შალვა პაპუაშვილი – გასულ წელს, კანონპროექტის გაწვევის მთავარი მიზეზი იყო შეთანხმება, დაფინანსების გასაჯაროებაზე – ვცადეთ, ნებაყოფლობით საფუძველზე დონორ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, თუმცა, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, მდგომარეობა გაუარესდა

გასულ წელს აღნიშნული კანონპროექტის გაწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იმაზე შეთანხმება და იმის გააზრება, რომ ქართული და უცხოური ორგანიზაციები პროაქტიულად გაასაჯაროებდნენ ინფორმაციას თავიანთ დაფინანსებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიქაელ ო'ფლაჰერთის საპასუხო წერილში წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მათი მცდელობის მიუხედავად, რომ დონორებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს პროაქტიულად გაესაჯაროებინათ ინფორმაცია თავიანთი დაფინანსების შესახებ, უშედეგოდ დასრულდა, რამაც კანონის ინიცირება გამოიწვია.
„ვცადეთ, ნებაყოფლობით საფუძველზე მთავარ დონორ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, თუმცა, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, მდგომარეობა გაუარესდა. საქართველოში სამწუხარო რეალობაა, რომ ზოგიერთი არაკომერციული ორგანიზაცია აგრძელებს გამჭვირვალობის მოთხოვნებისთვის გვერდის ავლას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების პროცესებზე ფარულ ზეგავლენას.
ჩვენ ღია ვართ ინკლუზიური და არსებითი დისკუსიებისთვის, რა დროსაც შეგვეძლება არგუმენტებიდან ღირებული დასკვნების გამოტანა და არა უსაგნო იარლიყების სროლა. აგრეთვე, გარწმუნებთ, საკანონმდებლო პროცესი რამდენიმე კვირის მანძილზე ჩვეულებრივი პროცედურით წარიმართება. უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ კანონის კონკრეტული შინაარსი საპარლამენტო დისკუსიების საფუძველზე გამოიკვეთოს.
საჯარო პოლიტიკის წარმოებაში ჩართული ორგანიზაციების გამჭვირვალობა ყოველთვის კარგია. იგი მხოლოდ განამტკიცებს საქართველოს დემოკრატიულ ფუნდამენტს. აღნიშნული კანონპროექტი არათუ უბრალოდ სასურველი, არამედ აუცილებელია გამჭვირვალობის და ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების პროცესების ღიაობის გაზრდისთვის,- წერს შალვა პაპუაშვილი.