პაატა ჩხეიძე: ჩაკრულო. საბედნიეროდ გვაქვს ამ დიდებული სიმღერის ტექსტის სხვა, ლოგიკური და ამაღლებული ვერსიები!

“ჩაკრულო
„ჩაკრულოს“ მოვუსმინე ‘რანინაში’. მშვენიერი სიმღერაა და მშვენივრად მღერიან ბავშვები.
– მაგრამ რას მღერიან?
– მღერიან აჯანყებული ყმების სიმღერას, რომელთაც გადაუწყვეტიათ საძმო ფიცი დადონ, თავს დაესხან მუხრანაბტონს და აიკლონ. სიმღერის ტექსტის ნაწილს აშკარად ბოლშევიკურ-ტერორისტული შინაარსი აქვს და მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ან მეოცეს დასაწყისში უნდა იყოს დაწერილი.
ოთარ ჩხეიძე წერდა ამ სიმღერაზე, გაკვრით, და ‘გაფუჭებულ სიმღერას’ უწოდებდა. – რატომაა გაფუჭებული სიმღერა? – იმიტომ რომ სიმღერა ორი ნაწილისაგან შედგება: ერთი ნაწილი ბოლშევიკურ-ტერორისტულია:
ხიდისთავს შევკრათ პირობა,
ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია,
ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა,
თავს დავანგრიოთ ბანია.
მუხრან ბატონის ყმობითა,
ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა,
დეკეული ვერ გავზარდე,
კალო ვერ ვლეწე მოზვრითა.
და მეორე კი – ეროვნული, პატრიოტული:
ხმალო ხევსურეთს ნაჭედო,
თელავში თუშმა გაგფერა,
მეფე ერეკლემ გაკურთხა,
საომრად ჯვარი დაგწერა.
მტერო დამჩაგრე არ ვსტირი,
ტირილი დიაცთ წესია,
ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში,
მაგრამ არ დამიკვნესია.
მაცადე ერთი ავლესო,
ხმალ-ჩახმახ ცეცხლის მკვესია,
სულ წმინდათ მოგამკევინო,
რაც ჩემთვის დაგითესია…
ვრცელი ტექსტოლოგიური ანალიზი არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ეს ორი ნაწილი ხელოვნურადაა ერთმანეთთან გადაკერებული. ტექსტის პირველ ნაწილში ტერორისტები ემზადებიან მუხრან ბატონის ასაკლებად. უთუოდ ასე ემზადებოდნენ ილიას მოსაკლავადაც. მუხრან ბატონი ქართლელი ფეოდალი გახლდათ. ტექსტში ნახსენებია ხიდისთავი, რაშიც ან თბილისთან ახლოს მდებარე სოფელი იგულისხმება და, ან – გორთან ახლოს მდებარე.
მეორე ნაწილში ერეკლე მეორის ერთგული მეომრები საქართველოს მტერთან საომრად ემზადებიან. ნახსენებია ხევსურეთში ნაჭედი, თელავში თუშის მიერ გაფერილი ხმალი; ეს უკვე სხვა გეოგრაფიული ადგილებია და სამუხრანოდან შორს არის. გარდა ამისა, ტექსტის მეორე ნაწილში ნახსენებ ‘მტერში’ ყმების მჩაგვრელი ბატონი კი არა, არამედ საქართველოს მტერი უნდა იგულისხმებოდეს.
ამრიგად, ის რასაც დღეს ბავშვები მღეროდნენ და რაც ხშირად გაისმის ეთერში, არა მხოლოდ ‘გაფუჭებული’ ტექსტია მშვენიერი სიმღერისა, არამედ – ალოგიკური და მავნეც კი.
სიტყვას დიდი ძალა აქვს. ტექსტი, რომელსაც ბავშვები წარმოთქვამენ, მათ გონებაში იბეჭდება და იქ რჩება.
საბედნიეროდ გვაქვს ამ დიდებული სიმღერის ტექსტის სხვა, ლოგიკური და ამაღლებული ვერსიები!” – წერს სოციალურ ქსელში ფილოლოგი პაატა ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ