მედია: მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს
რუსეთში, ვორონეჟის ოლქში დააკავეს თეიმურაზ გოგიაშვილი, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და 19 წლის ქალიშვილის მკვლელობაში. სამართალდამცავების ცნობით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, მამუკა წერეთლის 53 წლის ყოფილი ცოლის, ელენა წერეთლისა და მათი 19 წლის ქალიშვილის, დარიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი თეიმურაზ გოგიაშვილი ვორონეჟის ოლქში დააკავეს.
3 ოქტომბერს მოსკოვში, ჟულებინოს ბულვარზე მდებარე სახლის აივანზე წერეთლის დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინეს. ბინიდან ასევე იარაღების საცავი და საბრძოლო აღჭურვილობა ამოიღეს. მოგვიანებით, პოლიციამ გოგიაშვილის ავტოფარეხი გაჩხრიკა, სადაც წერეთლის შვილის ცხედარიც იპოვეს.
რუსული მედიის მიხედვით, გოგიაშვილი და წერეთელი პარტნიორები იყვნენ და ერთად ცხოვრობდნენ.
TASS სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს, რომ გოგიაშვილმა დანაშაული აღიარა - მან თავდაპირველად ავტოფარეხში დარია მოკლა, შემდგომ კი - დედამისი.
"მან ორივე მკვლელობა აღიარა. თქვა, რომ თავიდან ავტოფარეხში გოგო მოკლა, ხოლო შემდეგ დედამისი". - უთხრეს რუსმა სამართალდამცავებმა სახელმწიფო მედია TASS-ს.
დაკავებისას გოგიაშვილთან ერთად 40 წლის ქალი იმყოფებოდა, რომელიც ამჟამად ეჭვმიტანილია - პოლიცია ვარაუდობს, რომ ის დანაშაულის თანამონაწილე იყო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ფინანსებთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა.
მამუკა წერეთელი რუსეთში მოღვაწე რესტორატორი და პაბ Beer Pairing-ის დამაარსებელია. ის ელენა წერეთელს 2020 წელს გაშორდა. ცოლ-ქმარი გაშორების შემდგომაც ერთობლივ კომპანიას, Даник-ს ფლობდა, რომელიც უძრავი ქონების მართვით არის დაკავებული.
პროკრემლისტური მედია, MASH წერს, რომ თეიმურაზ გოგიაშვილი ფიტნეს-ტრენერია და ასევე ავტომანქანების ნაწილების გაყიდვებისა და ტექმომსახურების სფეროში ინდმეწარმედ არის რეგისტრირებული. გამოცემის მიხედვით, 2026 წლის მონაცემებით მისი ბიზნესის წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო საქმე არის აღძრული, რომელთაგან ერთი უკვე წააგო, მეორე კი კვლავ გრძელდება.
პარალელურად, გამოცემა Важные истории-ისა და ტელეგრამ-არხ ASTRA-ს მიხედვით, 2014 წლიდან გოგიაშვილი უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მხარეს, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საველე მეთაურთან, არსენ პავლოვთან, მეტსახელად "მოტოროლასთან" ერთად იბრძოდა, ბატალიონ "სპარტაში" შედიოდა და მეტსახელად "გოგი" ანდა "გოგა" ერქვა. ამავე პერიოდში ის თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. იუსტიციის მინისტრზე იყო დაქორწინებული.
ამასთან, Цензор.НЕТ-ის მიერ 2015 წელს გამოქვეყნებული გამოძიების მიხედვით, გოგიაშვილი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებს საქართველოში თაღლითობის ჩადენისა და მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ შეუერთდა.
ამავე გამოძიების თანახმად, მანამდე ის ლუგანსკში ვ. დალის უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, მოგვიანებით ლოჯისტიკის კომპანიებში მენეჯერის თანამდებობა ეკავა და რუსულ სამთო-მეტალურგიულ კომპანია SEVERSTAL-ში მუშაობისას რუსულმა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს.
გარდა ამისა, როგორც Важные истории წერს, გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით, გოგიაშვილი 2019 წლიდან 2021 წლამდე რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში, Россия сегодня-ში მუშაობდა, 2021 წელს კი რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიიღო.
პროკრემლისტური MASH ასევე წერს, რომ გოგიაშვილმა უმაღლესი განათლება საერთაშორისო ეკონომიკის მიმართულებით მიიღო, შემდგომ ენერგეტიკისა და სამთო-მეტალურგიის სფეროებში მენეჯერად მუშაობდა და თაღლითობის საქმის გამო საქართველო დატოვა.
პარალელურად, ტელეგრამ-არხი ASTRA-ს მიხედვით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ გოგიაშვილი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არაერთხელ გადასულა.
ციტატები სტატიიდან
„მან ორივე მკვლელობა აღიარა. თქვა, რომ თავიდან ავტოფარეხში გოგო მოკლა, ხოლო შემდეგ დედამისი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.