პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოს ეწვევა. მისი თქმით, ო ‘ბრაიენთან შეხვედრა უკვე დადასტურებული აქვს მასაც და შალვა პაპუაშვილსაც.
“თემატიკაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, რაც შეეხება შეხვედრას, მე დადასტურებული მაქვს უკვე მასთან შეხვედრა რამდენიმე დღეში, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესაც. ვიზიტი არის შეთანხმებული და შეხვედრებიც არის დადასტურებული” – ამბობს კობახიძე.
კითხვაზე, რას ეხება ვიზიტი, პრემიერი პასუხობს – “ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, უკავშირდება ამ კანონპროექტის განხილვას, დანარჩენი არ ვიცი”.
დამაზუსტებელ კითხვაზე, შეეხება თუ არა საუბარი სავარაუდო სანქციებსაც, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ ჰგონია.
“მე არ მგონია, რომ.. არ ვიცი, არ შეესაბამება ასეთი რამ პარტნიორულ ურთიერთობებს, ნამდვილად არ შეესაბამება, მაგრამ ზოგადად სანქციები არ არის ის, რაც შეიძლება გამოდგეს შანტაჟისთვის ხელისუფლების და ხალხის წინააღმდეგ.
დე ფაქტო სანქცია ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მიმართ უკვე მოქმედებს, მაგრამ ვერავითარი გავლენა მოახდინა ამ სანქციამ მისი მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე, მან პრინციპული პოზიცია დაიკავა ყოველ ჯერზე, როცა ეს უკავშირდებოდა ქვეყნის ინტერესებს” – თქვა პრემიერმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ‘ბრაიენი საქართველოში ორშაბათს, 13 მაისს, ღამით ჩამოვა და შეხვედრებს სამშაბათს გამართავს.
რუსულ კანონს იურიდიული კომიტეტი მესამე მოსმენით სწორედ 13 მაისს განიხილავს, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე გავა.