დაკავებული ვეფხია კასრაძის ცოლის თქმით, სახლში ჩხრეკაზე მივიდნენ, მას შემდეგ უთვალთვალებენ

დაპატიმრებული ვეფხია კასრაძის ცოლი ელენე კროტენტო-კასრაძე აცხადებს, რომ მისი ქმრის დაკავების შემდეგ სახლში ჩხრეკაზე მივიდნენ, მას შემდეგ კი უთვალთვალებენ.
როგორც ის ფორმულასთან საუბრისას ამბობს, ჩხრეკისას მას უთხრეს, რომ თუ მშვიდად იქნებოდა, პრობლემები არ ექნებოდა.
კასრაძის ცოლის თქმით, ჩხრეკიდან მეორე დღეს მის სახლთან და მისი ქმრის მანქანასთან რამდენიმე ადამიანი შეამჩნია, რომელიც მას აკვირდებოდა.
“მითხრეს ჩხრეკაზე ვართო. თქვენი მეუღლე დავაპატიმრეთო. გაოგნებული დავრჩი, რეაქცია მქონდა ალბათ არაადეკვატური, რისი გულისთვის [დააპატიმრეს] არ ვიცი. ჩხრეკა რომ ჩატარდა, რა უნდა ეპოვათ, არ ვიცი და მე ვუთხარი, ჩემი მეუღლე ცნობილი თამადაა და თუ გინდათ ჩადით სოფელში ნაირნაირი სასმისები მაქვს და ჩემი შვილის პლასტმასის პისტოლეტები, რაც გინდათ, ნახეთ-მეთქი. მე ვუთხარი, აღარ ღირს ჩემს ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ სად გინდა წახვიდე, ყველანი ხომ არ წავალთ ამ ქვეყნიდან-მეთქი და თქვენ მშვიდად უნდა იყოთ და არ გექნებათ პრობლემებიო, ასე ბრძანა ერთ-ერთმა უფროსმა, ვინც იყო.
რაც შეეხება თვალთვალს, როგორც კი დასრულდა ჩხრეკა, მეორე დღეს დილას უკვე შევატყვე და შევამჩნიე რამდენიმე პიროვნება, მესამე დღეს კიდევ უფრო მეტი, ლამის 7-8 კაცი, ჯიპი იდგა. არ ვიცი ძალით თუ არა, მაგრამ ისე იქცეოდნენ, რომ უნდა მიმხვდარიყავი. ჩემი მეუღლის მანქანასთან სულ მანქანა იდგა და რომ გამოვივლიდი, სულ მიყურებდნენ, ვატყობდი”- თქვა მან.
ვეფხია კასრაძის ცოლი ჩხრეკასა და თვალთვალს მის საქმიანობას უკავშირებს. ის არჩევნებზე დამკვირვებლად მუშაობდა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დარღვევებზე აწვდიდა ინფორმაციას.
“დამკვირვებელი ვიყავი და როდესაც მოდიოდნენ ამერიკიდან. ბრიუსელიდან, პოლონეთიდან – მე ყველასთან ვითანამშრომლე, გადავეცი ინფორმაცია, რა ხდებოდა და არ სიამოვნებდათ, რამდენს ლაპარაკობ, გაგაძევებთო… ჩემი ტელეფონი, ჩემი ლეპტოპი წაიღეს და ჩემი მეუღლის თუ უნდოდათ რამე, სოფელში უნდა წასულიყვნენ და იქ ერთი ლეპტოპი გვაქვს, და ფილმებს უყურებდა ხოლმე, დიდად არ ხმარობს. ამიტომ, მგონი, უფრო მე მიკავშირდებოდა ეს სიტუაცია, ვიდრე ჩემს მეუღლეს”- აცხადებს კასრაძის მეუღლე.
ძლიერი საქართველოს წევრი ვეფხია კასრაძეს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის აქვს ბრალი წარდგენილი. მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მან გუშინ უვადო შიმშილობა გამოაცხადა.