შალვა პაპუაშვილი – აღარ გამოუვათ, გამჭვირვალობის კანონპროექტი ბნელი მეთოდებით ისე დაბრენდონ, რომ შინაარსზე არ ისაუბრონ

აღარ გამოუვათ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ბნელი მეთოდებით ისე დაბრენდონ, რომ შინაარსზე არ ისაუბრონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, კანონის მოწინააღმდეგეებს ექნებათ შესაძლებლობა შემოვიდნენ დისკუსიაში და თქვან, თუ რა არის მათთვის კანონპროექტში მიუღებელი.
„განხილვა იქნება ჩვეულებრივ ტემპში. იქნება სამი მოსმენა კომიტეტზეც, პლენარულ სხდომაზეც. მოვიდნენ და თქვან, რა აქვთ ამის საწინააღმდეგო. რა არის იმის საწინააღმდეგო, რომ ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკის ჩამოყალიბებაში და ფინანსდებიან უცხოეთიდან, მათ საზოგადოებას უთხრან, ვისგან ფინანსდებიან, რა თანხით და რა მიზნებით. ამიტომ, თუკი რამე სათქმელი აქვთ, შემოვიდნენ დისკუსიაში და თქვან, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ არაფერი აქვთ სათქმელი. ხედავთ ისტერიის მცდელობას, მაგრამ საზოგადოებამ ეს კარგად იცის და თავს არ მოატყუებინებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.