2019 წლის შემდეგ პირველად, ჩრდილოეთ კორეამ დასავლელი ტურისტების მცირე ჯგუფისთვის საზღვრები გახსნა.
საზღვრების დაკეტვამდე ტურიზმი ქვეყანაში უცხოური ვალუტის შედინების, ფაქტობრივად, ერთადერთი წყარო იყო იმ ფონზე, რომ ჩრდ. კორეა ერთ-ერთი ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა.
Euronews-ის ცნობით, მიმდინარე კვირაში ქვეყანამ ტურისტები დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან, ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან მიიღებს – კოვიდპანდემიის შემდეგ პირველად.
გასულ წელს, ჩრდილოეთ კორეამ რუსი ტურისტები სათხილამურო ტურზე მიიღო.
ჩრდილოეთ კორეას, როგორც წესი, უცხოელი ტურისტებისთვის გარკვეული შეზღუდვები აქვს დაწესებული. ზოგ ტერიტორიაზე ფოტოების გადაღება აკრძალულია.
ჩრდ. კორეის საზღვრები 2020 წლის ივნისში, კოვიდპანდემიის გამო ჩაიკეტა.
