სენატორი რიში: „ქართული ოცნება“ ქვეყანას ერთპარტიულ ტოტალიტარიზმთან აახლოებს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა სულ უფრო ხშირად ჰბაძავს ჩინეთის და რუსეთის ავტორიტარულ მმართველობას.
გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა 19 ივნისს, ღამით სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დრაკონული კანონების მიღება და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება სრულიად მიუღებელია.
სენატორ რიშის თანახმად, მთავრობა უზარმაზარ შეცდომას უშვებს, როცა ქვეყანა სულ უფრო შორს მიჰყავს მომავლისგან, რომელიც ხალხს სურს და ერთპარტიულ ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან აახლოებს.
ჯიმ რიშის განცხადებით, შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობები დაფუძნებულია საერთო ფასეულობებსა და ინტერესებზე, რომლებიც ამჟამინდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო და საგანგაშოდ შეტრიალდა ჩინეთისა და რუსეთისკენ, რომელთა ავტორიტარული სტილის მმართველობას სულ უფრო ხშირად ბაძავს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობის შემზღუდავი კანონები მიიღო და მათი აღსრულება დაიწყო.
ბოლო ხანს არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ აღიძრა ახალი საქმეები ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული პარლამენტის მიერ „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით დააპატიმრეს ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია. ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილმა პატიმრობა თავიდან აიცილა გირაოს გადახდით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

გია ბარამიძე: ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ. ეს ქალი საერთოდ არ მინახავს…