პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მართვის სფეროში გადადის და ახალი სახელწოდებით – „ეროვნული სადაზვერვო სააგენტო“ – სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად ჩამოყალიბდება.
შესაბამისი ცვლილებები 26 კანონშია გათვალისწინებული. საკანონმდებლო პაკეტი უკვე ინიცირებულია და მისი ავტორები “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან.
პროექტების მიხედვით, განისაზღვრება სააგენტოს უფლებამოსილებები, სტრუქტურა, ორგანიზაციული წესრიგი, დაფინანსების მექანიზმები და თანამშრომელთა უფლებრივი გარანტიები. ასევე ხაზგასმულია სააგენტოს საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა.
