შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.
2 ნოემბერს, გვიან ღამით, ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებზე ძალადობის საქმეზე, უკვე დაკავებული არიან მანჩო გიორგობიანი და კიდევ 4 ადამიანი.
შსს-ს ცნობით, ერთ-ერთი დაკავებულს, სავარაუდოდ, უკანონოდ ჰქონდა შენახული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
გიორგობიანისთვის პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. მისი სასამართლოს დღეს, 7 ნოემბერს, გაიმართება.
პროკურატურის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ნოემბერს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში მანჩო გიორგობიანმა ამავე მაღაზიის თანამშრომლებს მოსთხოვა ფულადი თანხის დახურდავება, რაზე უარის მიღების შემდეგაც გახდა აგრესიული, მიაყენა დაზარალებულებს სიტყვიერი და მათ შორის ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით.
“მაღაზიიდან გასვლის შემდეგ მანანა გიორგობიანმა ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რასაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, გიორგობიანმა შემთხვევის ადგილზე მიიყვანა ხუთი პირი, რომლებიც ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულებს და მიაყენეს დაზიანებები, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორუმი




