გია ვოლსკი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე - წარმოდგენილი ვიდეო და რეალობა ვერანაირად ვერ გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ მის მიმართ გადაჭარბებული ფიზიკური ძალა გამოიყენეს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პატიმარ გიორგი დავითაძის მიერ ბადრაგის მხრიდან სავარაუდო ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებას გამოეხმაურა და აღნიშნული „მოგონილ თემად“ და „დადგმულ სპექტაკლად“ შეაფასა. თავის მხრივ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება დეზინფორმაციად მიიჩნია და მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსჯავრდებულმა საგანი გადაყლაპა და „ვივამედში“ გადაყვანაზე უარი განაცხადა.

ეს განცხადება ხალხის ასაღელვებლად ჩამოაყალიბეს - სიტყვა „გაუპატიურება“ გამოყენებული უნდა ყოფილიყო, თუმცა გარკვეულ ლიმიტებში მოექცნენ და მოიგონეს „თითითა და ხელთათმანით გაუპატიურება”, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც პატიმარ გიორგი დავითაძის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
ვოლსკის თქმით, განცხადება, თითქოს, პატიმარზე სექსუალურად იძალადეს, მოგონილი თემაა და დადგმულ სპექტაკლს ჰგავს.
„პატიმრობაში მყოფი ადამიანი საგანგებო ყურადღებას საჭიროებს. მას ისედაც შეზღუდული აქვს თავისუფლება. მნიშვნელობა არ აქვს, რა დანაშაულია ჩადენილი, პატიმრისა და მისი ღირსების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება უნდა არსებობდეს.
წარმოდგენილი ვიდეო და რეალობა ვერანაირად ვერ გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ მის მიმართ გადაჭარბებული ფიზიკური ძალა გამოიყენეს. ძალიან ძნელი სანახავია, როდესაც ზედამხედველი ან ზედამხედველთა ჯგუფი ვინმეზე ფიზიკურ ძალას იყენებს - ნებისმიერზე, სააკაშვილზეც გამოიყენეს, გახსოვთ. მაგრამ ხანდახან იქმნება ისეთი ვითარება, როდესაც ძალის გამოყენება და დეესკალაციის ოთახში შეყვანა აუცილებელი ხდება. ეს მხატვრულ ფილმშიც კი ძნელი სანახავია, მაგრამ ფაქტია, რომ დანაშაული და შინაგანი წესის გადაცდომა არ მომხდარა.
ის, თითქოს „თითით გაუპატიურებას” ჰქონდა ადგილი, მოგონილი თემაა და კარგად დადგმულ სპექტაკლს ჰგავს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თვითონ ძალის გამოყენება და დეესკალაციის ოთახში შეყვანა - ეს ქმედებები ემოციურად ძალიან ძნელი აღსაქმელია, მითუმეტეს, როცა საქმე პატიმარს ეხება, ვინც არ უნდა იყოს ის.
რად უნდა უღირდეს ერთია, მაგრამ ფაქტია რომ არ მომხდარა. ეს განცხადება ხალხის ასაღელვებლად ჩამოაყალიბეს. სიტყვა „გაუპატიურება” გამოყენებული უნდა ყოფილიყო, თუმცა გარკვეულ ლიმიტებში მოექცნენ და მოიგონეს „თითითა და ხელთათმანით გაუპატიურება”. ფაქტია, რომ ეს ბრალდება ექსპერტიზის არცერთი შედეგით არ დასტურდება. სამწუხარო და ცუდი სანახავია, როდესაც ციხის ზედამხედველებს ძალის გამოყენება მოუხდათ, მაგრამ სასჯელაღსრულების სისტემაში ასეთი რამ პერიოდულად ხდება”, - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.
ამ განცხადებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ ასევე პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.
უწყების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.