერებულია ყველაფერი. მე არ მჯერა იმის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს წაგვართმევენ, გაჩერებულია, გაყინულია და ეს არის მათი პოზიცია ჩვენს მიმართ. ის, რომ აქაური ელჩები სადღაც წინანდალში რთველზე მიდიან, ამას არ ცვლის არანაირად, - ამბობს სალომე ზურაბიშილი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.
ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“ ადგილობრივი დროით 19:00 საათიდან დაიწყება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.