წერილობითი განცხადება, რომელიც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციასთან“ დაკავშირებით “სათანადო მინიშნებას“ შეიცავს, მონიტორინგის საფუძველი შეიძლება გახდეს – შესწავლის უფლებამოსილება იუსტიციის სამინისტროს ექნება

იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად“ ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
ამას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
პროექტი თავისი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შემდგომ “ჩაგდებული“ პროექტის ანალოგიურია.
აღნიშნული პროექტით მონიტორინგის წესი შემოდის – მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და ასევე, იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“.
მონიტორინგის განხორციელების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება ექნება, კანონის შესაბამისად საჭირო ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემი მოიძიოს. ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება მხოლოდ 6 თვეში ერთხელ იქნება დასაშვები.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.
პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.
ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.
“უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: – იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში – 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარი.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ამჯერად საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების“ სახელითა და ავტორობით დაინიცირდა.