გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ოკმელაშვილის ადვოკატის, ჯუმბერ ქათამაძის თქმით, მოსამართლემ პატიმრობის შეფარდების ერთ-ერთ არგუმენტად გაქარწყლებული ნასამართლეობა გამოიყენა.
“წარმოდგენილი იყო აბსოლუტურად შაბლონური შუამდგომლობა, ვერავითარუ არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, რატომ უნდა გამოყენებულიყო პატიმრობა. მოვიამინეთ მხოლოდ თეორიული მტკიცებულება. მოსამართლემ გაქარწყლებულ ნასამართლეობაზე იმსჯელა. თქვა, რომ ეს კი არ არის რაიმე კავშირში, მაგრამ პატიმრობას მაინც ამის გამო გამოვიყენებო” – თქვა ადვოკატმა.
შსს-მ თბილისში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული გიორგი ოკმელაშვილი დააკავა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ო.-მ 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, შსს-ს თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, დაკავებულმა იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა”. – წერია შსს-ს განცხადებაში.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დღეს, 15 მაისს სარეკლამო კომპანია ლიმონში შსს და საგადასახადო სამსახური შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. ამ კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სწორედ გიორგი ოკმელაშვილია.
აღსანიშნია, რომ ჩხრეკას ადვოკატი არ დაესწრო.