ბუნდესტაგის წევრის თქმით, თუ ოცნება რუსულ კანონს მიიღებს, თანამშრომლობას გადახედავენ

ბუნდესტაგის წევრი, ანიკო გლოგოვსკი-მერტენი ქართული ოცნების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს ეხმაურება და მას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.
გლოგოვსკი-მერტენი აღნიშნავს, რომ კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია და თუ მას მიიღებენ, პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა მოუწევთ.
ბუნდესტაგის წევრი ამბობს, რომ [რუსული] კანონის მიზანია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დისკრედიტაცია.
“საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს შეზღუდოს სამოქალაქო ჩართულობა. 2023 წელს მათ ერთხელ უკვე სცადეს კანონის „უცხოური აგენტების შესახებ“ მიღება, რომელიც კრიმინალებად აცხადებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და საინფორმაციო არხებს, რომლებიც შესაძლოა საგარეო დაფინანსებას იღებდნენ ან აშუქებდნენ იმ საკითხებს რომლებიც არ აწყობს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. კანონის მიზანია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დისკრედიტაცია, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიული და თავისუფალი ერის განუყოფელი ნაწილია.
შესაძლოა, კანონპროექტს სახელი შეუცვალეს, მაგრამ კანონის სახელწოდება არ ახდენს მის ცვლილებას – იქნება ეს “კანონი უცხოელი აგენტების“ შესახებ თუ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი” – მნიშვნელოვანია მისი განზრახვა და შინაარსი. ეს კანონი არის თავდასხმა დემოკრატიულ პროგრესზე, რომლის მისაღწევადაც ქართულმა საზოგადოებამ ძლიერად იმუშავა მრავალი წელი. ეს შეუთავსებელია ევროპის კავშირში გაწევრიანების სწრაფვასთან, რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეები იბრძვიან წლების განმავლობაში.
მსგავსი კანონები ევროპის კავშირში არ არსებობს – და ამისთვის კარგი მიზეზი არსებობს. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დისკრედიტაციის მიზნით ე.წ. უცხოური აგენტის კანონის ხელახალი შემოღება, საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს თანამშრომლობას ევროპელ მოკავშირეებთან, ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ დეპუტატებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვან ამგვარი კანონის მიღების გეგმებზე. თუ ამ კანონის მიღება მოხდება, იძულებულები ვიქნებით სრულად გადავხედოთ ჩვენს თანამშრომლობას განვითარების სფეროში, საქართველოს მთავრობასთან ერთობლივი პროექტების ჩათვლით”, – განაცხადა მან.
მიმართვას ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი ავრცელებს.
თანამშრომლობის გადახედვაზე უკვე ილაპარაკეს ამერიკელმა სენატორებმაც. კერძოდ, 26 აპრილს, 14 ამერიკელმა სენატორმა პრემიერმინისტრ ს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, -საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობა დადეს.