ვინაიდან..
… დღევანდელი მსოფლიო თავისი მოცემულობით უკვე შემდგარი მრავალპოლუსიანობაა, გასაკვირი როდია, რომ ქვეყნები თავიანთი გზის გაკაფვას სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით ცდილობენ. პოლუსების მრავალფეროვნებაში კი – სადაც სხვადასხვა დომინაციისა თუ სტრუქტურირების “წესრიგი“ აღმოცენდა – საშუალო თუ კომპაქტური ქვეყნისათვის განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს უნარი საკუთარი სარგებლის გამოვაჭრებისა, ისევე როგორც დაპირისპირებულ ინტერესთა ფონზე თავისი ინტერესების რაციონალური გასაშუალოებისა.
ეს ტენდენცია საგრძნობლად გამოიკვეთა იმ ქვეყნების მაგალითზე, რომლებიც – წარსულში გარკვეული მოსაზრებებით – ყველა “გეოპოლიტიკურ კვერცხს“ ერთ კალათაში ათავსებდნენ. ეს განსაკუთრებით, ამა თუ იმ ჰეგემონის საფარქვეშ ყოფნას და, შედეგად, მაქსიმალური სარგებლის ავტომატური (by default) წესით მიღებას უკავშირდებოდა. დღეს რეალობა დიდწილად შეიცვალა და, შესაბამისად, საგარეო-პოლიტიკური ნავიგაციის წესებიც ჩვენ თვალწინ იცვლება. ასეთი ცვლილებების ერთ-ერთი რეზულტატი ახალი გეოპოლიტიკური სივრცეების ფორმირებაა, რომლის კონკრეტულ მაგალითად, განსაზღვრული პირობების შემთხვევაში, შესაძლოა, სამხრეთ კავკასიური გეოსტრატაც იქცეს. აქვე დავძენ, რომ ამგვარი ფორმაციები თანამედროვე მსოფლიოში ე.წ. “ცვლადი გეომეტრიის“ პრინციპს პასუხობს, სადაც კონკრეტული კოალიცია თუ კავშირი ასევე კონკრეტული საკითხების, ინტერესების და დღის წესრიგის ირგვლივ იკვრება.
“პატრონის” არჩევა?
მესმის, რომ მეტად ხისტად, მიუღებლად და უსიამოვნოდ წამოჭრილი შეკითხვაა. ამიტომაც, საჭიროდ ჩავთვალე ერთგვარი “მოთელვა“, რასაც პირველი წერილი სრულად და მეორე წერილის შესავალი დაუთმე.
ნებისმიერ შემთხვევაში, შეკითხვის სწორედ რომ ასე ფორმულირება და მასზე პასუხის გაცემა აუცილებლად მიმაჩნია იმ მანიპულაციურ-“ძელეცური“ პოლიტიკის პირობებში, რისი მოწმენიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ვართ.
არ ვიცი, სიტყვა “პატრონს“ ვინ, როგორ და რა მიზნით განმარტავს, მაგრამ, ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ საქართველოს შემთხვევაში მარტოდ და ეულად ყოფნა არა თუ შეუძლებელი, არამედ მისი უპერსპექტივობისთვის (მიზანმიმართული?) გაწირვაა. შესაბამისად, ჩვენ დიდი სისტემის – დასავლური პოლიტიკური ერთობის – ნაწილი, მასთან შეკავშირებული უნდა ვიყოთ. მათ გასაგონად, ვინც “შეკავშირებას“ შეგნებულად, ვიწროპარტიული მოხმარების მიზნით “დამორჩილებასა“ თუ “დაქვემდებარებაში“ ურევს: აღნიშნულ დიდ სისტემასთან საქართველოს შეკავშირება, მის ორგანულ პოლიტიკურ ნაწილად დამკვიდრება უდრის ჩვენი ქვეყნის “ნიშური“ მდგომარეობის გაბევრებას, ჩვენს რესურსებთან შედარებით გაცილებით დიდ ბერკეტად ქცევას.
ამასთანავე, დიდ სისტემასთან შეკავშირება არ არის ავტომატური ან ხასიათზე დამოკიდებული გადაწყვეტილება. ეს რთული პროცესის შემაჯამებელი არჩევანია, როდესაც ერთ-ერთი მთავარი კითხვა უსაფრთხოების გარემოს სწორ შეფასებაშია. შესაბამისად, ეს, ასევე, განსაკუთრებით აქტუალურია რეგიონში ჩვენ ირგვლივ არსებული რისკების სამართავად და ქმედითი საპირწონეების შესაქმნელად.
ქუჩის მოძრაობის ორმხრივობაზე:
მეჩვენება, რომ დღიდან საბჭოთა კავშირის დაშლისა, დასავლეთი ერთობ “სანახევრო“ მდგომარეობაშია საქართველოსთან მიმართებით (უკრაინა და მოლდოვა დღესდღეობით შედარებით სხვა ქეისია და ჩვენთან ერთად განზოგადოებულ შეფასებას სრულად და უპირობოდ არ ექვემდებარება). მესმის, რომ საკამათოა, რასაც აქ ვამბობ, თუმცა განვმეორდები: დროა, პოლიტიკური დასავლეთი “კომფორტის ზონიდან“ სრულად გავიდეს და დროსა და მოქმედებებში ბევრად უფრო გაბედული გახდეს გეოპოლიტიკურად ჯერ კიდევ “დამოკიდებულ“ ქვეყნებთან მიმართებით.
ასეთი “სანახევრო“ სტატუს-კვო იმავე სსრკ-ს დასკვნითი დროიდან მომდინარე ინერციაა. აქ უნდა გავიხსენოთ თუნდაც ის, თუ როგორ აღიქმებოდა, ჯერ ყოფილ რესპუბლიკებში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობები, ხოლო მერე უკვე, საბჭოთა კავშირის ფორმალური დასრულების შემდეგ რუსეთის “განსაკუთრებული ინტერესები“ ე.წ. ახლო სამეზობლოზე“. რუსეთის როლიც (გაცხადებულად და განუცხადებლად) პოსტ-საბჭოური მემკვიდრეობის უკეთ ცოდნითა და იქაურ ხლართებსა თუ ლაბირინთებში “მედიაციის“ უნარით აიხსნებოდა. შედეგი – საქართველოსა და სხვა პრო-დასავლური ორიენტაციის ქვეყნებზე რუსეთის მიერ “წესრიგის“ უზრუნველმყოფი ქოლგის არაფორმალური აღიარება. შესაბამისად, მეტად საფუძვლიანი გახდა დასავლური გეოპოლიტიკური ხაზის კრიტიკაც მისი ბუნდოვანობის (ზოგიერთი წრის მიხედვით კი მისი “ორმაგი სტანდარტების“) გამო. აქ მარტო იმის გახსენება რად კმარა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ჯერ “გადატვირთვის პოლიტიკა“ დააანონსა, ხოლო 2010 წელს ევროატლანტიკურმა ალიანსმა იმავე რუსეთს “სტრატეგიული პარტნიორი“ უწოდა. ასევე ცივ გონებაზე, ყოველგვარი ეპატაჟის გარეშე, ანალიზის საგანია დასავლური რეაგირების ეფექტიანობა 2024 წლის ნოემბრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
არადა, დემოკრატიზაციისა და ვესტერნიზაციის პროცესი იმავე საქართველოში უფრო მტკიცე – და შეუქცევადი იქნებოდა! – ასევე მტკიცე და შეუქცევადი გასული წლების მანძილზე დასავლეთი რომ ყოფილიყო ერთ უმთავრეს საკითხში: პოსტ-საბჭოურ სივრცეში დომინანტის როლის დამკვიდრებასა და შესატყვისი ქვეყნებისათვის რეალური საქმით – და არა ფერადი სიტყვით – უსაფრთხოების მექანიზმების შეთავაზებაში. დაიკარგა დრო და წლები, გაიფლანგა ძვირფასი პოლიტიკური ნება და რესურსი. შეირყა ის ნდობა, რამაც ამ ქვეყნების საშინაო პროცესებში ჰიბრიდული ჩარევისათვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა. ეს ისე: მედლის ორივე მხარის დასანახად..
დღესდღეობით კი..
…აღნიშნულ სივრცეში გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის ახალი ეტაპი დაიწყო. ასეთი ტრანსფორმაციაც ამ სივრცეში არახალია და ისტორიას არაერთი დიდი, საშუალო თუ “მცირე” დაპირისპირება ახსოვს. თუმცა, თანამედროვე ეტაპი თუნდაც იმ ნიშნით არის გამორჩეული, რომ ტრადიციულ აქტორებთან ერთად ინტერესს აწ უკვე არატრადიციული აქტორებიც ავლენენ. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოსარჩევია სამხრეთ კავკასიის დიდი რეგიონი, სადაც განსხვავებული გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ გავლენათა მსხვილი შრეები წარმოიქმნა. გარკვეული ურთიერთმონაცვლეობითა და ურთიერთჩანაცვლებით – ისევე როგორც განსხვავებული დოზითა და ხარისხით – ამ შედარებით ვიწრო სივრცობრივ არეალში სულ მცირე თურქეთის, რუსეთის, აშშ-ს, სპარსეთის ყურის ქვეყნების, ისრაელის, ინდოეთის, ჩინეთისა და პაკისტანის “ხელი“ იკითხება.
ასეთ სიჭრელესა და ასინქრონიზმში ჩვენთვის პრაქტიკულ დატვირთვას იძენს ორი ძირითადი კითხვა:
რომელ გარეშე მოთამაშეს შეუძლია რეალურად სტაბილური და სამართლიანი წესრიგის ჩამოსაყალიბებლად წონადი ფუნქციის შესრულება?
და,
რამდენად შეგვიძლია ჩვენ – საქართველოს – ასეთი წესრიგის ჩამოყალიბებაში ჩვენი თანამონაწილეობით ჩვენივე ფუნქციის საკუთარ თავზე აღება?
ამ “სპეციალურ საკითხებზე“ მომდევნო წერილში ვისაუბრებ.
პს: პირველი წერილი იხილეთ ბმულზე.