ვინ გახდა მოსკოვის სამიზნე უკრაინის რკინიგზაზე განხორციელებული თავდასხმისას
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის სატრანზიტო ქსელისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმებს აფართოებენ. ატლანტიკური საბჭოს ფორუმზე დასავლელმა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მოსკოვის მიზანია ეკონომიკური ცხოვრების განადგურება და დასავლეთის სიმტკიცის გამოცდა. დასავლელმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა მოუწოდეს მოკავშირეებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბიუჯეტო დახმარების აღმოსაჩენად.

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი
რუსეთის შეიარაღებული ძალები საჰაერო ომს დასავლეთით აფართოებენ. ისინი მიზანმიმართულად ბომბავენ სამგზავრო მატარებლებსა და სასაზღვრო ჰაბებს პოლონეთის სიახლოვეს, რათა უკრაინის სატრანზიტო ქსელი მწყობრიდან გამოიყვანონ.
ატლანტიკური საბჭოს ფორუმზე დასავლელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოსკოვის ამოცანაა, გაანადგუროს საბაზისო ეკონომიკური ცხოვრება უკრაინაში და გამოცადოს დასავლეთის სიმტკიცე.
ატლანტიკური საბჭოს 14 სექტემბრის დისკუსიას წინ უძღოდა იმ სარკინიგზო შემადგენლობის დაბომბვა, რომელშიც უცხოელი დელეგატები მგზავრობდნენ.
გენერალმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა, რომ პოლონეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში, მის მატარებელში სამჯერ გამოაცხადეს ევაკუაცია, გვერდითა მატარებლის ლოკომოტივს კი დრონი დაეცა:
„მატარებლიდან მგზავრები სამჯერ ჩამოიყვანეს. იქვე ბენზინგასამართი სადგური და მეზობელ ლიანდაგზე მდგარი ლოკომოტივი დაიბომბა. რუსეთი ცდილობს, უკრაინამ ვერ შეასრულოს სახელმწიფოს ფუნქცია, ვერ გადაიყვანოს მგზავრები, ვერ გადაზიდოს ტვირთი და სამხედრო აღჭურვილობა.
გადამწყვეტია არა ის, თუ ვინ რას გამოიგონებს სხვაზე ადრე, არამედ ის, თუ ვინ განავითარებს ამ გამოგონებას, ვინ გააფართოებს მის წარმოებას, ან გააუმჯობესებს მას უფრო სწრაფად, ვიდრე მოწინააღმდეგე კონტრზომებს მოიგონებს. ეს ომი ადაპტაციის ომია“.
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომლის მატარებელმა დაბომბვამდე ცოტა ხნით ადრე გაიარა, თქვა, რომ მსგავსი თავდასხმები კრემლის პანიკაზე მეტყველებს:
„რუსები მოძრავ მატარებელს ადვილად არ ურტყამდნენ. როგორც ვხედავთ, ეს შეიცვალა. ისინი დღეს უფრო აგრესიულად ესხმიან თავს გმირ უკრაინულ რკინიგზას. ესაა პუტინის სასოწარკვეთილება. მას სურს, გაზარდოს ტერორიზმი და დააშინოს უკრაინელი ხალხი.
ეს დავითისა და გოლიათის ბრძოლაა. დავითს ხელთ უპყრია შურდული, რომლითაც რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურას ანადგურებს. რატომ ვთხოვთ უკრაინელებს, რომ შურდული ძირს დადონ? ეს სრული სიგიჟეა. პუტინს მთელი უკრაინა სურს“.
პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ კვასნევსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვს მოწინააღმდეგის სრული დამორჩილება სურს:
„პუტინის ნამდვილი ამოცანაა, მთელი უკრაინა რუსეთის გავლენის ზონაში მოაქციოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება, უკრაინის და რუსეთის კონფლიქტი კი მომავალ თაობებს გადაეცემა“.
ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა კლარა მალუდეროვიჩმა გაიხსენა, როგორ იმალებოდა მინდორში უკრაინის მოქალაქეებთან ერთად:
„ჩვენ მატარებელში უმთავრესად ქალები და ბავშვები მგზავრობდნენ. ის სამხედრო სამიზნე არ იყო. შემაძრწუნებელია, როდესაც თავს ზემოთ შაჰედის ხმა გესმის და იცი, რომ გხედავენ“.
თავდასხმების შესაჩერებლად სპიკერებმა დასავლეთს სთხოვეს, უკრაინას პატრიოტის რაკეტები, აგრეთვე საჰაერო თავდაცვის სხვა ტექნოლოგიები გაუგზავნონ; ამას გარდა, კიევს 27-მილიარდის დოლარის საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვაში დაეხმარონ და გაამკაცრონ რუსეთის ენერგეტიკაზე დაწესებული სანქციები.
მათი აზრით, უკრაინამ ნატოში გაწევრიანების გარანტია უნდა მიიღოს, რითაც პუტინს გამარჯვების თეორია ხელიდან გამოეცლება.
ციტატები სტატიიდან
„მატარებლიდან მგზავრები სამჯერ ჩამოიყვანეს. იქვე ბენზინგასამართი სადგური და მეზობელ ლიანდაგზე მდგარი ლოკომოტივი დაიბომბა. რუსეთი ცდილობს, უკრაინამ ვერ შეასრულოს სახელმწიფოს ფუნქცია, ვერ გადაიყვანოს მგზავრები, ვერ გადაზიდოს ტვირთი და სამხედრო აღჭურვილობა. გადამწყვეტია არა ის, თუ ვინ რას გამოიგონებს სხვაზე ადრე, არამედ ის, თუ ვინ განავითარებს ამ გამოგონებას, ვინ გააფართოებს მის წარმოებას, ან გააუმჯობესებს მას უფრო სწრაფად, ვიდრე მოწინააღმდეგე კონტრზომებს მოიგონებს. ეს ომი ადაპტაციის ომია“
„რუსები მოძრავ მატარებელს ადვილად არ ურტყამდნენ. როგორც ვხედავთ, ეს შეიცვალა. ისინი დღეს უფრო აგრესიულად ესხმიან თავს გმირ უკრაინულ რკინიგზას. ესაა პუტინის სასოწარკვეთილება. მას სურს, გაზარდოს ტერორიზმი და დააშინოს უკრაინელი ხალხი. ეს დავითისა და გოლიათის ბრძოლაა. დავითს ხელთ უპყრია შურდული, რომლითაც რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურას ანადგურებს. რატომ ვთხოვთ უკრაინელებს, რომ შურდული ძირს დადონ? ეს სრული სიგიჟეა. პუტინს მთელი უკრაინა სურს“
„პუტინის ნამდვილი ამოცანაა, მთელი უკრაინა რუსეთის გავლენის ზონაში მოაქციოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება, უკრაინის და რუსეთის კონფლიქტი კი მომავალ თაობებს გადაეცემა“
„ჩვენ მატარებელში უმთავრესად ქალები და ბავშვები მგზავრობდნენ. ის სამხედრო სამიზნე არ იყო. შემაძრწუნებელია, როდესაც თავს ზემოთ შაჰედის ხმა გესმის და იცი, რომ გხედავენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.