Reuters: პოლონეთის ერთ-ერთ სკოლაში თავდამსხმელმა დანით შვიდი ადამიანი დაჭრა
პოლონეთის ქალაქ ოსტროლენკის სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაჭრეს, ხოლო 19 წლის თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.

პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ოსტროლენკაში სკოლაში მომხდარი დანით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი უვკე დაკავებულია.
„სკოლის 19 წლის მოსწავლე ქალაქის სანაპიროსთან დააკავეს“, - განუცხადა Reuters-ს ტელეფონით პოლიციის წარმომადგენელმა კატაჟინა კუხარსკამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის პოლიციას თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანის დაშავების შესახებ აქვს ინფორმაცია, თუმცა ეს მონაცემი შესაძლოა შეიცვალოს.
„ეს წინასწარი ინფორმაციაა და შესაძლოა შეიცვალოს. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა კუხარსკამ.
პოლონეთის პოლიციამ სოციალურ ქსელ X-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც, სავარაუდოდ, დაკავებული მამაკაცი ჩანს.
დაშავებულებს ოსტროლენკის საავადმყოფოში მკურნალობენ. საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების წარმომადგენელმა ადგილობრივ მედიის განუცხადა, რომ პაციენტების სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ იგეგმება.
თავდასხმა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ოსტროლენკის მერმა პაველ ნევიადომსკიმაც დაადასტურა. „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა მერმა.
კერძო რადიო RMF FM-ის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
რადიოს ცნობით, დაშავებულთა უმეტესობა მოსწავლეები არიან, თუმცა თავდასხმის შედეგად ერთი მასწავლებელიც დაშავდა.
ციტატები სტატიიდან
„სკოლის 19 წლის მოსწავლე ქალაქის სანაპიროსთან დააკავეს“
„ეს წინასწარი ინფორმაციაა და შესაძლოა შეიცვალოს. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.