„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა რას ნიშნავს არ მკითხოთ, არ ვიცი“ – სალომე ზურაბიშვილი

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა რას ნიშნავს, არ მკითხოთ, არ ვიცი“, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას Chatham House-ის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა. პრეზიდენტმა საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე, მათ შორის ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში დასავლელი პარტნიორების ჩართულობა უფრო მნიშვნელოვანია.
„ჩინეთი საქართველოში საკუთარ პოზიციებს უფრო და უფრო ააქტიურებს, ეს პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ახლა „სტრატეგიული პარტნიორობაც” გვაქვს მათთან. რას ნიშნავს ეს, არ ვიცი, არ მკითხოთ.
გუშინ ჩინეთში უვიზო რეჟიმის წყალობაც მოვიპოვეთ. ამის მიღმა, ჩინეთი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რადგან მათი სერვისები იაფია, არ ითვალისწინებენ კანონმდებლობასა და შრომის უფლებებს, ასევე იმიტომ, რომ ამ სფეროში ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობა ნაკლებია. თუმცა, ალბათ, მათი ჩართულობა უფრო მეტადაა საჭირო, განსაკუთრებით უფრო დიდ პროექტებში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი ხაზი გაუსვა ანაკლიის პროექტის მნიშვნელობას. მისი თქმით, სტრატეგიული ინვესტიციები ამ პროექტში შავ ზღვაზე ს დომინაციის პრევენციასაც უზრუნველყოფს.
„ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოება ის საკითხია, რომელიც, ვფიქრობ, ყველას უნდა გვაღელვებდეს. შავი ზღვის ქართული სანაპირო კი ცენტრალური რგოლია იმისთვის, რომ რუსეთს შავ ზღვაში მიმდინარე პროცესებზე, იქნება ეს თანამშრომლობა თუ ვაჭრობა, ექსკლუზივი არ ჰქონდეს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით საჯარო ინვესტიციები, იქნება ეს გზების თუ რკინიგზის განვითარებისკენ მიმართული, “სტრატეგიულ ინვესტიციად” განვიხილოთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.