შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ არ შეიძლება 1 ოქტომბერს აქცია ჩატარდეს, მაინც მივალთ – ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მისცა მათ ნება 1 ოქტომბერს რიყის დოქებთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია ჩაატარონ. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად დაბრკოლებებისა, ისინი 17 საათზე მაინც შეიკრიბებიან და მოუწოდებენ მოქალაქეებს, ვინც აცნობიერებს სააკაშვილის თავისუფლების მნიშნელობას, შემოუერთდნენ.
“გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5 წლის თავზე, რომ აქცია ჩატარდეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით და თურმე რიყის პარკში აქციის ჩატარება არ შეუძლიათ საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს, თუ ამის ნება არ ექნა შსს-ს და მერიას.
ეს მითითება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არაკანონიერი გახლავთ, ეს შეუძლებელია, რომ, მაგალითად, საჯარო სივრცეში, თუნდაც პარკებში, სკვერებში გადაადგილების უფლება ეზღუდებოდეთ მოქალაქეებს იმის გამო, რომ ივანიშვილს ეშინია დღემდე ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმს დღემდე ყველაზე მეტად ეშინია ნაციონალური მოძრაობის და კარგად იციან, რომ აღმშენებლობის 9 წელიწადი აუცილებლად გაგრძელდება ამ ქვეყანაში და შეწყდება ნგრევის 14 წელი. კარგად იციან ის როლი, რომელსაც ითამაშებს მიხეილ სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად და ქართველ ხალხთან ერთად, პირველ რიგში, აი, ამ რეჟიმის დემონტაჟის საქმეში.
მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შეგვიქმნან, ჩვენ აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, რომელიც იქცა საქართველოს გაპარტახების, გაძარცვის სიმბოლოდ. დღეს თაღლითობის, ძარცვის ჰაბად და ცენტრად რომ აქცია ივანიშვილმა ის ქვეყანა იყო წინსვლის, ევროპული ინტეგრაციის, კორუფციის და კრიმინალის დამარცხების სიმბოლო და რიყის დოქები იქნებოდა დღეს მოდერნიზებული, თანამედროვე და ძლიერი ქართული სახელმწიფოს და თბილისის სიმბოლო და ახლა არის გაპარტახებული, გაძარცვული ქვეყნის სიმბოლო, სამწუხაროდ.
აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, აუცილებლად შევიკრიბებით 1 ოქტომბერს 17 საათზე და ყველა იმ ადამიანს, ვინც აცნობიერებს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თავისუფლების მნიშვნელობას, მის ისტორიულ წვლილს და ანტიქართული რეჟიმის მოშორების აუცილებლობას, კვლავინდებურად გეპატიჟებით, მიუხედავად ნებისმიერი ტექნიკური დაბრკოლებისა, რომლის შექმნასაც, რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმი შეეცდება ჩვენთვის.” – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
“არა რუსულ რეჟიმს, თავისუფლება მიშას, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს” – აქცია 1 ოქტომბერს, 17 საათზე, რიყის დოქებთან გაიმართება.