წელს, საქართველოში 10 ელექტროდამტენს დავამონტაჟებთ – Solar Auto

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი იზრდება, მაგრამ ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურა, გარკვეულწილად, კვლავაც გამოწვევად რჩება. ქვეყანაში დღეს 400-მდე ელექტროდამტენს ვხვდებით, რომელთა ნაწილი კერძო კომპანიების, ნაწილი კი – თბილისის მერიის დამონტაჟებულია. ტენდენციას Solar Auto-ც უერთდება – კომპანია, რომელიც საქართველოში ჩინური საავტომობილო ბრენდის, BYD-ის ელექტრომობილებს ყიდის. კომპანიის დამფუძნებლის, ტატო მიროტაძის განმარტებით, მიმდინარე წელს, Solar Auto საქართველოში ათ სწრაფ ელექტროდამტენს დაამონტაჟებს, რომელთა გამოყენებას Solar Auto-ს მომხმარებლები გარკვეული შეღავათებით შეძლებენ.
“ელექტრომობილების კუთხით, ბოლო პერიოდში, საქართველოში დადებითი ტენდენცია ფიქსირდება და ველოდებით, რომ მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. ელექტროდამტენების კუთხით, საქართველოში რამდენიმე კომპანია ოპერირებს და პროცესში თავად მუნიციპალიტეტიც არის ჩართული. წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით სწრაფი დამტენების მოწყობას ვგეგმავთ, რათა მომხმარებელს შორ დისტანციაზე გადაადგილება გავუმარტივოთ. BYD-ის ავტომობილები დიდი გასავლელი მანძილით გამოირჩევიან, მაგრამ მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის სწრაფი დამტენების ინფრასტრუქტურის განვითარება არის აუცილებელი. წლის განმავლობაში, საქალაქთაშორისო გზებზე ათი ელექტროდამტენის დამონტაჟებას და ჩვენი მომხმარებლებისთვის დამატებითი შეღავათების შეთავაზებას ვგეგმავთ”, – აღნიშნა ტატო მიროტაძემ “საქმიან დილაში”.
ელექტრომობილის ყოლისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ელექტროდამტენების, ასევე გამართული სერვისცენტრების აუცილებლობა, რადგან ტექნოლოგია, რომელსაც ელექტრომობილების მწარმოებლები იყენებენ, ხშირ შემთხვევაში, განსხვავდება იმ მიდგომებისგან, რომლებიც შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების კუთხით არსებობს. როგორც ტატო მიროტაძემ “საქმიან დილაში” განაცხადა, Solar Auto მომხმარებლებს BYD-ის ელექტრომობილებზე საგარანტიო მომსახურებას სთავაზობს, რომელიც ბატარეაზე, ელექტროძრავზე და მასთან დაკავშირებულ ნაწილებზე ვრცელდება.
“Solar Auto-ში საგარანტიო მომსახურება ბატარეაზე, ელექტროძრავზე და მასთან დაკავშირებულ ნაწილებზე ვრცელდება. თავად ბატარეას ქარხნული გარანტიაც აქვს, რომელიც სრული ციკლის 5,000 დამუხტვაზე ვრცელდება, რაც დაახლოებით ორი მილიონი კილომეტრის გარბენს უდრის. BYD-ის მთავარი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ ეს კომპანია ძალიან ხარისხიან ბატარეებს აწარმოებს. საგარანტიო სერვისის კუთხით, სადაზღვევო კომპანიებთანაც ვთანამშრომლობთ, ხოლო ჩვენმა თანამშრომლებმა, ახლახან, ჩინეთში ინტენსიური გადამზადების კურსი გაიარეს.
ელექტრომობილის ღირებულების 30-40% ბატარეაზე მოდის, ანუ რაც უფრო ხარისხიანი და ეფექტიანი იქნება ბატარეა, მით უფრო მოთხოვნადი იქნება ეს ავტომობილი. BYD-ის მთავარი უპირატესობა, სწორედ – ბატარეაა, რომელიც ახალი ტექნოლოგიით არის შექმნილი, რაც უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს და უფრო დიდ გასავლელ მანძილს განაპირობებს. ამასთან, BYD-ის ვერტიკალური წარმოება იმგვარად არის მოწყობილი, რომ ავტომობილის 85%-ს თავად კომპანია აწარმოებს, ანუ ფასსა და ხარისხს ის თავად აკონტროლებს. ამ მხრივ, BYD უკონკურენტოა”, – აღნიშნა ტატო მიროტაძემ “საქმიან დილაში”.
ჩინური BYD, როგორც ცნობილია, ავტომობილების მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $80 მილიარდს აღემატება. ამ მაჩვენებლით, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგში ჩინური კომპანია მე-5 ადგილს იკავებს. BYD სხვადასხვა ტიპის ავტომობილებს აწარმოებს, ხოლო კომპანიის სამოდელო ხაზი $10,000-იანი ჰეჩბეკით, BYD Seagull-ით იწყება და $233,000-იანი სუპერქარით, BYD U9-თ მთავრდება. ჩინური კომპანიის აქციონერებს შორის უორენ ბაფეტის საერთაშორისო კონსორციუმს, Berkshire Hathaway-ის ვხვდებით.

ასევე დაგაინტერესებთ