„ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია... ათზე მეტი შეხვედრა მქონდა“ - კობახიძე მაღაროელების პრობლემებზე
ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ჭიათურაში არსებული ვითარება და მაღაროელების პრობლემები კომპლექსურია და მათ მოსაგვარებლად მრავალი შეხვედრა გაიმართა. სტატიაში ასევე საუბარია ჭიათურელი მაღაროელების პროტესტზე, ხელფასების დაგვიანებაზე, რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ უმუშევრობაზე და სასამართლოს მიერ დაკავებული მაღაროელებისთვის პატიმრობის შეფარდებაზე.

ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია და მარტო მიმდინარე წელს ათზე მეტი შეხვედრა მქონდა კონკრეტულად ჭიათურის თემებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის" ეთერში განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრობლემები რჩება და ამაზე ზრუნვა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
„ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია და მარტო მიმდინარე წელს ათზე მეტი შეხვედრა მქონდა კონკრეტულად ჭიათურის თემებთან დაკავშირებით, მათ შორის პირველ რიგში, მაღაროელების პრობლემებთან დაკავშირებით იყო ხელფასების გაცემის პრობლემა, სხვადასხვა პრობლემები. ამით ვართ ყოველდღიურად დაკავებული და პრობლემები რჩება და ამაზე ზრუნვა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი 2024 წლის ნოემბერში დაიწყო, როცა „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად შეაჩერა. კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის „რადიკალურ პროტესტს“ ასახელებდა. მაღაროელები კი აცხადებდნენ, რომ ხელფასების 60%-ის ანაზღაურება ხშირად გვიანდებოდა. 2025 წლის 28 თებერვლიდან მაღაროელებმა ჭიათურაში საპროტესტო აქციები განაახლეს, სადაც ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენდა კუთვნილი ხელფასების დარიცხვა, კომპანიის ჭიათურის მაღაროების მართვიდან გასვლა, მანგანუმის წარმოების ნაციონალიზაცია და ჭიათურელებისთვის ფონდის შექმნა, სადაც შემოსავლების 10% აკუმულირდებოდა.
მაშინ, ჯანდაცვის სამინისტროში სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფმა შეთანხმება მოამზადა, რომლის მიხედვითაც კომპანია CMC მიწისქვეშა სამუშაოებს გარკვეული დათქმებით განაახლებდა, ხოლო მთავარი პირობა რეორგანიზაცია იყო. პროცესი კომპანიამ გაზაფხულზე დაიწყო და როგორც დღეს პროტესტის მონაწილე მაღაროელები აცხადებენ, რეორგანიზაციის შემდეგ დასაქმებულთა ნახერვარზე მეტი უმუშავრად დარჩა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აქციების პროცესში დაკავებულ 4 მაღაროელს პატიმრობა მიმდინარე წლის ივლისში მიუსაჯა.
მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა, თენგიზ გველესიანს და არჩილ ჭუმბურიძეს კი 4 წელი და 3 თვე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.