BBC: ავღანეთში ბანკის წინ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაიღუპა 21 ადამიანი

ავღანეთში ქალაქ ყანდაარში თვითმკვლელმა ტერორისტმა ბანკის წინ თავი აიფეთქა. როგორც ავღანეთის რეგიონალური ჰოსპიტალის ერთ-ერთმა ექიმმა ანონიმურობის დაცვით BBC-ის უთხრა, აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე ადამიანი კი დაშავდა.
თალიბანის მთავრობა კი აცხადებს, რომ მომხდარს მხოლოდ 3 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი პოლიციის თქმით, დანარჩენი ადამიანები დაშავებულნი არიან.
ქალაქის ცენტრში მდებარე ბანკის წინ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ადგილობრივი დროით 08:00 საათზე აიფეთქა.
როგორც BBC აღნიშნავს, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც თალიბანის მთავრობის მიერ დასაქმებული პირები ხელფასის ასაღებად რიგში იდგნენ.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.