სამხრეთ კორეის დაზვერვამ კიმ ჩენ ინის შესაძლო მემკვიდრედ მისი ქალიშვილი პირველად დაასახელა

კიმ ჩენ ინის მემკვიდრედ მის ქალიშვილს, კიმ ჩჟუ-ეს ამზადებენ. ამას სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის დირექტორობის კანდიდატი, ჩო ტხე-იონი პროგნოზირებს, რასაც სააგენტო Yonhap ავრცელებს.

საპარლამენტო მოსმენების ფარგლებში, რომელიც მისი დანიშვნის საკითხზე გაიმართა, ჩო ტხე-იონმა რამდენიმე კითხვას წერილობით უპასუხა.

„კიმ ჩჟუ-ეს საჯარო გამოჩენისა და საჯარო ღონისძიებებზე მისდამი გამოხატული პატივისცემის დონის ანალიზის საფუძველზე, ის, როგორც ჩანს, ყველაზე სავარაუდო მემკვიდრეა,” – აცხადებს ჩო ტხე-იონი.

Yonhap წერს, რომ კიმ ჩჟუ-ეს როლს ასეთი სახით სამხრეთ კორეის დაზვერვა პირველად აფასებს. მანამდე ეროვნული დაზვერვის სამსახური კიმ ჩენ ინის ქალიშვილის მემკვიდრეობის საკითხს ნაადრევ დასკვნად მიიჩნევდა.

ამასთან, ჩო ტხე-იონმა დასძინა, რომ დაზვერვა სხვა ვარიანტსაც არ გამორიცხავს, რადგან ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ჯანმრთელია.

Yonhap-ის ინფორმაციით, კიმ ჩჟუ-ე 2013 წელს დაიბადა. ის პირველად საჯაროდ 2022 წლის 18 ნოემბერს გამოჩნდა, როცა მამამისთან ერთად ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის, Hwasong-17-ის გამოცდას დაესწრო. ჩრდილოკორეული მედია მას „საყვარელ“ და „პატივცემულ ქალიშვილს“ უწოდებს.

სამხრეთ კორეის დაზვერვის თანახმად, კიმ ჩენ ინს კიდევ ერთი შვილი ჰყავს, რომლის სქესი უცნობია. მანამდე სეულში აცხადებდნენ, რომ ჩრდილოკორეის ლიდერს სამი შვილი ჰყავს. მათ შორის უფროსი არის ვაჟი, შემდეგ მოდის ქალიშვილი, კიმ ჩჟუ-ე, ხოლო მესამე შვილის ვინაობა და სქესი უცნობია.