რა გაყიდა და რა იყიდა წელს საქართველომ რუსეთისგან

საქსტატმა 2024 წლის პირველი კვარტალის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპორტმა 1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით ნაკლებია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, თურქეთის შემდეგ საქართველოს რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 619 მილიონი დოლარი იყო. მათ შორის საქართველოს ექსპორტი რუსეთში $161 მილიონს შეადგენდა (კლება 9%), ხოლო იმპორტი $458 მილიონი იყო (კლება წინა წელთან 7%).

სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველოდან რუსეთში შემდეგი დასახელების საქონელი გავიდა (ტოპ 5):

  1. ღვინოები – 65 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 71%;
  2. სპირტიანი სასმელები – 27 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 107%;
  3. მინერალური და მტკნარი წყლები – 19 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 16%;
  4. გაზიანი შაქრიანი სასმელები – 13 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 30%;
  5. ციტრუსი – 7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 250%.

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული საქონელი 2024 წლის პირველ სამ თვეში:

  1. ნავთობპროდუქტები – 137 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 19%;
  2. ბუნებრივი აირი – 91 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 21%;
  3. ფოლადის არმატურა – 18 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 96%;
  4. ხორბალი – 15 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 21%;
  5. მინის ბოთლები და ბოცები – 10.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 1%.