ვის გაუძნელდება სესხის აღება?!
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2 000 და 2 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის სესხის მომსახურებაზე უფრო მკაცრი - 25%-იანი ლიმიტი გავრცელდება. ცვლილებები ეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს, რომელიც განსაზღვრავს, ყოველთვიური შემოსავლის რა მაქსიმალური პროცენტი შეიძლება გადაიხადოს მოქალაქემ სესხის საპროცენტო და ძირითადი თანხის დასაფარად.
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2 000 და 2 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის სესხის მომსახურებაზე უფრო მკაცრი - 25%-იანი ლიმიტი გავრცელდება. ცვლილებები ეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს, რომელიც განსაზღვრავს, ყოველთვიური შემოსავლის რა მაქსიმალური პროცენტი შეიძლება გადაიხადოს მოქალაქემ სესხის საპროცენტო და ძირითადი თანხის დასაფარად.
კერძოდ, ლიმიტი უნახევრდებათ საშუალო შემოსავლის მქონე პირებს. რაც შეეხება 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონეთ, მათთვის აქამდეც მოქმედებდა მკაცრი 25%-იანი ლიმიტი, ეს წესი კი ახლა უკვე გავრცელდება 1 500-დან 2 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზეც. აქამდე მათ შეეძლოთ შემოსავლის 50%-მდე მიემართათ სესხის დასაფარად, ახალი წესით კი ეს ზღვარი 25%-მდე მცირდება; ხოლო 2 500 ლარზე მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის კი ძალაში რჩება სტანდარტული, უფრო ლიბერალური 50%-იანი ლიმიტი.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ეს გეგმა ორ ეტაპად ამოქმედდება - 2027 წლის 1-ლი თებერვლიდან 25%-იანი მკაცრი ლიმიტის ზღვარი 1 500-დან იზრდება 2 000 ლარამდე, 2027 წლის 1-ლი სექტემბრიდან კი მკაცრი შეზღუდვის ზღვარი საბოლოოდ 2 500 ლარამდე გაიზრდება. ცხადია, ეს ახალი რეგულაცია პირდაპირ ამცირებს ხელმისაწვდომი სესხის მაქსიმალურ მოცულობას იმ პირებისთვის, რომელთა შემოსავალიც 1.500-დან 2.500 ლარამდეა. ვინაიდან ყოველთვიური შენატანის მაქსიმალური თანხა განახევრდა, მოქალაქეები ბანკიდან გაცილებით ნაკლები მოცულობის სამომხმარებლო კრედიტის გამოტანას შეძლებენ, ვიდრე ადრე. მაგალითად, 2.000 ლარის შემოსავლის მქონე პირს თუ ადრე 1000 ლარის ყოველთვიური ვალდებულების აღება შეეძლო, 2027 წლიდან ეს მაქსიმუმ 500 ლარი იქნება.
სამომხმარებლო სესხი, 15%-იანი წლიური განაკვეთით, მაქსიმალური 4 წლის ვადით, მაღალი პროცენტის პირობებში, ძველი და ახალი ლიმიტების (1000 ლარი და 500 ლარი) მიხედვით სესხის მოცულობა ასე იცვლება - ძველი წესით (50% ლიმიტი) შეგეძლოთ მაქსიმუმ 35.900 ლარის აღება. ახალი წესით (25% ლიმიტი) მაქსიმალური თანხა მცირდება 18.000 ლარამდე - ანუ, კარგ შემთხვევაში ბანკი 17.900 ლარით ნაკლებს დაგიმტკიცებთ. ამას გამოაკლდება ერთჯერადი საბანკო მომსახურება, კიდევ სხვა ხარჯები და ცხადია, ხელზე კიდევ უფრო ნაკლების აღებას შეძლებთ - რა თქმა უნდა, სესხი საერთოდ თუ დაგიმტკიცდათ.
საქართველოში დღეს არსებული ფასების გათვალისწინებით, წარმოუდგენელია, ასეთი შემოსავლის მქონე პირმა იპოთეკური სესხის აღება შეძლოს, მაგრამ თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, 14-15%-იანი სესხის პირობებში, ვინაიდან იპოთეკური სესხი გრძელვადიანია, ძველი წესით (50% ლიმიტი) ხელმისაწვდომი იქნებოდა მაქსიმუმ 75.100 ლარი. ახალი წესით (25% ლიმიტი) მაქსიმალური სესხი მცირდება 37.500 ლარამდე, ამას გამოაკლდება საბანკო მომსახურება და კიდევ სხვა ხარჯები. ასე რომ, დაბალშემოსავლიანებმა ბინებზე არც უნდა იოცნებონ. გამოდის, რომ ეროვნულმა ბანკმა პრობლემა ყველაზე დაუცველი მოსახლეობის ხარჯზე გადაწყვიტა.
რას მოიტანს დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის სესხების აღების გართულება, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელს გიორგი კეპულაძეს ვესაუბრეთ.
- თუ ადამიანს ან ოჯახს 2.000 ლარამდე შემოსავალი ჰქონდა, მას შეეძლო რამდენიმე პარალელური სესხის ყოველთვიურ გადასახადში 1000 ლარამდე მიემართა, ახლა კი ეს ლიმიტი 500 ლარამდე მცირდება. მარტივად რომ ვთქვათ, ვინაიდან სამომხმარებლო სესხის ვადა მაქსიმუმ 4 წლითაა განსაზღვრული, შემცირებული ყოველთვიური შენატანის ლიმიტის გამო 4-წლიან ჭრილში ავტომატურად მცირდება ასაღები სესხის მთლიანი მოცულობაც. ბანკის მიერ სესხის დასამტკიცებლად აუცილებელია, რომ მსესხებელი ამ ახალ ლიმიტებში ჩაეტიოს და მისი შემოსავალი საკმარისი იყოს. საბოლოო ჯამში ეს ცვლილება მოქალაქეებს სესხის აღებას რეალურად არ გაურთულებს და მასზე წვდომას არ შეუზღუდავს - იზღუდება მხოლოდ ასაღები თანხის მოცულობა. თან შეზღუდული ვადის გამოც იმდენად მცირე იქნება ასაღები სესხი, რომ ამ ფასების პირობებში ნამდვილად რთული იქნება რამე საჭიროების დაკმაყოფილება. ამიტომაც ამ ცვლილების გამო ადამიანს შეიძლება მოუწიოს არასაბანკო სექტორისთვის მიმართვა - მაგალითად, ოქროულობის დალომბარდება ან კერძო პირებისგან სესხის აღება. პირობითად, თუ მას სჭირდება 20.000 ლარი და ბანკი აძლევს მხოლოდ 15.000-ს, დარჩენილი 5.000 ლარის შოვნა სხვა წყაროებიდან მოუწევს. ეს კი ართულებს მდგომარეობას, თუმცა ეროვნულ ბანკს ამ ნაბიჯის გადადგმამ არსებული ინფლაციისა და ლარის მსყიდველუნარიანობის შემცირების გამო მოუწია. თუ 5-6 წლის წინ ოჯახს, რომელსაც 2.000-ლარიანი შემოსავალი ჰქონდა, შეეძლო 1000 ლარი სესხში გადაეხადა და დარჩენილი თანხით თავი გაეტანა, დღეს გაზრდილი ხარჯების გამო ეს შეუძლებელია. შესაბამისად, გაჩნდა რისკი, თუ ადამიანი იმავე მოცულობის სესხს აიღებს, დარჩენილი თანხა მას საყოფაცხოვრებო ხ���რჯების დასაფარად აღარ ეყოფა.
- გასაგებია, რომ ეროვნულმა ბანკმა ეს რეგულაცია ინფლაციის გამო გაამკაცრა, მაგრამ ამით რა პრობლემას მოაგვარებს?
- ერთი შეხედვით, ეს ცვლილება ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის ზრდას შეამცირებს. თუმცა პრესრელიზში ნახსენები "ეკონომიკური ზრდა და ხელფასების მატება" ცოტა აცდენილია ამ გადაწყვეტილებასთან.
თუ ადამიანს შემოსავალი გაეზარდა, ის თავისუფლად გასწვდებოდა ძველი მოცულობის სესხს, ლიმიტის შემცირება კი მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკი რეალურ რისკებს ხედავს.
ეს რისკი მარტივია - 5 წლის წინანდელი 1000 ან 2.000 ლარით დღეს იმავეს ვეღარ ვყიდულობთ. თუ ადამიანს მივცემთ იმავე მოცულობის სესხს გაზრდილი საყოფაცხოვრებო ხარჯების გამო მას გადახდა გაუჭირდება, რაც მასშტაბურად გაზრდის ვადაგადაცილებულ სესხებს. ამიტომაც გადადგა ეროვნულმა ბანკმა ეს ბანკებისთვის არასასიამოვნო ნაბიჯი, რადგან მათ მომავალი წლიდან მოუწევთ ახალ მოდელზე გადაწყობა და მათ შემოსავალსაც ეს გარკვეულწილად შეამცირებს. ამ ნაბიჯით ეროვნულმა ბანკმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ლარის მსყიდველუნარიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა მთავრობას ჯერ კიდევ ძველი ზღვრები აქვს დატოვებული. მაგალითად, დღგ-სგან გათავისუფლების 100.000-ლარიანი ზღვარი დღეს აღარ არის ის, რაც 10 წლის წინ იყო. იგივე ითქმის ამანათების გამოწერის 300-ლარიან ლიმიტზე, რაც დაახლოებით 100 ევროა, რომლის გადაცილებისას უკვე განბაჟება გიწევს. დღეს ეს ზღვარი მინიმუმ 500-600 ლარი მაინც უნდა იყოს. სავარაუდოდ, მთავრობასაც მოუწევს ამ საგადასახადო ლიმიტების გადახედვა, რადგან ინფლაციამ ძველი მოცემულობა შეცვალა.
- ასეთი ჩარევები საბანკო საქმიანობაში, ანუ რაღაც ბარიერების დაწესება, რამდენად არის გამართლებული? ეს ხომ ჩემი და ბანკის ურთიერთობის საკითხია? ამ ლოგიკით მაშინ, პირობითად, საჭმელზეც ლიმიტებს უნდა მიწესებდეს, რომ ბევრი არ ვიყიდო, ხომ?
- საქართველოში საბანკო სექტორი მკაცრად რეგულირდება და ეროვნული ბანკი ხშირად აწესებს ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც ბანკებისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს. იდეალურ შემთხვევაში, ორი კერძო სუბიექტის გარიგება მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, თუმცა ჭარბვალიანობისა და ვადაგადაცილებული სესხების ზრდა ეროვნული ბანკისთვის უკვე პოლიტიკური პრობლემა და მთავარი თავსატეხი ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს საბანკო სექტორში ვადაგადაცილებული სესხების წილი მნიშვნელოვნად შემცირებულია და საშიშ ზღვართან ახლოსაც არ არის, მთლიანი ფინანსური სექტორის სურათი მაინც საყურადღებოა. "კრედიტინფოს" მონაცემებით, 375 000-ზე მეტ მოქალაქეს აქვს სამ თვეზე მეტი ვადაგადაცილება, რაც ძირითადად არასაბანკო სექტორზე მოდის. თუმცა, რადგან მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს სწორედ საბანკო სექტორი ემსახურება, ეროვნული ბანკი ცდილობს მაქსიმალურად კონსერვატიული მიდგომა შეინარჩუნოს.
ეს კონსერვატიული პოლიტიკა ჯერ კიდევ კობა გვენეტაძის პრეზიდენტობის პერიოდში გააქტიურდა და ახალი მენეჯმენტის პირობებშიც გრძელდება. ეროვნული ბანკისთვის სესხების გაცემის ტემპის შენელება პრობლემას არ წარმოადგენს და მათი ლოგიკა მარტივია - ჯობს გაიცეს ნაკლები სესხი და პორტფელი იყოს სტაბილური, ვიდრე გაიცეს ბევრი და სამომავლოდ პრობლემები შეიქმნას. ეროვნული ბანკის პოლიტიკა შეუქცევადია. მიუხედავად იმისა, რომ ამან ცალკეულ მომხმარებლებს შეიძლება პრობლემები შეუქმნას, ეროვნულ ბანკს აინტერესებს ზოგადი სურათი სექტორში. როგორც ჩანს, ის ამ პოლიტიკის გადახედვას არ აპირებს, თუნდაც მენეჯმენტი შეიცვალოს ან "ქართული ოცნების" მიერ არაკონტროლირებადი გახდეს. ამ პოლიტიკის შედეგებზე მსჯელობა შეიძლება, მაგრამ ერთი რამ ცხადია - სავარაუდოდ, მცირე სესხების, განსაკუთრებით კი სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი უფრო შემცირდება. თუ ადრე მომხმარებელი ორჯერ უფრო დიდი სესხის აღებას ახერხებდა, მომავალი წლიდან ეს ზედა ჭერი მნიშვნელოვნად - ფაქტობრივად, განახევრდება იმ პირებისთვის, ვისაც 2.500 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს.
დღეს საშუალო ხელფასზე საუბრისას აჯობებს მედიანურ ხელფასს შევხედოთ. მედიანური მაჩვენებელი ადასტურებს, რომ დასაქმებულთა ნახევარზე მეტს ხელზე 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს. პოლიტიკურად და თავმოსაწონებლად საშუალო ხელფასი, დაახლოებით 2.200-2.300 ლარი, ანუ ხელზე ასაღები 2.000 ლარზე ცოტა ნაკლები უკეთესად ჩანს, მაგრამ ეს რეალობას არ ასახავს, რადგან საშუალო ხელფასის სტატისტიკაში მაღალშემოსავლიანთა წილია გათვალისწინებული. მედიანური ხელფასი კი ზუსტად აჩვენებს სურათს და სამწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობას 2.000-ლარიანი შემოსავალი ნამდვილად არა აქვს.
საბოლოო ჯამში, ეროვნული ბანკის ეს ნაბიჯი ერთგვარი აღიარებაა, რაც პოლიტიკურად სულაც არ არის მომგებიანი "ქართული ოცნებისთვის". მართალია, ეს ინსტიტუტი დამოუკიდებელია, მაგრამ ყველამ ვიცით, ვინ მართავს მას და ვის ინტერესებს ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, ეს ინსტიტუტი, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ ლარი გაუფასურდა, მისი მსყიდველუნარიანობა შემცირდა და ქვეყანაში ინფლაციაა - განსაკუთრებით თვალსაჩინოა განსხვავება ლიმიტების დაწესების საწყის ნიშნულსა და დღევანდელ რეალობას შორის.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.