“რაღაც პერიოდი ასე გავატარე და მაშინ ვკითხე ჩემს თავს, რისი გაკეთება შემეძლო” – სტეფანე მღებრიშვილის აქამდე უცნობი ამბები – Marao

სტეფანე მღებრიშვილი უკვე 20 წელზე მეტია, რაც ქართველი მსმენელისთვის საყვარელი მუსიკოსია. როგორც თავად ამბობს, მისი კარიერული წინსვლა 1998 წიდან იწყება. სტეფანე არის ქართველი მომღერალი, სიმღერების ავტორი და ჯგუფ Stephane & 3G-ის წევრი.
დაიბადა თბილისში 1979 წლის 3 აგვისტოს. ამბობს, რომ ჯარში წასვლა უწევდა და იძულებული გახდა, უნივერსიტეტში ჩაებარებინა. აირჩია ისტორიის ფაკულტეტი, სადაც 3 კურსის მანძილზე წარცინებით სწავლობდა, თუმცა შემდეგ გაიზარა, რომ ამ პროფესიის პერსპექტივა მისთვის მომხიბვლელი არ იყო და უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანება.
სტეფანეს ყველა დროის ყველაზე ცნობილი ჰიტი “ხელებია”. ამ სიმღერის მელოდია და სიტყვები, ალბათ, არაერთი თაობის წარმომადგენელმა იცის ზეპირად. როგორც თავად სტეფანე ამბობს, ამ სიმღერის შთაგონება მისი და მაია დარსმელიძის ურთიერთობა იყო.
სტეფანე მღებრიშვილი და მაია დარსმელიძე პირადი ცხოვრების შესახებ იშვიათად საუბრობენ, თუმცა ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ერთმანეთის დიდი მეგობრები არიან. კრიზისული პერიოდები მათ ურთიერთობაშიც იყო და ამაზე სტეფანემ რამდენიმე წლის წინ “The Talk შოუში” ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი წამყვანი თავადაც იყო.
“ჩემს შემთხვევაში იყო ასეთი სიტუაცია, რომ მე და მაიამ ამოვწურეთ ერთმანეთი. უბრალოდ ვამძიმებდით ერთმანეთს. არანაირი ღალატი არ ყოფილა ჩვენ შორის. რაღაც პერიოდი გადავწყვიტეთ, რომ ცალ-ცალკე ვყოფილიყავით. მერე ამან იმოქმედა ბავშვზე, 5 წლის იყო დაახლოებით ფანი, შეიძლება ცოტა მეტის.
გავიდა ძალიან ბევრი წელი და შევძელით ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, როგორც მშობლებმა. ყველას აინტერესებს – „რას აკეთებენ, როგორ არიან, რანაირად არიან“, უბრალოდ, არ ვსაუბრობთ ამაზე, იმიტომ რომ ხვალ არ ვიცით, რა იქნება. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ამდენი წლის მერე ერთად ვართ და ძალიან კარგად ვცხოვრობთ”, – ამბობდა სტეფანე.
სტეფანესა და მაიას, გარდა შვილისა, საერტო საქმეც აკავშირებთ. სულ ცოტა ხნის წინ მაიას ახალი სიმღერისა და მუსიკალური კლიპის პრემიერა შედგა, რომლის პროდიუსერი სწორედ სტეფანეა.
სტეფანე მღებრიშვილი საკუთარ თავს სპონტანურ ადამიანად ახასიათებს. ამბობს, რომ ცხოვრებაში მოულოდნელი გადაწყვეტილებები ხშირად მიუღია. დავით გორგილაძის საავტორო გადაცემაში მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ იყიდა”მერსედესის” ბოლო მოდელი და შემდეგ კომუნალური გადასახადის გადახდას ვეღარ ახერხებდა:
“ეს იყო 2015 წელი, როცა მომიწია დანაზოგით ცხოვრება და ეს დანაზოგი იყო ძალიან ცოტა. ბოლოს იმ ზომამდე ვიყავი, რომ დენის ფულს ჩემი და მიხდიდა. ეს კი იმიტომ, რომ მანამდე, როცა რაღაც ფული მქონდა, “მერსედესის” ცენტრში წავედი და ბოლო მოდელი ვიყიდე.
ერთი დღე იყო, როცა ზუსტად 20 ლარი მქონდა. სტეფანიამ რაღაცის ყიდვა მთხოვა, იმ მომენტში მივხვდი, რომ მანქანაში ბენზინი აღარ მქონდა. ეს შემთხვევა იყო, როცა გავიაზრე, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. გავყიდე ჩემი მანქანა, მაიას ჰქონდა სახლი, გავარემონტეთ და გავაქირავეთ. იქ ვმუშაობდი, ვხვდებოდი სტუმრებს, ჩემოდნები მიმქონდა, რაღაც პერიოდი ასე გავატარე და მაშინ ვკითხე ჩემს თავს, რისი გაკეთება შემეძლო. მივხვდი, რომ რითაც დავიწყე, ის უნდა გამეგრძელებინა, მუსიკის კეთება დავიწყე და, იმედია, აღარ გავჩერდები არასდროს”, – იხსენებს სტეფანე მღებრიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ