“შინაარსში რომ შევიდეთ, ამ კანონის ყველაზე საშიში მუხლი არის “მუხლი 8 – მონიტორინგი””

“მათთვის, ვისაც ბოლომდე არ ესმის ამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის შინაარსი, მინდა ადამიანურ ენაზე ავხსნა რატომ არის საშიში ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის.
ვისაც უნდა კანონის წაკითხვა, ეს არის ბმული პარლამენტის საიტზე (pdf): https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/361221
შინაარსში რომ შევიდეთ, ამ კანონის ყველაზე საშიში მუხლი არის “მუხლი 8 – მონიტორინგი”. ეს მუხლი ამბობს, რომ სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ კერძო კომპანიაში შევიდეს და ამოიღოს კომპანიის სრული ინფორმაცია, დალუქოს და წაიღოს კომპიუტერები, ტელეფონები, ნებისმიერი სხვა ტექნიკა და ამით გააჩეროს კომპანიის საქმიანობა განუსაზღვრელი ვადით (მუხლი 8, პუნქტი 3).
და რაც მთავარია, ამის გაკეთება შეუძლია იუსტიციის სამინისტროში შესული ანონიმური წერილის საფუძველზე (მუხლი 8, პუნქი 2, ქვეპუნქტი ბ).
ანუ გამოდის, რომ სახელმწიფოს შეუძლია სრულიად უსაფუძვლოდ (ვინმეს “ანონიმკის” საფუძველზე, რომელსაც თვითონაც უპრობლემოდ დაწერენ) შევიდეს ნებისმიერ კერძო კომპანიაში/NGO-ში და გააჩეროს მისი მუშაობა განუსაზღვრელი ვადით (!). ეს რა თქმა უნდა წარმოუდგენელი რამაა დემოკრატიულ ქვეყანაში.
რაც არ უნდა ამტკიცოს ხელისუფლებამ, რომ ეს კანონი არ არის რუსულიო, არცერთ ქვეყანაში არ არის მსგავსი კანონი გარდა სა, ბელორუსიისა და რამდენიმე მსგავსი ტოტალიტარული ქვეყნისა.
მიზეზი, თუ რატომ ცდილობენ ასე მონდომებით ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღებას, არის არჩევნებისთვის მზადება, რათა შემდეგ დახურონ საერთაშორისო დამკვირვებლები, დახურონ ოპოზიციური მედია და მშვიდად გააყალბონ არჩევნები. არჩევნების გაყალბება კი ნამდვილად დასჭირდებათ, რადგან, წინა არჩევნებში ქართულმა ოცნებამ აიღო 46% და მხოლოდ დამატებული 30 მაჟორიტარით შეძლო პარლამენტში უმრავლესობით მოსვლა. ამ არჩევნებზე მაჟორიტარები გაუქმებულია (სრულიად პროპორციულად ტარდება) და გამოდის, რომ ოცნებას გაყალბების გარეშე უმრავლესობაში დარჩენის შანსი პრაქტიკულად არ აქვს. როგორც ჩანს ცდილობენ ქვეყნის ევროპული მომავალი გადააყოლონ თავიანთ ხელისუფლებაში ყოფნას, სამწუხაროდ,” – წერს სოციალურ ქსელში ილიას უნივერსიტეტის პროგრამისტი, ავთანდილ კიკაბიძე.