რა თქვეს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენაზე

„პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ — ამ სახელწოდებით, -ის ჰელსინკის კომისიაში დღეს საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა.
ჰელსინკის კომისიის შეფასებით, საქართველო ოდესღაც აშშ-ის მთავარი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო, დღეს კი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას ს ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობას აღრმავებს.
ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ გადახვევაზე ჰელსინკის კომისიაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, „სამოქალაო იდეის“ დამფუძნებელ თინა ხიდაშელსა და ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარ ლუკ კოფის მოუსმინეს. ამ უკანასკნელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პირად პოზიციას წარმოადგენდა და არა — ინსტიტუტისას.
„მე დღეს აქ ვარ იმ ადამიანების სახელით, რომლებიც ციხეში სხედან და სიმბოლურად, მინდა დავასახელო მზია ამაღლობელი, — როგორც ჟურნალისტი, როგორც ქალი, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდაა დატყვევებული. სწორედ ამ ადამიანების სახელით მინდა ვისაუბრო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე და გავიხსენო, რომ უკვე 30 წელზე მეტია, აშშ მხარში გვედგა, რათა დაგვხმარებოდა დამოუკიდებელი, სტაბილური, პროდასავლური, რეფორმებზე ორიენტირებული სახელმწიფოს აშენებაში, რომელსაც დღეს ვკარგავთ“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო აშშ-სთვის სტრატეგიული გამარჯვება იყო რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, საქართველოს მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამ პარტნიორობას, სანდო მოკავშირისგან იზოლაციაში მოაქცია როგორც საკუთარი თავი, ისე ქვეყანა, რითიც თანდათან უფრო მეტად დაუახლოვა ქვეყანა შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებს.
„ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ხდება ანტიდასავლური და პრორუსული. „ქართული ოცნების“ საჯარო პოზიციები სულ უფრო აგრესიულ, ანტიამერიკულ ტონს იღებს: საჯარო შეტევები აშშ-ის წარმომადგენლებზე, ამერიკის პოლიტიკაზე, მტრული თავდასხმები პირადად პრეზიდენტ ტრამპზე და მის ადმინისტრაციაზე, აშშ-ის მიმართ ბრალდებები ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნაზე… პარალელურად, „ქართული ოცნების“ ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს პირველ რიგში, რუსეთთან (რუსული პიარის რიტორიკის კოპირება), ჩინეთთან (ანაკლიას პროექტი, სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკული პროექტის შეჩერების შემდეგ, ინფრასტრუქტურული პროექტები, უვიზო მიმოსვლა) და ირანთან“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან ისაუბრა, თუ რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი შეერთებული შტატებისთვის, ხაზი გაუსვა შავ ზღვაში ჩინეთისა და რუსეთის გაზრდილი გავლენას, მმართველი რეჟიმის კორპორატიულს კავშირს ირანთან და ტერორისტ ლიდერებთან და თქვა, რომ თუ რუსეთს საქართველოზე გავლენის გაფართოების უფლება მიეცემა, ამით დაბლოკავს ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის პოტენციალს, რომელიც შავ და კასპიის ზღვებს, ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს.
„კავშირი და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაცია აშშ-სა და ევროპელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს სამხრეთ ფლანგებზე ექსკლუზიური ბატონობის აღდგენა. რუსეთთან შემწყნარებლობა სახიფათოა! დრო აღარ არის ორაზროვნებისთვის, საჭიროა მკაფიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ! ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა, დიპლომატებმა და სამხედროებმა დიდი ძალისხმევა ჩადეს საქართველოს წარმატებაში. იმის ყურება, როგორ იკარგება ეს ინვესტიცია ანტიდემოკრატიული ქცევის, აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებთან წინააღმდეგობაში მყოფი მოქმედებებისა და მტრული რიტორიკის გამო, მიუღებელი უნდა იყოს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ისაუბრა ქართველი ხალხის იმედგაცრუებაზე იმის გამო, რომ აშშ და ევროკავშირი მეტ მკაცრ ზომებს ვერ იღებენ „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ.
თინა ხიდაშელმა ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ მიერ ავტორიტარულ ძალებთან კავშირების გაღრმავებაზე, განსაკუთრებით ჩინეთთან. ხიდაშელმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ანაკლიის პორტს დაჰპირდა ჩინურ კომპანიას, თუმცა საბედნიეროდ, გარიგება ჯერ არ დადებულა. მან ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი საქართველოში არ დებს რეალურ ინვესტიციებს, არამედ „ქართული ოცნების“ კორუფციული და კლეპტოკრატიული ბუნების გამოყენებით, ნახულობს სულ უფრო მეტ მოგებას 4.5 მილიარდზე მეტის ოდენობის გაფორმებული კონტრაქტებით, რაც მხოლოდ ნაწილია.
„ეს ყველაფერი თქვენი ფულია — საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ამერიკის, ევროკავშირის გადასახადების გადამხდელთა და საქართველოს მოქალაქეების ფული. ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ჩინეთი საქართველოში ათეულშიც კი არაა“, — თქვა ხიდაშელმა.
მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას აშშ-ისთვის, ევროპისათვის და საერთაშორისო საზოგადოებისათვის სამი ფუნდამენტური მიზეზით: გეოგრაფია, სტრატეგიული დაკავშირებადობა, დემოკრატიული მაგალითი.
„საქართველო მდებარეობს შუა დერეფნის — თანამედროვე აბრეშუმის გზის — გულში.საქართველოს გარეშე თავისუფალი კორიდორი არ არსებობს. თუ ამ ღუზას დავკარგავთ, კარი გაიღება რუსეთისთვის, ირანისთვის და ჩინეთისთვის“, — განაცხადა თინა ხიდაშელმა.
რუსეთთან და ჩინეთთან ერთად, „ქართული ოცნების“ ირანთან კავშირებზე გაამახვილა ყურადღება ლუკ კოფიმ. მისი თქმით, ნებისმიერ პარტნიორ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა საგანგაშოა, მაგრამ საქართველოში შედეგები განსაკუთრებულად სერიოზულია, რადგან ეს ძირს უთხრის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასაც.
„ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი თვლის, რომ პრეზიდენტ ტრამპთან თანხვედრაშია მათი კურსი, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა: ირანთან დაახლოება ტრამპის მსოფლხედვას არ შეესაბამება; ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაშვება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ტრამპის ხედვასთან შეუთავსებელია; რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შექმნა კი ხელს უშლის ტრამპის ძალისხმევას ში მშვიდობის მიღწევისთვის — რაც ამ თეთრი სახლის მთავარი საგარეო პრიორიტეტია“, — განაცხადა კოფიმ.
მას აბსურდული უწოდა „ოცნების“ დეზინფორმაციას, თითქოს დასავლეთი საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნას აძალებს და თქვა, რომ ძალის არგამოყენების პოლიტიკა, რომელიც 2010 წლიდანაა მიღებული, საუკეთესო პოლიტიკაა საქართველოსთვის.
„თბილისის მდინარისპირა პარკში დგას რონალდ რეიგანის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც ჩრდილოეთისკენ — რუსეთისკენ იყურება. ქართველებისთვის ის სიმბოლოა, რა შორი გზა გაიარეს საბჭოთა დროიდან და როგორი ნათელი მომავალი შეიძლება ჰქონდეთ. დასავლეთისთვის ეს გვახსენებს, რომ ცივი ომი უბრალოდ არ დასრულდა — ის მოიგეს. მოიგეს იმიტომ, რომ თავისუფლებამ და კაპიტალიზმმა სძლია ჩაგვრასა და კომუნიზმს; ეს იდეები აღმოჩნდა უფრო ძლიერი, ვიდრე ნატოს ნებისმიერი არმია. ისეთი პარტნიორობა, როგორიც ამერიკასა და საქართველოს შორისაა, ორივე მხარის ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა მოსკოვის მარწუხები მტკივნეულია, ეს მაინც მხოლოდ მცირე თავი́ა საქართველოს გრძელ და ამაყ ისტორიაში. აშშ-ის პოლიტიკამ საქართველოს მიმართ უნდა იყოს სტრატეგიული — მზად უნდა ვიყოთ, რომ ურთიერთობა ნორმალურ კალაპოტში დავაბრუნოთ, როცა პირობები ხელს შეუწყობს. მე მიყვარს საქართველო, ქართველი ხალხი, მათი სამზარეულო, ღვინო, კულტურა — და ერთი რამე ვიცი: არასდროს უნდა დადო ფსონი ქართველი ხალხის და მათი გამძლეობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლუკ კოფიმ.