HRC-ის ანგარიში: გრიგორიადისის და ბაჩალიაშვილის მამებს აქციაზე, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ

შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ სავარაუდო ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ (HRC) მოკლე ანგარიში გამოაქვეყნა.
რესპონდენტებმა, რომლებიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2023 წლის იანვრიდან დღემდე ჩაწერა, ინტერვიუებში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად აღნიშნეს, რომ აქციებში მონაწილეობისას, მათ, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ უცნობი პირები. ინტერვიუების დროს, პოლიტიკური პარტიის და სამოქალაქო გაერთიანების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე ისინი არაერთხელ გამხდარან ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტები.
ანგარიშში კონკრეტული მაგალითებიც არის მოხმობილი. როგორც ორგანიზაცია მიუთითებს, 2023 წლის 28 მაისს პარლამენტის წინ პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე HRC-ის მონიტორმა აქციის პერიმეტრზე შენიშნა ორი არაიდენტიფიცირებადი პირი – კაცი და ქალი, რომლებიც, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ აქციის მონაწილეებს – გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს და 2023 წლის 8-9 მარტის საპროტესტო აქციის შემდეგ დაპატიმრებული სამოქალაქო აქტივისტის, ს მამას, ბექა გრიგორიადისს.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა და ბექა გრიგორიადისმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორს განუცხადეს, რომ მათ ეს ორი პირი უთვალთვალებდა აქციის დაწყების მომენტიდან.
„მოგვიანებით, მონიტორინგის დროს გადაღებული ფოტოების დეტალური გაცნობისას მონიტორმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც, სავარაუდოდ, უთვალთვალებდა აქციის მონაწილეებს, იმყოფებოდა პირველ გიმნაზიასთან შეკრებილ პოლიციელებთან ერთად. ეს გარემოება შესაძლოა, მიანიშნებდეს, რომ ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ბექა გრიგორიადისი, სავარაუდოდ, იყვნენ ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტები“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ორგანიზაციის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ აქციის მონაწილეების მიმართ შესაძლოა, იყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებები, არსებობდა რისკი, რომ ამ პროცესში დამუშავებულიყო იმ პირთა მონაცემები, რომელთაც გამოძიებასთან არ ჰქონიათ შემხებლობა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს პროკურატურას და ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს:
შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეების მიმართ არ განახორციელოს ფარული საგამოძიებო მოქმედებები, გარდა კანონით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.
საქართველოს საერთო სასამართლოებს:
ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე ნებართვის გაცემისას ან/და დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს ეროვნული კანონმდებლობით და მსგავსი მოქმედებები დაუშვას მხოლოდ კანონით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს:
ზედამხედველობა გაუწიოს აქციების მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების სავარაუდო ფაქტებს და დარღვევების იდენტიფიცირების შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. მისი საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში მეცხრე თვეა გრძელდება – ეს დრო სასამართლოს მხოლოდ პროკურატურის მტკიცებულებების გამოსაკვლევად დასჭირდა.
მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს, ამ საქმის განხილვის პარალელურად, 25 სექტემბერს სასამართლომ წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2 წლის წინ მამის დაჭრის ფაქტზე.
პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი იპოვეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.
2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე დახურა. „მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან თავი თვითმკვლელობით დაასრულა”, – განაცხადა საქმის პროკურორმა.
პროკურატურის ვერსია მიუღებელია გარდაცვლილის ოჯახისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ